დამაქცევარი თუ აღმშენებელი?

2014.07.07 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. დღეს ბევრი დაიწერა მასზე - ზოგმა კეთილად გაიხსენა, მასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ზოგმა მისი გაცნობა რომ ვერ მოასწრო, იდარდა, ზოგმა დუმილი ამჯობინა იმ პრინციპით, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ზოგმა იღლიცინა და კარგადაც შეუკურთხა...

Tbilisi September 4, 2009. REUTERS/David Mdzinarishvili

REUTERS/David Mdzinarishvili

როცა შევარდნაძე საქართველოში თითქოსდა ხვეწნა-დაჩოქებით ჩამოიყვანეს, 20 წლის ვიყავი და მის სახელთან მუდამ, ამ ფარსით დაწყებული ის შავ-ბნელი წლები ასოცირდება, როცა ქვეყანაში არც სამართალი, არც მორალი, არც დოვლათი, არც პერსპექტივა, უბრალოდ, გადარჩენის შანსიც კი არ არსებობდა. იყო მხოლოდ შიში - რეჟიმის და ყოველი მომავალი დღის... ვიღაცები უბრალოდ გადავრჩით, რაც მხოლოდ ღმერთის დამსახურება იყო.

 

მახსოვს, დარბეული და დახვრეტილი მიტინგები, მხედრიონის თარეში, აფხაზეთის ომი, რომელშიც ჩემი ოჯახის წევრიც იბრძოდა. სამოქალაქო ომში დაღუპული ჩემი ტოლი ბიჭები, რომლებსაც გულწრფელად ეგონათ მტერს ებრძოდნენ და ამ დროს საპირისპირო მხარესაც ქართველი იდგა. ეს ბიჭები, ფოთში მე-7 კილომეტრის ხიდთან ზურგში ნასროლი ტყვიებით დაიხოცნენ.

 

მახსოვს, როგორ მოვყოლილვარ "პერესტრელკებში" და მიწაზე მიხოხია... როგორ ანთებდნენ კოცონს ქუჩაში და დარაჯობდნენ მეზობლები ერთმანეთის სახლებს, გოგოები კი გადამალული ვყავდით.

 

მახსოვს, ჩემმა ძაღლმა როგორ შეუყეფა იარაღიან ტიპს, იმან კი როგორ დაუმიზნა გადატენილი ავტომატი, მერე ჩემი ძმა ძაღლს როგორ გადაეფარა: ძაღლი არ მომიკლა და რაც გინდა, წაიღეო...მერე დედაჩემი როგორ ჩაუვარდა მუხლებში ავტომატიანს, არ ამომწყვიტოო.. უამრავი შემზარავი ისტორია მახსოვს: დააყაჩაღეს, გააუპატიურეს, დააუთოვეს, ადგილზე დახვრიტეს... პურის რიგებში ხელზე დაწერლი ნომრები მახსოვს, რიგი პურის დამთავრების მერეც რომ მომწევია ეგეც...

 

მახსოვს, როგორ მირეკავდნენ სახლში კრიმინალები (ზოგი ციხიდან) იმჟამინდელი მერის დავალებით და იმუქრებოდნენ. ერთხელ, დედას უთხრეს: "დათო (იმჟამინდელი მერი, შევარდნაძის კადრი) ჩვენი კაცია და ნუ ერჩის შენი შვილი, თორემ შვილიშვილს შენ გასაზრდელს გაგიხდითო". სახლში რომ მოვედი, ჭიშკართან სასწრაფო იდგა... 

 

სრული უიმედობა და განუკითხაობა, კორუფცია და რეჟიმი, რომელმაც სამართალზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და ქვეყნის განვითარებაზე გაიარა და ეს უკანასკნელი სრულად შეაჩერა.

 

ევროინტეგრაციის მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი შევარდნაძის მოღვაწობის წლებს დღეს ასე იხსენებს:

 

"ედუარდ შევარდნაძის საქართველოს პრეზიდენტობის დროს:

 

1. გაფორმდა სტამბულის 1999 წლის ისტორიული შეთანხმება რუსული ბაზების საქართველოს გაყვანის თაობაზე;

2. შეთანხმდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზის მილსადენების პროექტები;

3. ამოქმედდა ბაქო-სუფსას ადრეული ნავთობსადენი;

4. შემუშავდა და განხორციელდა "წრთვნის და აღჭურვის" პროგრამა ამერიკის შეიარაღებული ძალების საქართველოში განთავსებით;

5. წარმატებით ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში;

6. 2002 წლის პრაღის სამიტზე ედუარდ შევარდნაძემ გააჟღერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი;

7. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გაწევრიანდა ევროსაბჭოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში;

 

რეალურად ედუარდ შევარდნაძის დროს მოხდა საქართველოს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დატანა. ედუარდ შევარდნაძის საერთშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილზე სხვებიც ბევრს იტყვიან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს!"

 

ალბათ კარგ ტონად ითვლება, როცა ხელისუფალი წინამორბედს ცუდად არ მოიხსენიებს, მაგრამ ამ პუნქტებში ყველაფერი ისაა დავიწყებული თუ გამორჩენილი, რამაც ეს ქვეყანა ბოლომდე დააქცია და დაკარგულ თაობად გვაქცია. თანაც მინისტრის ჩამონათვალში მოყვანილი ფაქტები ხომ ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ამ ქვეყანაში გაკეთებულიყო, ერთ გაუმაძღარ კლანს რომ არ ჩავარდნოდა ხელში ძალაუფლება და საშინელებები არ დაეტრიალებინა.

 

თუ ამდენ სისხლსა და ადამიანის უფლებების შელახვაზე  უნდა გაევლო მილსადენების და ნავთობსადენების პროექტებსა და საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე გადატანას, სჯობდა არ გვქონოდა ის ან გარკვეული ხანი საერთოდაც არ ვყოფილიყავით მაგ რუკაზე. ჩვენ ხშირად გვაბრუებენ რაღაც სიმბოლოებითა და ქაღალდზე კარგად დახაზულ-დახატული პროექტებით, თუმცა არც ერთი მათგანს მოსახლეობის კუჭთან ახლოსაც არ ჩაუვლია.

 

ამ ყველაფერს ერთი ჩემი ფრენდის - ნენეს პოსტი პასუხობს ძალიან სამართლაინად:

 

"ედუარდ შევარდნაძე ჩემთვის ასოცირდება გადამწვარ და ჩაბნელებულ, გაყინულ, კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანასთან. ჩემი თაობის გაუბედურებულ და დაკარგულ წლებთან. ადამიანების დახვრეტასთან, გაუპატიურებასთან, ოჯახების ამოწყვეტასთან. ნაძირლების, ყაჩაღების, წითელი ინტელიგენციის აღზევებასთან, დაკარგულ ტერიტორიებთან და შესაბამისად დაკარგულ, გაუცხოებულ თანამოქალაქე ოსებთან და აფხაზებთან. იმ უმწიფარ ბიჭებთან, ვისაც ხელში იარაღი დააჭერინეს და ერთმანეთი ახოცინეს,გადარჩენილებს კი წამალი შეაჩეჩეს და ისე დაღუპეს. კიდევ ბევრ ცუდ, ამაზრზენ, წარმოუდგენელ სიბოროტესთან. ედუარდ შევარდნაძე იყო ის კაცი, ვისაც ჩემი მშობლების თაობის ნაწილმა დაუჩოქა, რომლებმაც მისი გადაფურთხებული დიდი სიამოვნებით ალოკეს. ასე რომ, ბოდიშს მოვიხდი და ვერ ვიქნები ფარისეველი, ვერ დავიწყებ მისი გარდაცვალებით გამოწვეული ფეხებზემკიდია გრძნობის შენიღბვას. დანარჩენს კი, ალბათ ის კაცი გადაწყვეტს, ზემოთ რომ ზის და სამოთხე-ჯოჯოხეთის საგზურებს არიგებს.

 

ჩამოეთესლება ეხლა რუსული კაგებეს ელიტა, აქაურებიც გამოძვრებიან. ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები რიგში ჩადგებიან და კამერების წინ ერთხმად დაიწყებენ მოთქმა-გოდებას.

 

ბარემ აიღეთ და ზვიადს და მერაბს მიუწვინეთ გვერდით. მერე ჯაბაც აათრიეთ და ერთი ადგილი კიტოვანსაც დაუბევეთ. საოცარი ტოქსიკოზი მაქვს ამდენი ნაბიჭვრის შემყურეს".

 

ცოტნე გამსახურდია კი, რომლის ოჯახსაც პირადად შეეხო უამრავი ტრაგედია და უსამართლობა, მაინც ღირსეულად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას:

 

"გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე... მე არ ვიცი, ვინ აცხონებს და თუ აცხონებს. არც ისა მჯერა, თითქოს სადღაც იქ, ტახტზე, მოსამრთლის მანტიამოსხმული მოხუცი თეთრწვერა კაცი იჯდეს და ანაწილებდეს ნაკადებს - ზემოთ და ქვემოთ. ვფიქრობ, გაცილებით მარტივადაა საქმე: ყველა ადამიანი უბრალოდ იღებს საკუთარი შინაგანი რეალობის შესაბამის რეალობას. ესაა და ეს. 



ასე, 25 წლის უკან რომ მომხდარიყო ეს ამბავი, იქნებ ამდენი ადამიანი აღარ მომკვდარიყო, არ გაუბედურებულიყო... მაგრამ მე მაინც არ ვუსურვებდი ედუარდ შევარდნაძეს, მისი რეალობის შესაბამის სამყაროში მოხვედრას. 
დაე, მისგან გასწორდეს ყოველი... მსუბუქი იყოს მისთვისაც ქართული მიწა!"- წერს ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კიდევ ბევრი დაიწერება მომავალში მასზე, მაგრამ ვისურვებდი ეს ყოფილიყოს სამართლიანი, ყოველგვარი ეტიკეტის გარეშე...

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED