ბესელიას სამაგიერო - დაუმორჩილებლობისთვის

2013.03.15 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრის უნებლიე „გმირი“ ეკა ბესელიასთვის დასმული კითხვის გამო გავხდი, რასაც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ცრუ ბრალდებები მოყვა.

TSpress.ge კრიტიკულ მასალებს ხშირად წერს ფოთის მაჟორიტარზე, რადგან ბესელია ხშირად აჭარბებს პარლამენტარის უფლებამოსილებას.

 

დაახლოებით, თვენახევრის წინ, ფოთის მაჟორიტარს "არაკეთლგანწყობილ სათაურებთან" დაკავშირებით მისი პრეტენზიებისა და ვრცელ ინტერვიუზე შესათანხმებლად შევხვდი, რადგან ფოთში ბესელიას გარეშე არაფერი კეთდება და მასთან ბევრი კითხვა დაგროვდა.

 

შეხვედრაზე ეკა ბესელიამ PR -ის არქონაზე დაიწუწუნა, „წესიერი კადრის“ შეთვაზება ითხოვა და საბოლოოდ თავად მე შემომთავაზა მისი PR-ჯგუფის ხელმძღავნელი გავმხდარიყავი. უარი არ მოეწონა. საუბარი ბევრ თემას, მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამების ზრდას შეეხო. თემას კარგად ვიცნობ, რადგან ჟურნალისტი ვარ და რადგან დედაჩემი ონკოლოგიური ავადმყოფია. საუბრისას ვახსენე, რომ ფოთის მერიას განცხადებით მივმართე დედაჩემის ქიმიოთერაპიული კურსის ჩატარებაში დასახმარებლად.

 

-რამდენი დღეა განცხადება შეტანილი გაქვს?- მკითხა ბესელიამ.

 

-ალბათ, 10 ან მეტი...

 

-უთხარი ვინმეს? - ჩამეკითხა ბესელია.

 

-არა... მე ვერავის დავავალებ, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, რომ ჩემი 70 წლის დედის განცხადება ურიგოდ განიხილონ, რადგან ვიცი, ახალგაზრდები რა დღეში არიან...უწამლობით იღუპებიან და მე ჯერ კიდევ რაღაც მაქვს გასაყიდი... ალბათ, მოუწევს რიგი და განიხილავენ, მანამდე უნდა ვქნა რაღაც...

 

-თებერვლის ბოლოდან იქნება ახლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, - მოკლედ მიპასუხა ბესელიამ და თან ტელეფონზე მესიჯის აკრეფა დაიწყო.

 

შეხვედრიდან მეორე დღეს გავიგე, რომ ფოთის მერი დედაჩემის განცხადებით დაინტერესებულა და ჯანდაცვის სამსახურისთვის მისი სასწრაფო წესით მიტანა დაუვალებია.

 

დედა კიბოს მეოთხე წელია ებრძვის. ბოლო 2 წელია ძვირადღირებულ ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს და იცის, რომ ამ წამლებით ცოცხლობს. ჩემი ყველა მოკრძალებული შემოსავალი ამას ხმარდება და როცა ხელფასი არ მყოფნის, ნივთებს ვყიდი. ეს ყველამ იცის და ყველამ ისიც იცის, რომ უფულობა არასოდეს გამხდარა ვინმესთან გარიგების საფუძველი.



შევარდნაძის პერიოდში, ფოთის მაშინდელი მერის დავალებით, დედაჩემს ციხეებიდან კრიმინალები ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მისი შვილიშვილი მისი გასაზრდელი გახდებოდა. ფოთის მაშინდელ მერს, ჩემი კრიტიკული სტატიები აღიზიანებდა.

 

წლების განმავლობაში, „ნაციონალების“ ფოთელ მერს - ვახტანგ ლემონჯავასაც არ მოსწონდა ჩემი ჟურნალისტური მასალები, ბოიკოტს აცხადებდა და  კომენტარს არ გვაძლევდა. არც ამჟამინდელ მერს და ფოთის მაჟორიტარს მოსწონთ კრიტიკა და ეკა ბესელია ჩემთან და TSpress-ის სხვა ჟურნალისტებთან „მწარე სათაურებზე“ ყოველთვის აკეთებს აქცენტს. 

 

დედაჩემს ყოველთვის ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტის დედობა მძიმე ხვედრია... რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებში ჟურნალისტებს კლავენ კიდეც და რომ ამისთვის ყოფილიყო მზად! მას ყოველთვის ვახსენებდი, რომ მან გამზარდა ასეთი და მასაც ვაკისრებდი გარკვეულ პასუხისმგებლობას.

 

ჩემს პროფესიულ პასუხისმგებლობას ორჯერ ემსხვერპლა ჩემი ძმის კარიერაც. ჩემი ძმა ორგზის რეპრესირებული გახდა, ორივე ხელისუფლების დროს. ის ჩემი საქმიანობის გამო გაათავისუფლეს და მე ის ვერც ერთხელ ვერ დავიცავი.

 

მსგავსი დაუცველობის და ფრუსტრირების განცდა მქონდა 2005 წელს, როცა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით, ანტიკორუფციული პროექტის განხორციელება დავიწყეთ სამეგრელოს რეგიონში. მაშინ ჩემი რედაქციის ჟურნალისტი და მისი ოჯახი ვერ დავიცავი. ისინი ნაქირავები სახლიდან ერთ დღეში ქუჩაში გაყარეს. ამ შემთხვევაშიცმ მიზეზი ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა იყო. მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ზენიტში იყო მეტად, ვიდრე ახლა „ოცნების“.

 

დედამ გუშინ რამდენჯერმე დამირეკა. ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ მე თვითონ ვეღარ დავმშვიდდი მას შემდეგ, რაც ეს ფრაზა მითხრა: დედა, ნეტა მომკვდარიყავი და ის განცხადება არ შემეტანა. მას მიაჩნდა, რომ ეს მან შემიქმნა პრობლემა, როცა ფოთის მერიაში წამლის დახმარების მოთხოვნით წერილი შეიტანა და მერე ფოთის მაჟორიტარმა ეს ფაქტი ჩემს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენა.

 

გუშინ, უშუალოდ ეკა ბესელიასგან ტელევიზიით შეიტყო მთელმა საქართველომ, რომ დედა ავად მყავს და დედაჩემმა მაჟორიტარისგან გაიგო, რომ ფოთის მერიისგან წამლის დაფინანსებას ვერ მიიღებს. ვერაფრით მივხდი რატომ და საიდან უნდა სცოდნოდა მას ასეთი დეტალები. სამაგიეროდ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარი ამომრჩეველის ტრაგედიით მანიპულირება შეუძლია, თუ მსახურად არ დაუდგები და თავს უფლებას აძლევს სანქცია ტელევიზიით მოგახსენოს, რომ დედაშენი მარტო იმიტომ უნდა მოკვდეს უწამლობით, რომ ის შენი დედაა და რომ შენ პროფესიულ მოვალეობას ასრულებ და რომ არ თანხმდები მის „შემოთავაზებებს“. 

 

შემოთავაზებები მაშინაც მქონდა ისეთი, რომლის ხიბლს, ალბათ, არანორმალური თუ გაუძლებდა და ასეთი ვარ მე, რასაც მეგობრები ხშირად მეძახდნენ. დიახ! მე ვარ ჩემი საქმის, ჩემი შვილის "გიჟი" და ზუსტად მაქვს გააზრებული, რომ ეს მის მომავალში ჩადებული საკმაოდ დიდი ინვესტიციაა.

 

არ მინდა ჩემმა შვილმა იცხოვროს ისეთ დამპალ გარემოში, როგორშიც ვცხოვრობ. როცა ჩემს შვილს გუშინ ვკითხე, ხომ არ რცხვენოდა საკუთარი დედის, რომელიც მუდმივად "ჩხუბობს" ყველა ხელისუფალთან, მან მითხრა, რომ მან იცის, ამას რისთვისაც ვაკეთებ. დავმშვიდდი. „ჩხუბს“ გავაგრძელებ!

 

 

ამავე თემაზე:

 

ბესელიას დემოკრატია


ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

 

"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია


ეკა ბესელია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსის საკითხი უნდა მოგვარდეს


ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]


დაპირისპირება "პოლიტიკური კურთხევის" გამო [Video, Audio]


 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED