ჭერგახვრეტილი ბიზნესი

2014.09.27 ავტორი: ქეთევან ხომერიკის ბლოგი

უბანში ერთი მაღაზია გვაქვს, რომელიც გარშემორტყმულ ბინების მოსახლეობას „გვამარაგებს“ სურსათით და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. თითქმის დაუჯერებელია, რომ მაღაზიის მეპატრონეს თავისი ბიზნესი არ აღელვებდეს და მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით დაინტერესებული არ იყოს. სხვა შემთხვევაში, მაღაზიას დიდი ხნის წინ დახურავდნენ. მაღაზიაში კი წვიმს...

მეორე წელია, წვიმის დროს შესვლას ვერიდები იმის შიშით, რომ ამდენი მაცივრის ელექტროგაყვანილობაში რამე არ მოხდეს და არ მიმსხვერპლოს, თუმცა, სიზარმაცის გამო, ზუსტადაც წვიმაში ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაში გარბიხარ.  წვიმს მაცივრების თავზე და დახლის თავზე. ანუ იქ, სადაც კლიენტი და მომსახურე პერსონალი ხვდება ერთმანეთს, სადაც წონი პროდუქტს და სადაც იხდი ფულს. შესაბამისად, გამყიდველი ცდილობს გვერდიდან მოგაწოდოს ფულიც, პროდუქტიც და უამრავი ბოდიში მოგიხადოს იმის გამო, რომ კლიენტიც მასთან ერთად არანაკლებ სველდება და არანაკლებ დისკომფორტს განიცდის. 

 

ასეა, საქართველოში „იქაჩებიან“ ბიზნესის კეთებაზე და ძალიან უნდათ ბიზნესმა უზრუნველყოს ბიზნესის მკეთებლის უზრუნველი ცხოვრება. აკეთებენ კიდეც თითქოს, თუმცა, მთელი ბიზნეს-მენეჯმენტი მხოლოდ შემოსავლის მიღებაზე მთავრდება. მერე კი გამუდმებით მიდის წუწუნი იმაზე, რომ რატომღაც ბიზნესმა ისე ვერ იმუშავა როგორც უნდა მუშაობდეს, რომ საქართველოში მომსახურება არ ვარგა. არავინ ფიქრობს, რატომ არ მუშაობს და რატომ არ ვარგა. ჯოხი კი რა თქმა უნდა ყოველთვის მარტივ გამოსავალზე: მომსახურე პერსონალზე ტყდება.

 

უკვე დიდი ხანია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოში მომსახურების სფეროში მომუშავე „დასაქმებულის უფლებები“ ძირითადად მხოლოდ ბუტაფორიული ცნებაა და რეალურად შემდეგი დებულება მუშაობს : „გიხდი, იმუშავე, მადლობა თქვი. სხვები შენზე უარეს დღეში არიან.“

 

დიდი ვერაფერი მოტივაცია.. რატომღაც დასაქმებული არასდროს ცდილობს თავი წარმოიდგინოს  დასაქმებულის ადგილზე. ერთხელ მაინც დასვას კითხვა: რანაირად შეიძლება ადამიანმა იმუშაოს, როცა (ზემოთ მოყვანილ მაგალითს დავესესხები) თავზე აწვიმს პირდაპირი მნიშვნელობით?

 

დამსაქმებლის დასაქმებულის მიმართ მიდგომაზე, ალბათ არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, სამი-ოთხი წლის წინ ერთ-ერთი დამსაქმებელი როგორ ამაყობდა: „მუშებს მინდა გადავუხდი, მინდა არა, ჩემი ნებაა და როცა გადავუხდი, მერე ფეხებს დამიკოცნიან.“

 

გასაგებია, რომ სოციალიზმში არ ვცხოვრობთ და რომ კაპიტალიზმის პირობებში მარტივი არ არის თავი გაიტანო, მაგრამ ეთიკას და მორალს რომ თავი დავანებოთ არის რაღაც ისეთი ელემენტარული კანონის წინაშე ვალდებულებები, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის დროს მხარეებისთვის მოთხოვნა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დაცვის, დამსაქმებლის ვალდებულება უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, დამსაქმებლის ვალდებულება ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (და არა დასაქმებულმა დაგვიანებით ჩარიცხული კუთვნილი ხელფასისთვის ფეხები უკოცნოს დამსაქმებელს).

 

მერე კი ყველანი ერთად გაკვირვებულები დავიწყებთ წუხილს იმაზე, თუ როგორი გაბოროტებულები არიან ადამიანები და როგორ არ ეცოდებათ არავინ. როგორ არ მიეხმარნენ წაქცეულს და როგორ არ შეიფარეს უსახლკარო ცხოველი. ვერ მოთხოვ იმადამიანებს ჰუმანურობას, რომელთაც ცხოველივით ექცევი და აიძულებ წვიმის დროს შენობაში წვიმის წვეთების ქვეშ იდგნენ დილის რვა საათიდან, ღამის ათ საათამდე და ფეხი ელექტროსადენებზე ედგათ.

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED