ერთი წელი პოლონური ჯოჯოხეთიდან

2013.11.21 ავტორი: ეკატერინე ლემონჯავას ბლოგი

მთელს ვაგონში მარტო ვარ. გამცილებელი მირჩევს კარი შინგინდან ორივე საკეტით ჩავკეტო. მიკვირს რატომ, მაგრამ არ ვეკითხები (მახსენდება ჩემი მეგობარი, რომელსაც საქართველოში, 90-იან წლებში, ზამთარში მატარებელში ფეხსაცმელი მოპარეს და ფეხშიშველს მოუწია სიარულმა). პოლონეთში მივდივარ. იმედი მაქვს, მესაზღვრეები მგზავრებს არ შეამოწმებენ - პოლონეთიდან გამოძევებული ვარ და ჯერაც არ მაქვს შესვლის უფლება.

ჩემი ზურგჩანთა - ყველაზე მეტად ტვირთის ტარებას ვერ ვიტან (ამიტომ, ტანსაცმელს, რომელიც ანასტასიას ჩემთვის აქვს ნაყიდი, ვტოვებ). უკვე ზურგი მტკივა. ერთი საათის წინ დავემშვიდობე მას. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით შვედეთში. ანატოლი, ანასტასიას მეუღლე გულის შეტევით გარდაიცვალა ტყეში. ის მიმინომ იპოვა. 5 წელი ელოდებოდნენ ჩეხეთის საემიგრაციოდან საქმის განხილვას. ანატოლიმ სტრესს ვერ გაუძლო.

 

ისე ცოტა ხანს იყავით, რომ ვერც ვიმღერეთ - მომდის ანასტასიას მესიჯი მატარებელში. კატენკა, მალე ჩამოდით ისევ. სულ რაღაც 24 საათი ვიყავი მასთან (ანუ, ზედმეტი 1000 კილომეტრი გავიარე დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად), მაგრამ რომ არ მენახულებინა, არ შეიძლებოდა -  ჩვენ ერთად გამოვიარეთ ემიგრაციის სამი თვე. ანასტასია ღამე მეგობარ აზერბაიჯანელებთან უნდა დარჩენილიყო (პრაღადან იარომირში 10 საათის შემდეგ ტრანსპორტი არ მოძრაობს). მეორე დღეს ვიგებ, რომ ოთახის მეპატრონეს (სადაც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები) საკეტი გამოუცვლია და სამივეს ღამე სადარბაზოში გაუთენებიათ. ანასტასიაზე ვნერვიულობ, ის 73 წლისაა. მაგრამ გაციებას გადაურჩა. მადლობა ღმერთს.

 

მეტი ჯოჯოხეთი და უკეთესი პოლონეთი


შენობას ისე ქვია, როგორც ვარშავას სიმბოლოს და გერბს - სირენა (მისი უძველესი გამოსახულება 1390 წლით თარიღდება. დრაკონის თავს და ფრინველის ფეხებს მეთხუთმეტე საუკუნეში ქალის ტანი და თევზის კუდი დაემატა. დღეს ვარშავას სიმბოლო ქალთევზაა, რომელსაც ცალ ხელში მახვილი უჭირავს და მეორეში ფარი. ის სამართლიანობისთვის მებრძოლად მოიაზრება).

 

სახლი „სირენა“ შესულია ისტორიულ შენობათა ნუსხაში, მაგრამ  კერძო კომპანიებს მისი დანგრევა უნდათ. ის სულ ოთხ ან ხუთ სართულიანია. ახალგაზრდები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის დანგრევას, დაუკითხავად შეიჭრნენ უკვე ორი წელია და აქ ცხოვრობენ. ყველა კედელი მოხატულია, ან ავანგარდულადაა მოწყობილი. ვარშავას ქუჩების  ჩვეულიებრივ საბჭოთა არქიტექტურასა და ამ დიზაინს შორის ზუსტად ისეთივე სხვაობაა, როგორც პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს ხედვასა და ამ ახალგაზრდების ხედვას შორის. ისინი ხმამაღლა იცავენ ბინათმესაკუთრეებისა და ემიგრანტების უფლებებს. ამიტომ მათ სახლში ოლა ბჟესკას პორტრეტს მრავლად ნახავთ, (პოლონელი ქალი, რომელსაც სახელმწიფომ დაუკითხავად გაუყიდა სახლი. ამის შემდეგ მან სახლების ისტორიის კვლევა დაიწყო. მან გამოიძია პოლონეთის მთავრობის ინტერესები და კორუფციული გარიგებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ორი წლის წინ, 60 წლის ასაკში, ის ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს ტყეში.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ბჟესკას ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნისას დაასკვნა, რომ ის თავს არ მოიკლავდა, ოფიციალური გამოძიებით ინციდენტი შეფასებულია, როგორც თვითმკვლელობა), ასევე ბავშვებს, რომლებიც მშობლებთან ერთად სახელმწიფომ ქუჩაში დაყარა და აქ შეიფარეს ახალგაზრდებმა. სამზარეულოში ძველისძველი ფირსაკრავი დგას და მუდმივად ჩართულ მუსიკას (ძირითადად 70-80-იანი წლების როკ ენ როლს) განსაკუთრებული ინტიმი შემოაქვს ფერად კედლებში. 




ფაშიზმის წინააღმდეგ კონტრაქცია

მიუხედავად მუდმივი მოძრაობისა, სიმშვიდეა. თბილა და თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებს. აქ ყველაფერში შენ ხარ. ამ წამს შემოსულ ადამიანშიც, რომელიც გეცნობა და ხელს ღიმილით გიწვდის.

 

11 ნოემბერს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს პოლონელმა ფაშისტებმა ამ სახლის ორივე შემოსასვლელზე იერიში მიიტანეს. ისინი სკანდირებდნენ „პოლონეთი -პოლონელებისთვის,“ „პოლონეთი მხოლოდ თეთრკანიანებისთვის“ და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. პოლიცია, რომელიც იქვე იდგა მშვიდად უყურებდა პატრიოტულ ექსტაზში მყოფი აბობოქრებული ბრბო როგორ უკიდებდა ცეცხლს შენობას, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ.

 

მედიამ პოლიციელების უმოქმედობას „არასაკმარისი ძალების გამოყვანა“ უწოდა. სამაგიეროდ, რამდენიმე დღეში (15 ნოემბერს) გამართულ კონტრ-აქციაზე პოლიციელები საკმარისზე მეტი იყვნენ - ერთ მეტრზე დაახლოებით 5 ჩაფხუტიანი და ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელი იდგა. მიმდინარეობდა საჰაერო პატრულირებაც.

 

ვარშავაში 15-ში ჩავედი, დილით. სამ საათში პრესკონფერენცია გაიმართა თემაზე „მიგრაციის პრობლემები პოლონეთში,“ (მოკლედ მიმოვიხილეთ გასული წელის მიგრანტების  უპრეცენდენტო საპროტესტო აქცია (რომლის შემდეგაც პოლონეთის შსს-მ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი გამოყო და გიმრაციის შესახებ კანონი შეცვალა, ასევე ვილაპარაკეთ 18 დეკემბერს დაგეგმილ მსოფლიო შიმშილობის აქციაზე) და გავემართეთ კონტრაქციაზე.

 

აქ ცივა. ისე ცივა, რომ ქარი ძვლებში უჯრედებს გითვლის. ამას ისე რა გრძნობ - როგორც ფონს - არის, მაგრამ ვერ გაწუხებს, იმიტომ, რომ სხვა შეგრძნებები მძლავრობს ახლა - ყოველი მხრიდან გარშემორტყმული ხარ პოლიციელებით. ამ განსაკუთრებულ მობილიზებულობაზე ფიქრობ, რომ მოსალოდნელია ფაშისტებთან შეტაკება და მანიფესტანტებთან ერთად შენც ყვირიხარ Ulica wolna od faszyzmu - ქუჩები ფაშიზმის გარეშე!

 

ზუზა და ენდი

მე და ჩემი პოლონელი მეგობარი ზუზა, რომელიც ჩემი მასპინძელია ვენიდან, მანიფესტაციას ბოლომდე მივყვებით. შარშან, როცა პოლონეთის საემიგრაციო ციხეებში ვშიმშილობდით, ზუზა თავის მეგობრებთან ერთად ჩვენს მხარდამჭერ აქციას მართავდა ვარშავაში. რამდენიმე დღის წინ, ანუ თითქმის ერთი წლის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი ვენაში, გაეროს კონფერენციაზე. მსვლელობა დაახლოებით ერთი საათი გრძელდება და პანკ-კონცერტით მთავრდება „სირენას“ მეორე შესასვლელთან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ. აქციამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მე და ზუზა შენობაში შევდივართ და მეორე დღისთვის შეხვედრას ვათანხმებთ ენდისთან, პოლონეთის ერთ-ერთი ტელე-არხის ჟურნალისტთან.

 

 ენდი და პოლონური დემოკრატია



ენდი რომ გავიცანი, ვუთხარი, რომ გმირი იყო იმ სიუჟეტის გამო, რომელიც მან გააკეთა. რომ არა შენი სტატია, მე ეს პრობლემა არც მეცოდინებოდა - მეუბნება. და მიყვება როგორ დაარღვია სპეციალურად პოლონეთის საზღვარი, რომ ემიგრანტების ციხეში მოხვედრილიყო. ორი ფარული კამერიდან ერთი უპოვეს. მეორეთი ციხის ყოფა გადაიღო და დაახლოებით სამი კვირის შემდეგ განუცხადა მესაზღვრეებს, რომ პოლონეთის მოქალაქე იყო (ამის საფუძველზე მოხდა მისი გაშვება ბიალასტოკის ციხიდან).

 

გამოსულმა სიუჟეტი მოამზადა. მაგრამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - არასწორი ჩვენებისთვის. მიმდინარე კვირას გადაწყდება, ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა დააჯარიმებენ ცრუ ინფორმაციისთვის თუ 6 თვით ჩასვამენ ციხეში.

 



პრესკონფერენცია

პრესკონფერენციას, რომელიც „სირენაში“ გავმართეთ, ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, პანი Monika Platek-იც ესწრებოდა. მან თქვა, რომ ენდის საქმით პოლონეთი ჩააბარებს დემოკრატიის გაკვეთილს.

 

ენდი ამაზე იმდენად დარდობს, რამდენადაც მისი საქმე სახელმწოფოს კურსის პირდაპირპროპორციულია. თუკი ის დაისჯება ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ეს პოლონეთს კარგ რაკურსში არ წარმოაჩენს. სხვა მხრივ, ისიც, როგორც მე და ზუზა, ამბობს, რომ ცხოვრება როკ ენ როლია და სავსე მძაფრი შეგრძნებებით. ამიტომ, მალე წავა (ან 6 თვის მოხდის შემდეგ) ლამპრედუზაში ემიგრანტების ყოფის გასაშუქებლად.

 

გაეროს კონფერენცია ვენაში


ვენის საერთაშორისო ცენტრი, ანუ უბრალოდ „გაეროს ქალაქი“ ვენაში, ჟენავასა და ნიუ იორკის შემდეგ მსოფლიოში გაეროს მესამე რეზიდენციაა.

 

გაეროს აკადემიური საბჭო (ACUNS) არის ორგანიზაცია, რომელიც კოფი ანანმა დააარსა და ხელმძღვანელობდა 12 წლის განმავლობაში. ორგანიზაცია სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს, მათ შორის, ემიგრაციის პრობლემებზე. ACUNS-ის მოწვევა რომ არა, ჩემი ბეგრაუნდით, სავარაუდოდ, რამდენიმე წლით მაინც უნდა დავმშვიდობებოდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტს. აეროპორტში ჩემი პოლონელი მეგობარი ზუზა და ACUNS თავმჯდომარე Michael Platzer მელოდებიან თურმე. რატომღაც ავცდით. მე ავტობუსს გავყევი ვენაში, ვიქირავე ჰოსტელი, დავისვენე და მეგობრებს ველაპარაკები სკაიპში. ზუზა და ბატონი Michael სამი საათი მელოდებოდნენ. არც ის იციან, ჩამოვფრინდი თუ არა (მესაზღვრეებმა მგზავრების სია კონფიდენციალურობის გამო არ აჩვენეს). 

გაეროს ფორუმი მიგრაციის პრობლემებზე ევროპაში

 

ზუზა ჩემი ფეისბუქის გვერდზე ჩემს მეგობრებს უკავშირდება და ცდილობს გაიგოს საქართველოში ვარ თუ ვენაში. საქართველოში ჩემს მეგობრებში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვენიდან დარეკეს და დავიკარგე. ბატონი Michael საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილს წერს, რომ ეკატერინე ლემონჯავა დაიკარგა და დახმარებას სთხოვს. ამ დროს მე უკვე შხაპიც მიღებული მაქვს და ჩემს Rage against the machines ვუსმენ. შენ მე ბევრი მანერვიულე, ამიტომ ჩემს გვერდით დაჯდები - მეუბნება ბატონი Platzer გაეროს ფორუმზე.

 

წინა დღით მეუბნებიან, რომ ხვალ სიტყვა უნდა წარმოვთქვა. ჩემი ინგლისურის სტაჟი მხოლოდ ერთი წელია. მით უმეტეს, ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად არ ვარ მზად - ვამბობ. შენ იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე ამ კედლებში გამოსვლაა, ეს არ იქნება შენთვის პრობლემა - ეს სიტყვები ვერ მამშვიდებს. განვიცდი, მაგრამ ჩემი პრაქტიკული ფილოსოფია ურყევია ყველა სიტუაციაში - რასაც ვერ შეცვლი, იმაზე არ ინერვიულო.

 

კონფერენციას 150 ქვეყნის დიპლომატები ესწრებიან. თემა „მიგრაციის პრობლემები ევროპაში.“

 

შემდეგ იმართება ფორუმი იგივე საკითხზე.

 



ეკატერინე ლემონჯავა გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

ეს გაეროა.

 

ადგილი, სადაც ყოფნას ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს ყველაფერი ისეთი ჩვეულებრივია ჩემთვის, თითქოს, ამ კედლებში მოხსენებების მეტი არაფერი მეკეთებინოს ცხოვრებაში.

 

ბატონი Platzer-ი მიგრანტების ავსტრიელ მეგობრებთან ერთად კაფეში გვეპატიჟება. ჯერ გაეროში, შემდეგ ქალაქში, პაკისტალების სამზარეულოს დასაგემოვნებლად. Deevan - ასე ქვია ამ ადგილს. ეს ცნობილი კაფეა ვენაში - იღებ რასაც გინდა, რამდენსაც გინდა და რამდენჯერაც გინდა და იხდი იმდენს, რამდენის საშუალებაც გაქვს. მე და ბატონი Platzer ვსაუბრობთ. ჩემს როკ კლუბზე ვუყვები. უკვირს, რომ ვამბობ, ერთადერთი როკ კლუბი იყო-მეთქი საქართველოში. რამდენჯერმე მამეორებინებს ამ წინადადებას. ახლა რომ არ არსებობს როკ კლუბი, ამაზე გაოცებას თვალებითაც გამოხატავს. მას ჯაზ-კლუბი აქვს ვენაში და მეორე დღეს მის კლუბში დაპატიჟება მივიღეთ.

 

ავსტრიელი აქტივისტები

 

წელიწადზე მეტია, ვენაში მყოფი მიგრანტები მიგრაციის შესახებ კანონს აპროტესტებენ და ითხოვენ მის გადახედვას.  პროტესტმა ერთი პერიოდი რადიკალური სახეც მიიღო - მიგრანტები დაახლოებით ორი თვე  შიმშილობდნენ. საპასუხოდ ისინი პოლიციამ დაარბია. ბევრი მათგანი დაიჭირეს და გაადეპორტეს. ავსტრიელი მოხალისეები მიგრანტებისთვის სახლებს ქირაობენ რომ აცხოვრონ, ან საკუთარ სახლებში ყავთ. ყველა შესაძლო გზით ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ომს და საშიშ მდგომარეობებს გამოქცეულ ადამიანებს, რომლებიც მიგრაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში ვერ ჯდებიან და დეპორტაცია ემუქრებათ.

 

„თქვენ, ევროპა და ამერიკა ომებს აწარმოებთ აღმოსავლეთში, თქვენ, ევროპელებმა გადახანით მთელი აფრიკა, თქვენ გვეუბნებით, რომ ვალდებულება გაქვთ - დაგვეხმაროთ და დაიცვათ ჩვენი სიცოცხლე! ჩვენ აქ მოვდივართ იმიტომ, რომ იქ არ გვაჩერებთ მშვიდად. აქ კი გვექცევით, როგორც მათხოვრებს. კეთილი ინებეთ და გადახედეთ საკუთარ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ, როგორც ადამიანებს, არ გვგულისხმობს არც საკუთარ ქვეყანაში და არც თქვენს ქვეყანაში“ - თქვა გერმანიაში თავშესაფრის სუდანელმა მაძიებელმა, რომელსაც მთელი დარბაზი ოვაციებით წამოუდგა ფეხზე. ტაშს ვუკრავდი მეც და ვუსმენდი ძარღვებში განსაკუთრებული სიჩქარით მოძრავ სისხლს, რომელიც 25 წლის სუდანელით ამაყობდა. 

 

18 დეკემბერი - მიგრაციის საერთაშორისო დღე


რამდენიმე რადიო და საგაზეთო ინტერვიუ. ასევე გადაღებები ორი დოკუმენტური ფილმისთვის. ყველა შეკითხვა ასე იწყება - როგორ მოახერხე პოლონეთში მთავრობის იძულება, რომ კანონი მიგრაციის შესახებ შეეცვალათ. მე არ ვიცი. ალბათ, სწორად დავგეგმე პროტესტი და მედია-ინფორმაცია. ბევრი შეკითხვა. ერთი ასეთიც - რატომ დაბრუნდი  ერთი წლის შემდეგ პოლონეთში, მეტ პოპულარობას ელოდები? მეცინება. მე ისიც არ ვიცი, რომ პოპულარული ვარ, ამიტომ არ შეიძლება მეტ ცნობადობას ველოდებოდე. უბრალოდ, ძალიან ამაყი ვარ იმისათვის, რომ ვიღაცამ (მათ შორის უცხო სახელმწიფომაც) შეურაცხყოფა მომაყენოს.

 

ჩვენი, პოლონელი, ავსტრიელი, მექსიკელი, ესპანელი, გერმანელი და სხვადასხვა ქვეყნების მოხალისეების და მიგრანტების მიზანი 18 დეკემბრის აქციის ორგანიზებაა, დღე, როცა მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ყველანი ერთად გამოვაცხადებთ ერთდღიან შიმშილობას - სოლიდარობის აქცია ყველა მიგრანტისათვის, რომ მათი უფლებების დარღვევა ყველა მოქალაქის უფლებების დარღვევაა.

 

 

მსგავს თემაზე: 

 

საქართველოდან დევნილი ეკატერინე ლემონჯავა პოლონეთის ბანაკში შიმშილობს

 

როკერა - მთელ ევროპას გავაგებინებ, როგორი ჯოჯოხეთია პოლონეთი

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ

 

"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

 

 „А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი


მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა


 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED