სექსუალურად მოწიფული კბილაშვილის მოუმწიფებელი გადაწყვეტილება

2013.11.07 ავტორი: ელისო ჯანაშია

არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დანიშვნისას, საკუთარ თავს ამ თანამდებობისთვის „მოწიფულად“ მიიჩნევდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი გადადგომის მიზეზად ამ თანამდებობაზე „ნაადრევად აღმოჩენა“ დაასახელა.

ამ ფონზე, პოლიტიკაში მოსვლისას მის მიერ გაკეთებული განცხადება, დღეს კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება:

 

"თუ უტრირებაში არ ჩამითვლით, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი, თუ გნებავთ, სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მე მოწიფულ ასაკზე გესაუბრებით, როდესაც ადამიანს აქვს სრულად გააცნობიეროს ყველა ის რეალობა, რომელიც მის წინაშე არის. როცა ამას ვამბობს, მე უკვე 40 წლის ვარ, მყავს მეუღლე, სამი შვილი. ადვოკატად 18 წელია ვმუშაობ, მაქვს მეტნაკლებად მოწესრიგებული ფინანსური გარესამყარო და მყავს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ზნეობრივ ხედვას. მე მოვდივარ აქ, რადგან მე დასაკარგი მაქვს, მე ფსონად ყოველივეს ჩამოვდივარ, რაც დავასახელე და ამან უნდა განაპირობოს ჩემი პასუხისმგებლობა ხვალინდელ მოქმედებებზე," - აცხადებდა არჩილ კბილაშვილი პოლიტიკაში მოსვლისას.

 

რას ნიშნავს, როცა თანამდებობიდან მიდის პროკურორი, რომელმაც ამ თანამდებობაზე დანიშვნისას ფსონად დადო ცოლ-შვილი, კარიერა და სექსუალური მოწიფულობა  და რომლის წასვლის რეალური მიზეზების შესახებ სინამდვილეში არაფერი ვიცით? ასე მიდიოდნენ და ინიშნებოდნენ თანამდებობებზე „ნაციონალების“ ხანაში. 

 

ივანიშვილის კარზეც, ახალ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შემდეგ, ეს პირველი საკადრო ცვლილებაა - თან ნებაყოფლობით და სამადლობელი, ახსნა-გამამართლებელი განცხადების გამოქვეყნებით.

 

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი 2 ნოემბერს დასახელდა. მასთან სავარაუდო უთანხმოებას კბილაშვილი დღეს გავრცელებული ოფიციალური განცხადების პირველივე აბზაცში კატეგორიულად უარყოფს და ღარიბაშვილს "ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანს" უწოდებს. თუმცა, სწორედ ამ ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ამ "ღირსეულ და წესიერ"ადამიანთან მისი თანამშრომლობა არ შედგა.

 

რამდენიმე დღის წინ, "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუს მიხედვით, ერთ-ერთი ვერსიით, კბილაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გადაყვანასაც ელოდა. „არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი... აღნიშნული საკითხი მაქსიმუმ, 25 ნოემბერს გადაწყდება“, – ამბობდა კბილაშვილი.

 

მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობის გასაგრძელებლად კი კბილაშვილი ორ პირობას ასახელებდა: "ერთი – ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს ამის სურვილი და მეორე – ჩემთვისაც უნდა იყოს შესაძლებელი მასთან მუშაობა. რადგან ამ ეტაპზე ახალი პრემიერის ვინაობა უცნობია, არ შემიძლია განვსაზღვრო, რამდენად შესაძლებელია მასთან მუშაობა, ისევე როგორც შეუძლებელია ახალი პრემიერის პოზიციის ცოდნა ჩემთან დაკავშირებით"- ამბობდა კბილაშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ღარიბაშვილის პრემიერად დასახელებამდე. 

 

ახალი პრემიერის დასახელებამდე და ღარიბაშვილის ამ თანამდებობაზე გამოცხადების შემდეგ, პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავალაგებთ,  ცხადი ხდება, რომ  ან კბილაშვილია ე.წ. კოჰაბიტირებული და შერჩევითი სამართლის მომხრე, ან პირიქით, ის სწორედ ამგვარ რამესთან  შეწინააღმდეგების გამოა გამეტებული, რასაც მხოლოდ შემდგომი პროცესები აჩვენებს.

 

„პრაიმ-ტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში კბილაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ "პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა" და, მისივე თქმით, "დაყოფა არ უნდა მოხდეს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიხედვით".

 

დღეს გაკეთებულ განცხადებაში კი, ის პროკურატურის მსგავს შერჩევით საქმიანობაზე ისევ მიანიშნებს და ამას "პოლიტიკით ნასაზრდოებს" უწოდებს, რომელიც, მისივე თქმით, "ხალხში კოჰაბიტაციის სახელით არის ცნობილი" და რისთვისაც ის "კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი" გახდა.

 

ალბათ იშვიათად ხდება, როცა ისეთი თანამდებობიდან მოხელე, როგორიც მთავარი პროკურორია, სამთავრობო სტრუქტურაში საერთოდ არ დარჩეს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა თავად პრემიერისა და პროკურორის განცხადებებით, კონკრეტულად ამ სფეროში (პროკურატურასა და ზოგადად, იურისპრუდენციაში), სერიოზული საკადრო დეფიციტი არსებობს. თუმცა, ფაქტია, რომ კბილაშვილი სფეროდან მთლიანად მიდის და ამას ივანიშვილის წამხედურობით ხსნის, რაც ისევე არადამაჯერებლად ჟღერს, როგორც თავიდან მის პოლიტიკურ მოწიფულობაზე გაკეთებული განაცხადი.

 

კბილაშვილი გადადგომასა და ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას,"ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას" უწოდებს. თავის დროზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, საზოგადოების ნაწილმა, ნეგატიურად შეაფასა, კბილაშვილმა კი საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, სწორედ პრემიერის მიერ წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე დაასახელა, რითაც საკუთარ უპასუხისმგებლობაზე პასუხისმგებლობაც პრემიერს დააკისრა. კითხვა: კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში მეტს გააკეთებს თუ პროკურორობისას გააკეთებდა? - ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი რჩება.

 

"ხანგრძლივი მსჯელობის" შესახებ კი თავად გადაწყვეტილების მიმღებმა პრემიერმა დღეს განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა, რაც, სავარაუდოდ, "გულწრფელი განცხადებების" არც ისე კარგი გამოცდილების გამო მიიღო, რითაც შემდეგ მოსაყოლებელი განმარტების რისკები შეამცირა. განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა ღარიბაშვილმაც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აუხსნელი დარჩება გადაწყვეტილებების რეალური მიზეზები ისევე, როგორც ეს ხშირად რჩებოდა წინა ხელისუფლებისას. 

 

* გამოყენებულია გაზეთ "ალიას" ფოტო

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED