იგივენი და ფოთის მერი...

2013.01.06 ავტორი: ელისო ჯანაშია

სარედაქციო წერილი

ფოთში მერი აირჩიეს. დიდი არჩევანიც არ ყოფილა და დასანიშნიც უკვე კარგა ხნის შერჩეული იყო...ამიტომ განსაკუთრებულ ამბად არავის აღუქვამს "საოცნებო" მერის დანიშვნა, რადგან ყველა დავით სარსანიას დანიშვნის მოლოდინში იყო, რაც ასეც მოხდა.

 

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დემოკრატიის იმიტაციის ყველა მონაწილემ: "ნაციონალებმა", "ქართულმა ოცნებამ", მათთან დაახლოებულმა თუ მათთვის მისაღებმა კომისიის წევრებმა,  იმ 44 კანდიდატმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ ფინალი და იმ საზოგადოებამ, რომელსაც დემოკრატიის მაღალი მოთხოვნა აქვს, საკუთარი როლები უბადლოდ მოირგეს.

 

დავიწყოთ იქედან, რომ მოქმედი კანონმდებლობა მერის არჩევითობას არ ითვალისწინებს, ამიტომ გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე კანონით განსაზღვრული კონკურსი, სწორედ ისე ჩატარდა, როგორის ჩატარებასაც საჯარო სამსახურებში საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, ტრადიციული ნეპოტიზმ-ფავორიტიზმის თანხლებით და, ზოგადად, როგორც მუდამ ჩატარებულა.

 

პროცესი რომ დემოკრატიული და თავისუფალი არ იქნებოდა, ამაზე ის გარემოება მიუთითებდა, რომ მოქმედებები მიმდინარეობდა კულუარებში. ამიტომაც პროცესი იყო გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული, ხოლო გადაწყვეტილება - მხოლოდ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული, რომელთაგანაც არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს. ამდენად, კვლავ მივიღეთ წინამორბედის მსგავსი - დამნიშვნელთან და არა ხალხთან ანგარიშვალდებული კადრი.

 

ვის სჭირდება მსგავსი ფასადური ცვლილება, რომელიც არსობრივად არაფერს ცვლის, თუ კვლავ ყველაფერი კულუარებში, გაუმჭვირვალედ წყდება და ღირსეულ ადამიანებს (თუკი წითელი ან ლურჯი არაა), თვითრეალიზაციის შანსს არ უტოვებს?

 

 

რატომ გაირიყნენ პროცესიდან ნეიტრალური ადამიანები?

 

თავის დროზე, შევარდნაძის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ, ავტომატურად ქვედა დონეებზე ცვლილებებიც გამოიწვია, მაგრამ, ამჯერად, "ნაციონალებმა" წინამორბედთა სისუსტე თუ შეცდომა არ გაიმეორეს.

 

1 ოქტომბერს, ლურჯების გაიმარჯვების შემდეგ, წითლების გავლენა რეგიონებზე მაინც გაგრძელდა.

 

როგორც ცნობილია, თუ საჯარო მოხელეს ადმინისტრაციული გადაცდომა არ აქვს და განცხადებას ზეწოლით ან იძულებით აწერინებენ, უკანონოა და წინამორბედი ძალის აპრობირებული მეთოდია. თუმცა, ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს რომ ზოგადად აქვს მსგავსი გადაცდომები და ზოგ მათგანს კი, სს დანაშაულები (თუნდაც არჩევნების გაყალბებებში მონაწილეობა) ჩადენილი, ეგეც უდავოა. თუმცა, კანონი მაინც საჯარო მოხელის მხარესაა და მას უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. მათი ბრალეულობა სამართალდამცავებმა უნდა დაამტკიცონ და თუკი, როგორც თავად ახალი ხელისუფლება აცხადებს, პროკურორ-გამომძიებლების რესურსი არ გააჩნია, მაშინ კანონიერი გზა ზეწოლით გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, და წესით, ძველი საჯარო მოხელეები თანამდებობებზე უნდა დარჩნენ. 

 

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მანამდე პოლიტიკური პროცესები არ იცდის და სააკაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობებს მომავალ არჩევნებში იბევებს. საამისოდ, ხელფასებიც კი გაუზარდა მათ  წინასწარ. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ძალამ - ან უნდა შეეგუოს წაგებას ან ხელების გადაგრეხაში თავადაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მეორეს ირჩევს. ჩვენც, სწორედ ამ პროცესების მოწმე ვხდებით, რომელიც ყველგან სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს.

 

ამიტომ ის, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებში ხდება, შესაძლოა, მართლაც იყოს "ბუნებრივი პროცესი", როგორც მას პრემიერმა უწოდა, თუმცა საინტერესოა, რამდენად ჯანსაღია ის და რამდენად აძლევს წესიერ, პროფესიონალ და პრინციპულ ადამიანს (არაწითელსა და არალურჯს) ამ პროცესებში ჩართვის საშუალებას. ფოთის მაგალითზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანები თამაშგარე აღმოჩნდნენ და ქალაქისთავის ძიება კვლავ ძველ გაცვეთილ სახეებსა და ახალ, მაგრამ კარგად დავიწყებულ ძველ, უბრალოდ, ხელმოცარულ, წარუმატებელ, არაპროფესიონალ, შემდეგ წრეზე წასვლის სურვილის გამო, ახალ ძალას მიტმასნულ კადრებს შორის დაიწყო და ყველაფერი კვლავ წრეზე დატრიალდა. ამან ჯანსაღი კადრები პროცესიდან ბუნებრივად გამორიყა.

 

ფოთელმა თვითმმართველებმა გოროზია ბესელიათი ჩაანაცვლეს

 

ოქტომბრის ბოლოდან, ფოთის მერიის შენობასთან დაწყებულმა აქციებმა მოთხოვნით - ჩატარდეს კონკურსი და დაინიშნოს მერად დავით სარსანია, კომიკური სახე მიიღო. თუმცა, სასაცილოც არაფერი ყოფილა, რადგან მოწოდებამ, მოვლენათა მსვლელობით, მოგვიანებით ზუსტად ასახა შინაარსი. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ხალხი მაინც გულწრფელია. თუმცა, მოგვიანებით, პოლიტიკოსებმა ეს შინაარსი სხვაგვარად შეფუთეს და მოგვაწოდეს.

 

აქციაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას გამოჩენა, იმთავითვე აღქმულ იქნა სარსანიას მხარდაჭერად, თუმცა, მოგვიანებით ბესელიამ მისი მხარდაჭერა უარყო. მისი შტაბის წევრები პირად საუბრებში ადასტურებდნენ, რომ სარსანია ბესელიას კანდიდატი იყო. ამის შემდეგ, ის შეხვდა ფოთის საკრებულოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს, ვანო საღინაძეს და საკრებულოს მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარება მოთხოვა, მაგრამ მას კანდიდატი არ დაუსახელებია.

 

ახალ ძალის გამარჯვების პირველივე დღეებში "დანებებულ" საღინაძეზე გავლენა საბოლოოდ მაინც გუბერნატორმა იქონია და, ვინაიდან, მან ამის შემდეგ ვერც ერთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გარისკა, პროცესებს გარიდება ამჯობინა და გადადგა. ამის შემდეგ, საკრებულომ ახლადდგადაწყობილ ძალთა კონფიგურაციით, ახალ თავმჯდომარედ, დავით ბაბილუა აირჩია. ბაბილუამ დაუყოვნებლივ უარყო "ნაციონალები" და ახალ ძალას თანამშრომლობა საჯაროდ აღუქვა.

 

საკრებულოს 13 ნაციონალი წევრიდან, "ნამდვილ ნაციონალად", ამ ეტაპზე, მხოლოდ 6 დარჩა. პოზიციანაცვალ საკრებულოს და ახალ რეალობას, ჩვეული მეთოდით ვეღარც "ლეგენდარული" გუბერნატორი დაუპირისპირდა. მოკლედ, ბელადს ნაჩვევმა თვითმმართველებმა, ზაზა გოროზიას ნაცვლად, ამჯერად, ეკა ბესელია აღიარეს. "ნაციონალების" გაფართხალება საკრებულოში, მხოლოდ დარეჯან ცხვიტარიასა და მაგდა მენაბდეს შორის გულისმომაოხებელი ლანძღვა-ქილიკით თუ შემოიფარგლება.

 

მართალია, ბესელიას საჯაროდ საკუთარი ფავორიტი არ დაუსახელებია, თუმცა, მერის პოზიციაზე ის კონკურსს დაჟინებით ითხოვდა. ბაბილუამ კონკურსი გამოაცხადა. ბესელიამ  მართალია არ აიღო  მისი გარემოცვის რომელიმე წევრზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ნდობა გამოუცხადა აწ უკვე "კასტრირებული" საკრებულოს უმრავლესობისგან და მათთან დაახლოებული პირებისგან შემდგარ კომისიას, რითაც პროცესი უფრო "გაპრავდა".

 

ვერტიკალთან კავშირების გამო მოწონებული ახალი მერი

 

მთელი პროცესის მანძილზე აქტიურობდა სარსანია და მისი შეხვედრები კომისიის თუ საკრებულოს წევრებთან იყო იმის მტკიცება, რომ ის ბესელიას რჩეული იყო და მას  ე.წ. "ვერტიკალში" ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს. მან კომისია სწორედ იმის მტკიცებით "მოხიბლა", თუ როგორ მოიზიდავდა ის ბევრ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან, საკუთარი არხებითა და პირადი კონტაქტებით. თვითმმართველობას მთავარ პრობლემად ამ ეტაპზე, სწორედ ბიუჯეტის სიმწირე მიაჩნია, რადგან ხადურის უწყებამ, თანხების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გამო, ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის გაანახევრა.

 

საკრებულოს მიერ "ოცნების" კანდიდატის უპირობო მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს ფინანსური ე.წ სანქციაც გახდა, რომლის პირობებშიც თვითმმართველები მინიმალურ ვალდებულებებსაც ვერ შეასრულებდნენ, ტრანსფერი კი მათთვის, პრაქტიკულად, გველეშაპის ხელში იყო. სარსანიამ კი, ერთ ერთ საჯარო გამოსვლაში 100-მილიონიანი ბიუჯეტის პირობა დადო. თუმცა, როგორ მოიზიდავს, ან როგორ დახარჯავს ამდენ თანხას, მან ზუსტად არ იცის.

 

თუმცა, თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ვენდობით, მან კომისიაას ქალაქის განვითარების ყველაზე სერიოზული გეგმა წარმოუდგინა. ცნობილია, რომ ასეთივე სერიოზული გეგმა თავად ივანიშვილს აქვს ფოთთან მიმართებაში. თუკი გეგმები გასაჯაროვდება, შესაძლოა, მათ შორის მსგავსებებიც გამოჩნდეს.

 

ახალ მერს ბესელიას გარდა, პარლამენტის წევრის, გუბაზ სანიკიძის მხარდაჭერაც ჰქონდა. ის შევარდნაძის პერიოდის ე.წ. "მეექვსე განყოფილების" თანამშრომელი, ხოლო მოგვიანებით, კუდ-ის ფოთის სამმართველოს უფროსი იყო. ის 2006 წელს დათა ახალაიამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გარკვეული ხანი სარსანია თანამდებობაზე აღდგენას უშედეგოდ ითხოვდა, თუმცა, ახალაიამ ის არ დაიბრუნა. ამის შემდეგ ის "ეროვნული ფორუმის" აქტივისტი გახდა და შიგადაშიგ სანიკიძის ფოთურ ვოიაჟებს ჯერ პარტიის ოფისში და შემდეგ რესტორანში მასპინძლობდა. მისი სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტიურობის გახსენება, თუ არ ჩავთვლით არჩევნების წინა თვეს ბესელიას გვერდზე უხმოდ გამოჩენას, ძალიან ძნელია. 

 

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ თავიდანვე კარგად უწყოდა, რომ ეს ყველაფერი ფიქცია იქნებოდა, დემოკრატიისა და კონკურენტუნარიანი პაექრობის შოუ მაინც გათამაშდა, რომელშიც მონაწილეობა სიამოვნებით მიიღო ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ როლებს მომავალ არჩევნებშიც, ყველა უწინდელის მსგავსად, სიამოვნებით ვითამაშებთ.

 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED