ვინ მოაჭრა ძაღლს კუდი?

2014.08.07 ავტორი: ედიშერის ბლოგი

ანტიკური ათენის ერთმა მმართველმა (აღარ მახსოვს რა ერქვა) ძაღლს საჯაროდ მოაჭრა კუდი. ცუგას საცოდაობით აღშფოთებული ათენელები (ცივილიზებული ხალხი იყო, მოგეხსენებათ) დიდხანს ლანძღავდენენ „ბარბაროს“ ქალაქის თავს. ბოლოს, პრივატულ საუბარში ჰკითხა ვიღაცამ მმართველს, რად მოაჭერი ძაღლს კუდი, ამდენი ხანია გლანძღავსო ხალხი. - სწორედ იმიტომ მოვაჭერი, რომ ათენელებს ძაღლის კუდზე ელაპარაკათ და სხვა, უფრო სერიოზული საკითხებით არ დაინტერესებულიყვნენო.

 

ვნებათაღელვა კაზანტიპის თაობაზე თითქოსდა მინელდა, თუმც ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები კვლავაც გვმოძღვრავენ. „მორალის“, „ზნეობის“, „ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების“ დამცველთაგან. რა არგუმენტი აღარ მოგვისმენ-წაგვიკითხავს? იმ „აზრმაც“ გაიჟღერა, რომ თურმე კაზანტიპის ფესტივალს გადამწყვეტი როლი შეუსრულებია  რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებაში და ლუბიანკის სტრატეგიული დავალების შესასრულებლად ახლა უკვე ანაკლიაში გადმომსხდარა უბიუსტჰალტერო დედაკაცთა მრისხანე დესანტი.

 

”მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში”


,,კაზანტიპსსწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი ,,ტურისტიმსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი”.


“რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ”.


“ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც”.


 ეს ანტიკაზანტიპური ციტატების მცირე ჩამონათვალია.

 

არა ბატონებო! ის, რასაც კაზანტიპს საყვედურობთ, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით ყვავის საქართველოში ყოველდღიურად - ქუჩებში, ღამის კლუბებში, საროსკიპოებში. კაზანტიპში ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია, ჩვენს „ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში“ კი რამდენი მშიერი და ავადმყოფი ბავშვის დედის მდგომარეობით სარგებლობენ ახურებული მორალისტები. ჰო, აი ისინი სწორედ, ვინც ეს ჯოჯოხეთი შეუქმნა. თუ გაჭირვებულზე ფულით ძალადობა მისაღებია თქვენთვის?!

 

ანაკლიის მცხოვრებთათვის კი ის ფული შეიძლება სიცოცხლეზე მეტად ფასობდეს. ეს არაა პათეტიკა! რამდენი ათასი ოჯახი იკვებება ჩვენში თურქული საროსკიპოებიდან ცოლების, შვილების, დების თუ რძლების გადმორიცხული თანხით? რაო, „ქუჩაში გაზრდილო ვაჟკაცო ბიჭებო“, ვინმე ხომ არ გეცნოთ, ეგებ საკუთარი თავიც?! იმათი გამოსახსნელ-დასაბრუნებელი ფულიცაა, არც თუ მცირე ალბათობით, კაზანტიპიდან მისაღებ შემოსავალში.

 

ამის არდანახვა და არგათვალისწინება კი მაფიქრებინებს, რომ გარყვნილებისთვის კი არ მიდის იქ ახალგაზრდობა, არამედ ტყუილისა და ფარისევლობისგან თუნდაც 10 დღით თავის დასაღწევად.

 

ნეტა, ვინ მოაჭრა კუდი კაზანტიპურ „ძაღლს“?

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED