ბესელიას სასჯელი მწარე სათაურისთვის

2013.03.02 ავტორი: იზა სალაყაია

- თითქმის ექვსის ნახევრიდან გელოდებით და ახლა რომელი საათია? - ინტერვიუ ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასთან ასე დავიწყე.

- ორის თხუთმეტი წუთი! - მიპასუხა მაჟორიტარმა და თემა გავაგრძელეთ. ფოთის მაჟორიტარს, ბიურო ქალაქის მერიის შენობაში აქვს.

 

ბესელია ფოთში დაახლოებით კვირაში ერთხელ ჩამოდის და მის კაბინეტთან ყოველთვის ხალხის რიგია. თუ აქამდე მაჟორიტარი ინტერვიუსთვის არასოდეს მალოდინებდა, სიტუაცია შეიცვალა TSpress.ge - ზე ჩემი მასალის “ბესელიას დემოკრატიის” გამოქვეყნებიდან პირველივე შეხვედრაზე - პატარა კომენტარის ჩასაწერად თითქმის 8 საათიანი ლოდინი დამჭირდა.

 

 

ბოლო ვიზიტის დროს, რედაქციაში ტელეფონით შემატყობინეს, რომ ეკა ბესელია მოსახლეობას შეხვდებოდა. დავადგინე შეხვედრის დრო და ადგილი...ისიც, რომ მაჟორიტარის ბიუროდან მირეკავდნენ, მაგრამ ვინ მირეკავდა, ამის გარკვევა ვეღარ მოვასწარი. ზარი გაითიშა. მაჟორიტარის ბიუროდან რედაქციაში ხშირად გვირეკავენ ანონიმურად. ამას მივეჩვიეთ. ეგ არაფერი...

 

საღამოს ექვსი იყო დაწყებული, როცა მერიაში მივედი. მოქალაქეების რიგი ამჯერად ეკა ბესელიას ოთახთან კი არა, ფოთის მერის კაბინეტთან დამხვდა. მაჟორიტარი და ფოთის მერი, დავით სარსანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდნენ. მეც, როგორც მედიის წარმომადგენელმა კაბინეტში შესვლა გადავწყვიტე, თუმცა, არ შემიშვეს. მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელი, ნანა ვეკუა კაბინეტში ამბის გასაგებად შევიდა, უკან პირველი არხის ჟურნალისტებთან ერთად დაბრუნდა, თუმცა, მასთან ისევ არ შემიშვეს იმ მიზეზით, რომ “მაჟორიტარი მოსახლეობას ინდივიდუალურად უნდა შეხვედროდა და არა კამერების თანდასწრებით”.

 

მაჟორიტარ დეპუტატთან ფოთის მერის კაბინეტში ორჯერ უშედეგოდ შეღწევის შემდეგ, ინტერვიუების ჩაწერა რიგში მდგომ მოქალაქეებთან დავიწყე... სხვებთან ერთად, რიგში შევნიშნე როლანდ ახალაიას ახლო ნათესავი ნინო დავითაია, არასამთავრობო ორგანიზაცია “დიოსკურიას”  წარმომადგენელი, ნონა ხუხია, კერძო სკოლის დირექტორი, თამარ ფაჩულია, ბესელიაზე განაწყენებული კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები: ზურაბ დონდოლაძე, გია გახოკიძე, ზაურ კინტირაია... ჩემმა ჩართულმა კამერამ მოქალაქეები გააღიზიანა და მხოლოდ ერთი-ორმა მითხრა, რომ ბესელიასთან საცხოვრებელ ფართის, დასაქმების და კონკრეტულ საქმეზე ობიექტური გამოძიების თხოვნით იყვნენ მისულები.

 

ამასობაში კი კაბინეტი ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღის” ჟურნალისტებმაც დატოვეს და არა “მოსახლეობამ”. როცა კიდევ ერთხელ მაჟორიტართან შეხვედრა მოვითხოვე, კიდევ ერთხელ მიპასუხეს - დაელოდეთ, მოქალაქეებს უნდა შეხვდესო!

 

საღამოს 8 ხდებოდა როცა გაირკვა, რომ ეკა ბესელიას ადგილობრივი ტელევიზიის ერთსაათიან თოქ-შოუში უნდა მიეღო მონაწილეობა.

 

- ტყუილად გელოდით? - იკითხა მოსახლეობამ

- გადაცემის დასრულების შემდეგ შეგხვდებით! - უხასუხა მაჟორიტარმა და შემნიშნა.

- იზა, როგორ ხარ? - გადმომძახა დეპუტატმა. თუმცა პასუხს აღარ დალოდებია, მოქალაქეებს შორის ერთ მოხუც ქალბატონზე გადაიტანა ყურადღება, რომელიც შეხვედრას დაჟინებით ითხოვდა, იგი ოთახში შეიყვანა.

 

წამოსვლა გადავწყვიტე და ისევ ანონიმური ზარი ტელეფონზე.

- თქვენ ბესელიასთან შეხვედრაზე მოსული იყავით და  რატომ არ შემოხვედით?.- ჩამეკითხა ანონიმი.

- არ შემიშვით და როგორ? ისე ახლაც აქ ვარ. გააკეთებს კომენტარს? - ჩავეკითხე მე.

- არ ვიცოდით, რომ აქ იყავით. აუცილებლად შემოხვალთ, ოღონდ დაელოდეთ! - ზარი გაითიშა.

 

რვას წუთები აკლდა, როცა მაჟორიტარი ტელევიზიაში წასასვლელად კაბინეტიდან გამოვიდა. ისევ ვცადე კომენტარის ჩაწერა და ერთი წუთი ვითხოვე. ეკა ბესელია უცებ გაჩერდა, რამდენიმე წამით უსიტყვოდ შემომხედა, ჩამაშტერდა, უცებ გატრიალდა და წავიდა. ისევ პრესსამსახურის თანამშრომლისამარა დავრჩი, რომელმაც ისევ ის ჯადოსნური სიტყვა გამიმეორა - დაელოდე!

 

თამაშის წესებს ავყევი. უნდა გამერკვია, რამდენ ხანს შესაძლოა გაგრძელებულიყო ლოდინი. საღამოს 11-ის წუთებზე ეკა ბესელიამ ისევ მერიის შესასვლელში რომ დამინახა, ნაძალადევი ღიმილით მკითხა:

-შენ კიდევ აქ ხარ?

-დიახ... გელოდებით და ჩაგწერთ - ვუპასუხე

-კომენტარს კი მოგცემ, მაგრამ უცნაური სათაურები იცი, მწარე! - მიპასუხა

-მოსახლეობასთან შეხვედრამდე ჩაგწერთ - შევთავაზე.

-არა, უხერხულია, უკვე რამდენიმე საათია მელოდებიან და ამათ მივიღებ. დამელოდე - შეთავაზებითვე მიპასუხა.

-დაგელოდებით! - დავეთანხმე.

-"ბესელიას დემოკრატია!" - ჩაილაპარაკა მაჟორიტარმა TSpress.ge-ში გამოქვეყნებული მასალის სათაური და მოსახლეობასთან შეხვედრა გააგრძელა.

 

ღამის 2-ის წუთებზე კომენტარის ჩაწერამდე, მაჟორიტარმა ჩემი სტატიის “მწარე” სათაური კიდევ ერთხელ ახსენა, თითქმის 8-საათიანი ლოდინი მოქალაქეების სიმრავლით ამიხსნა:“ნუ გეწყინებათ, თუ მოქალაქის პრობლემის მოსმენა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერვიუს მიცემა”. თუმცა, რამდენიმე ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ეს ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერდა.

 

სახლში ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი. ადგილობრივ ტელევიზიას საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე ატვირთული ქონდათ ბესელიასთან მოქალაქეების შეხვედრის მასალა, სადაც მაჟორიტარი აცხადებდა: “ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ, მათი პრობლემებით ვინტერესდებით...” და იქვე მოქალაქეებთან ბესელიას შეხვედრის კადრები. უცებ გამახსენდა დამშვიდობებისას მაჟორიტარის ნათქვამი სიტყვები: “მეგონა პროცესები დაგაინტერესებდათ...” გამეცინა. ძლივს მივხვდი, რომ პრესცენტრიდან დამირეკეს, რათა გადამეღო ფოთის მაჟორიტარის ეკა ბესელიას ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის კადრები.

 

ალბათ, ეკა ბესელიასთან ჩემი შემდეგი შეხვედრა ახალ “მწარე”სათაურიან მასალაზე საუბრით დაიწყება -  ბესელია სასჯელი “მწარე სათაურისთვის”.

 

 

P.S. იმავე საღამოს ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერით, ეკა ბესელიამ ქალებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. როგორც მან თქვა, ფოთის მერის მოადგილის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა და უნდა, რომ ამ თანამდებობაზე ქალი დაინიშნოს.

 

 

მარცხნიდან მარჯვნივ: ია თოდუა, ნათია ჩოკორაია, თამარ გვასალია, ეკა ბესელია, ნინო კოღუა

ჩემთან შეხვედრამდე ეკა ბესელიამ კაბინეტში რამდენიმე ფოთელ ქალბატონი შეიყვანა,  რომლებიც საგანგებოდ იყვნენ ჩაცმულ-დახურული, თითქოს წვეულებაზე მიდიოდნენ - მაღალ ქუსლებზე, ბეწვიანი ქურთუკებითა და საღამოს სპეციალური მაკიაჟით. იმ საღამოს მაჟორიტარს მიღებაზე ეწვივნენ: ფოთის საკრებულოს პრესცენტრის უფროსი ნათია ჩოკორაია, საკრებულოს იურიდიული განყოფილების თანამშრომელი ნინო კოღუა, ფოთის ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი თამარ გვასალია, ფოთის მერიის თანამშრომელი ლელო (გვარს ვერ ვიხსენებ) და ისტორიის პედაგოგი სვეტა ზარანდია.

 

ხუთივე მათგანს ბესელია ადრეც შეხვდა, ოღონდ პარლამენტში. ნათია ჩოკორაიას ფოთის მაჟორიტართან ერთად საკანონმდებლო ორგანოში გადაღებული ფოტოები Facebook-ის პირად გვერდზე აქვს განთავსებული. თუმცა, მეეჭვება ღამის 1 საათზე ხუთეული ფოტოს გადასაღებად მისულიყო ბესელიასთან შეხვედრაზე.

 

ამ ქალბატონებმა ფოთში არასამთავრობო ორგანზიაცია “დეაში” ცოტა ხნის წინ, ქალთა კლუბი შექმენს. არაა გამორიცხული, რომ ფოთის ახალი მოადგილეც (ქალი მოადგილე) მათ რიგებში აღმოჩნდეს. 




ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED