ტერენტობა და Bloomsday, ანუ რა განსხვავებაა წალენჯიხასა და საუდის არაბეთს შორის

2014.10.15 ავტორი: ეკატერინე ლემონჯავას ბლოგი

წალენჯიხის ცენტრში ადგილობრივი მხატვრების რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი, ასევე რომელიღაც სასწავლებლის თექით შესრულებული  სხვადასხვა ნივთები, დიდ ეკრანზე (რომელიც რამდენიმე ხნის წინ დადგეს) ტერენტი გრანელის რამდენიმე სურათზე დამონტაჟებული პოეტისვე ლექსები ტრიალებს. 

ეროვნულ ფორმაში ჩაცმული ბავშვთა და მოზრდილთა ანსამბლები, ასევე შეკრებილი დაახლოებით 150 ადამიანი მთელი საათია უსმენს ქალბატონის მიერ მიტინგად გამოცხადებული შეხვედრის დასრულებას, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ქალაქის მერი (რომელიც თავის დროზე კომისიამ იმიტომ შეარჩია კანდიდატებს შორის, რომ „ვარსკვლავბიჭუნა“ს გავდა) და სხვები (მოთმინება არ მყოფნის ამდენ პათეტიკას მოვუსმინო).

 

10 ოქტომბერს, ტერენტობაა.

 

ჰო, კინაღამ დამავიწყდა - პოლიცია თითქმის სრული (ან სრული) შემადგენლობით არის მობილიზებული. ამ გახსენებაზე, ბარემ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავსაც მოვყვები - პოლონეთიდან სტუმარი მყავდა, ანთროპოლოგიის პროფესორი. სულ ორიოდ დღით.

 

ცხადია, ქალაქი დავათვალიერებინე, ეკლესია ვაჩვენე (ჩვენი ყველაზე ღირსშესანიშნავი სანახაობა), ეკლესიიდან დაბრულებულები პარკში დავსხედით და ნამცხვარი და ყავა მივირთვით (ეს ჩვევა ჩემი მეგობრისგან დამჩემდა, რომელიც როსკილდაში  სახლიდან ტკბილეულის და ჩაის გარეშე არ მიშვებდა (ამისთვის სპეციალური ჩანთაც ქონდა )  - ახლა მეც მუდმივად დამაქვს  ჭიქა თერმუსი და ნამცხვარი - ვუსხნი ჩემს პოლონელ სტუმარს). რატომ გვიყურებენო ასე დაჟინებით? მეკითხება ტომასი.

 

მე თემა სხვაზე გადამაქვს და ვთხოვ საუდის არაბეთზე გააგრძელოს მოყოლა, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს. სახლში (რომელიც ცენტრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით არის) ფეხით მივდივართ. პოლიციის მანქანა (პიკაპი) გვერდს გვივლის და ისე დაჟინებით გვისიგნალებს, რომ ტომასი ყურებზე ხელს იფარებს. Bullshit! What is this? ჩერდება და მეკითხება. მხოლოდ პოლიციის მანქანა მოძრაობს. სიგნალი, ცალსახად ჩვენ გვეკუთვნის. ერთი თვის წინ პოლიციელმა, თურმე ბაზრის წინ არასრულწლოვანი ცემა. ყველას თვალწინ. დაახლოებით იმავე პერიოდში ისევ არასრულწლოვანი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის შენობაში ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე, რომ ვიღაცეების სახელები და გვარები ეთქვა, რომელთაც შემდეგ მისი ჩვენების საფუძველზე დაიჭერდნენ.

 

ცხადია, დაკითხვას არ დაასწრეს მშობლები და ადვოკატი  - ვეუბნები. No, no, no, no, Ekaterina. ტომასი მიპროტესტებს. მე მივდივარ და გაოგნებულ სტუმარს არ ველოდები. ჰო, ასეა - უკან ვიყურები და ვაგრძელებ - მაგრამ ჯერ იქამდე არ მისულან, როგორც იყვნენ - რომ კვდებოდნენ და ხალხი მათ სიკვდილს ხარის დაკვლით რომ აღნიშნავდა. Ekaterin, you are joking - მეუბნება. კარგი - ვამბობ და ჩვენს სიმღერას ვმღერივარ - Если друг оказался вдруг, и не друг и не враг а так. ტომასს მხოლოდ ის ამშვიდებს, რომ ვმღერი, ასევე ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ მოხსენებებში არ საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე (ამაზე სააკაშვილის დროსაც არ საუბრობდნენ, მაგრამ რეპლიკას, ცხადია, მხოლოდ გულში ვამბობ).

ტომასი

 

ტომასის წასვლის შემდეგ დღეს პირველად გავედი სახლიდან - მეგობარმა მთხოვა, რომელმაც „ჩემი ტერენტი“ უნდა ითამაშოს კინოთეატრის სცენაზე, სადაც ბოლო კინოჩვენება გასული საუკუნის 80-იან წლებში „დისკოს მოცეკვავეთი“ დასრულდა.

 

კინოთეატრის მოპირდაპირე მხარეს კულტურის სახლი უნდა აშენდეს (ასე მესმის 25 წელზე მეტია). შარშან ამავე მიზეზით არ დაუთმეს ტერიტორია ბიზნესმენს, რომელსაც თანამედროვე სასტუმროს აშენება უნდოდა. მაშინ მერიამ (თუ საკრებულომ) გამოკითხვაც ჩაატარა სოციალურ ქსელში - რომელი გირჩევნიათო, კულტურის სახლი თუ სასტუმრო.  მე კულტურის სახლს მივეცი ხმა. ჩემი მოლოდინი, ისევე როგორც დანარჩენი წალენჯიხელების, უსასრულოა და დღეს თუ არა, მჯერა, რომ უახლოეს ათწლეულში (ერთში თუ არა ორში მაინც)  აშენდება (ისევ, როგორც წყალი, რომელსაც ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან და არ გვაძლევენ).

 

დამირეკავენ, ზარის შემდეგ 20-მდე დაითვალე და ვიწყებთ - ეუბნება გამნათებელი ხმის რეჟისორს. პირველად ვმონაწილეობს სპაქტაკლის შიდა სამზარეულოში. ცხადია, დასი წალენჯიხის არ არის - ზუგდიდიდან ჩამოვიდნენ.  დღეს კორეელები ყოფილან მოლაპარაკებაზე, დაათვალიერესო თეატრი და გადაწყდა, რომ ნოემბერში სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენო - უხარიათ ზუგდიდის თეატრის თანამშრომლებს და რაღა დავმალო და მეც, რომ ერთ დღეს ჩემს მეგობარს კულისებში აგური არ დაეცამა, ან ფეხი არ ჩაუვარდება სცენაზე და არ მოიტეხს კისერს.

 

სცენიდან იმხელა ემოცია მოდის, რომ ნებისმიერ მაყურებელს გაუყინავს თმას, ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც კი ააჩუყებს, ნებისმიერ სცენას შეძრავს, გარდა იმისა, სადაც ახლა  ხდება მოქმედება - დარბაზში, ფაქტობრივად ყველას მობილურმა დარეკა (ზოგი პრობლემებიც გაირჩა სხვადასხვა ტონალობაში). სპექტაკლი ერთი მსახიობის არის.  „მეორეც რომ მყოლოდა, შენი საღამო გამოვიდოდა“ - ეუბნება მსახიობს მეგობარი სპექტაკლის ბოლო აქტზე - როცა მსახიობის აღფრთოვანებული მასწავლებელი სცენაზე ავიდა, რომ მსახიობისთვის ტერენტის წიგნი ეჩუქებინა და ეთქვა: იყო დრო, როცა სესე მიქავა ჩემს აუდიტორიაში იჯდა, ახლა მე ვზივარ მის აუდიტორიაშიო. ცხადია, სიტყვებს გულისამაჩუყებელი აპლოდისმენტები მოყვა - დიდი  რეჟისორები მსგავს სცენებს უნდა ესწრებოდნენ.

 



დღის დასასრულს შეკრებილი პატივცემული საზოგადოება რესტორაში გაემარტა ტერენტის სულის მოსახსენიებლად. ყველა იქ მიდის? მეკითხება სტუმარი, რომელმაც არ იცოდა, რომ ისიც იქ მოხვდებოდა. ასეა - ვამბობ და ვემშვიდობები (რომელიმე დაინტერესებული ჟურნალისტი, ალბათ, გამოითხოვს ხარჯებს და აუცილებლად დასვამს შეკითხვას, რატომ იყო აუცილებელი მინიმუმ 200 კაციანი სუფრის გაშლა რესტორანში ტერენტობაზე).

 

ვუყურებ რესტორანში მიმავალ, ალბათ, უკვე მოშიებულ საზოგადოებას და მახსენდება, რომ 16 ივნისს, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ჯოისობა, ანუ Bloomsday აღინიშნება. ამ დღეს ჯეიმს ჯოისის შემოქმდების მოყვარულები იკრიბებიან და იმეორებენ ყველა იმ მარშრუტს, რომელსაც გადის ჯოისის გმირი ლეოპოლდ ბლუმი „უსილეში.“ დღე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის კითხულობენ „ულისეს,“ (ზოგჯერ 36 საათის განმავლობაში), დგამენ სცენებს წიგნიდან, სხდებიან იმ კაფეში, რომელიც აღწერილია წიგნში და უკვეთავენ იმ მენიუს რომელიც ბლუმმა შეუკვეთა (თეთრი და შავი პუდინგი, ტოსტები), იცმევენ ისე, როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისს, ანუ წიგნის დაწერის პერიოდს  შეესაბამება). 

 

მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივა აქ, ამ ქალაქში ზუსტად ისეთივე მკვდარია, როგორც იმ მილიონერების ინიციატივა, რომელიც თურმე ტერენტის ქალაქს უხვად ყავს, ისეთივე მკვდარი, როგორც  დღევანდელი დღე, არატერენტულად აღნიშნული.

 

წიგნების ერთ-ერთ კარადაზე პატარა ყუთით ვლადიმერ ვისოცკის საფლავის მიწა და ტერენტი გრანელის კუბოს ანათალი მიდევს. მეგობარმა პოეტმა მაჩუქა.

 

იდეაა - საფლავის მიწების შეგროვება.

 

ასევე იდეაა - წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან  დაწესდეს ტერენტი გრანელის სახელობის პრემია სტუდენტებისთვის (ამის  სურვილი გვაქვსო „ვარსკვლავბიჭუნამ“ და იდეას ღირებულებას ვერ დაუკარგავ). 

 

და შეკითხვა - როდემდე შეიძლება დაახლოებით 35-40 000-იანი მუნიციპალიტეტი არსებობდეს კულტურის სახლის გარეშე.

 

„შეგიძლია, წარმოიდგინო, საუდის არაბეთში ცხოვრების დონე, სადაც არა აქვთ კინო, თეატრი, კულტურის სახლი და გართობის არანაირი საშუალება“ - ორი დღის წინ მეკითხება ჩემი პოლონელი მეგობარი და ჩემგან გაოცებას ელოდება.  წარმომიდგენია - ვპასუხობ და ვაგრძელებ წინადადებას, რომელსაც მას არ ვეუბნები - აქ, ამ რაიონში არა გვაქვს თეატრი, კინო, კულტურის სახლი, გართობის არანაირი საშუალება, და საუდის არაბეთისგან განსხვავებით, გაზიც და წყალიც არ გვაქვს. This is fucking bullshit live - ვამბობ მე ტერენტის ქალაქზე . Yes, Ekaterina, it is - ტომასი მეთანხმება  საუდის არაბეთზე.

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED