ეკა მართალი

2013.12.23 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

დღეს, რომ ეკა ბესელია „მართალი“ გახდა, ეს ნაციონალების დამსახურებაა. ჩიორა თაქთაქიშვილის სამართლიან მოთხოვნებს, "ეკა მართალი" ერთი კითხვით იგერიებს: სად იყავი მანამდე და ნაციონალების „სამართლიანობასაც“ ამით ამარცხებს.

გულგრილობა, შერჩევითობა და პოლიტიკური ნიშნით დევნა - ნაციონალების მმართველობის საფირმო ნიშანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება იგივე ტენდენციებს ახალ ხელისუფლებასაც მოუწონებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო სოსო ჯაჭვლიანის მიერ გია ბარამიძის „ჩმორად“ შერაცხვა, რაც მაამებელი ნაბიჯი იყო მისი ელექტორატისთვის, თუმცა, ასეთი ამომრჩევლის რიცხვი დღითიდღე მცირდება და, შესაბამისად, იზრდება იმ მოქალაქეების პოზიცია, რომლებიც არა მხოლოდ „გულისმოსაფხან“ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, არამედ არგუმენტირებულ და კანონიერ პასუხებს ითხოვენ კითხვებზე:

 

1.რატომ აკეთებენ სამართალდამცავები და პოლიტიკოსები გამოძიებამდე განცხადებებს, რომ მერაბიშვილი აპრიორი ცრუობს, როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე, პრემიერ ზურა ჟვანიას გაზით გაგუდვით სიკვდილის შესახებ, იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს სამართლიანად აკრიტიკებდნენ.

 

2. რატომ არ სურს ხელისუფლებას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებითა და მათი მისამართით არსებული ბრალდებების შეწყვეტის მიზნით, დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის განცხადებების გამოძიება? 

 

3. თუ ეს ანგარიშსწორების ფორმა არაა, უფლებამოსილებას დღისით რატომ ვერ შეუჩერებდნენ?  

 

4. რატომ ვერასოდეს შეძლო პროკურატურამ სათანადოდ კომპეტენტური მტკიცებულებების წარდგენა და იმავდროულად მოახერხა „სანიმუშო მუშაობისათვის“ თითქმის 1 მილიონი ლარის პრემიის გამოწერა საკუთარი თანამშრომლებისთვის?

 

5. რატომ იცის პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, წინასწარ რა შუამდგომლობით მიმართავს მეორე დღეს პროკურატურა გიგი უგულავას საქმეზე და მთავარ პროკურორს მერაბიშვილის საქმის შესწავლის დასაწყებად სცალია თუ არა?

 

6.თუ ხელმისაწვდომია პატიმარ ბაჩო ახალაიას თვალთვალის ჩანაწერი, რატომ არ შეიძლება არსებობს პატიმარ ვანო მერაბიშვილის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი? და ა.შ.

 

როცა მსგავს კითხვებს პასუხები გაეცემა, ეკა ბესელია აღარ იქნება ლამის ჭეშმატირების რანგში აყვანილი და საზოგადოებაც ბოლოსდაბოლოს გაარკვევს სიმართლეს - ხელისუფლებაში მოვიდა რეიტინგით გათამამებული, კანონდაუმორჩილებელი კლანი, რომელიც პირადი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს თუ „ნაციონალებისაგან“ განსხვავებული გუნდი, რომლებიც მოწინააღმდეგეების პოლიტიკურ წარსულს, მხოლოდ საკუთარი უტყუარობის პოზიციების გასამყარებლად არ იყენებენ. 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED