მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა

2012.06.20 ავტორი: როკერას ბლოგი

სამი დღეა შვედეთში  ვარ, პატარა და ლამაზ ქალაქ გოტებორგში... ნორვეგიული ქალაქებისგან განსხვავებით აქ სხვა სიმშვიდეა. ეს ადგილი ჩემს პატარა წალენჯიხას მაგონებს.

მთიანია და სულ ტყეშია. ამ ქალაქში სტატისტიკურად, ყოველი მეორე ემიგრანტია. შვედეთი სხვა ევროპისგან, როგორც ამბობენ, ჰუმანური კანონებით გამოირჩევა. ზოგადად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ მკაცრი ნორვეგიისგან განსხავებას უკვე ვატყობ - ეს არის შესაძლებლობების ქვეყანა. ყველაფრის შანსს გაძლევს. დანარჩენი - შენზეა. დიმა, ჩემი აფხაზი მეგობარი ამბობს - დედამიწაზე თუკი სამოთხეა, შვედეთშიაო.

 

დიმა სოხუმელია. დედით ქართველი. ახლაც სოხუმში ცხოვრობენ. ნორვეგიაში გავიცანი. ქართულად სუფთად ლაპარაკობს.

 

ყაზახმა რომამ გამაცნო - Хочу порадовать тебя, твой земляк пришел из Абхазии. დავიბენი... არ ვიცოდი როგორ შეხვდებოდა ქართველს. მერე ქართველებმა დამირეკეს: დროზე მოდი, აქ ერთი მეგრელი ბიჭი გკითხულობსო.

 

ადმინისტრაციული შენობიდან ერთ წუთში გავირბინე თითქმის 200 მეტრი. ოთახში რომ შევედი, ერთი ახალმოსული ქართველი  წამოდგა და გამეცნო. ოღონდ ახლა მეგრულად არ დაიწყოთო, - ბიჭები იცინოდნენ. "დღეს ერთი აფხაზიც მოსულა. მინდა გავიცნო, მაგრამ მეშინია, არ ვიცი ქართველს როგორ მიიღებს- მეთქი", - ვამბობ. ახალმოსული იცინის, - კარგად მიგიღოო უკვე.

 

შენ? - ვეკითხები.

 

კი, მე  - და გვარს ამბობს, რომელიც ვერაფრით დავიმახსოვრე.

 

მიხარია. იმ ღამეს ბევრი ვილაპარაკეთ, ისევე, როგორც მომდევნო ერთი თვე, სანამ ტრონჰეიმში გადავიდოდი. დიმამ ევროპის ყველა ქვეყნის კანონები იცის,

 იცის თითქმის ყველა ქალაქი, რომელ ქვეყანაში რა სტრატეგია აქვს საემოგაციო სამსახურს. მას ექსპერტს ვეძახი. მისგან გავიგე, რომ საქართველოსაც გაუხსნია აზული.

 

აზული?  - სამ ხმაში ვკითხულობთ მე და ორი ქართველი. და ვიცინით.  

 

-ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, გასაპუტი ქათმის შემწვარ ხორცს გვაჭმევენ და წარმოგიდგენია, საქართველოში რა მენიუ ექნებათო? - ამბობს ერთი.

 

თუკი საქართველოში აზულში მყოფს 300 ლარს აძლევენ მართლა, ახლა რომ ჩავალ, საკუთარ ქვეყანას ჩავბარდები, სამსახურს მაინც ვერ ვშოულობო,  - ამბობს მეორე. ეს ახალი ანეგდოტიაო საქართველოზე,- ამბობს დიმა.

 

დრო იმდენი გვაქვს, რამდენიც გინდა... ცხადია, პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ.

 

2003 წელს, როცა ხელისუფლება მოვიდა, აფხაზეთში მოსახლეობის მხრიდან სრული მზაობა იყო ცვლილებებისთვის - ყველას იმედი გვქონდა და რაღაც ცვლილებას ველოდებოდით, ამის ნაცვლად, ენგურის ხიდზე სტუდენტები დააყენეს ტრანსფარანტებით, აფხაზეთი ჩვენიაო. სულ ეს იყო, რაც გააკეთაო ამ მთავრობამ. არ სჯერა, როცა ვეუბნები, რომ არასდროს უთქვამს არავის (არც ხალხს, არც ხელისუფლებას), რომ აფხაზები ჩვენი მტრები არიან.

 

დიმა:

 

აფხაზეთიდან დევნილებს თბილისში დაცინვით უყურებდნენ, ლამის შეურაცხყოფას ნიშნავს სიტყვა -"ლტოლვილი". საკუთარ ხალხს ამცირებდა ცალკე ხელისუფლება, ცალკე ხალხი და როგორ გინდა დავიჯერო, რომ აფხაზები უყვართო?

 

შენს ქალაქში მხედრიონმა სახლები გადაწვა, კაცები დახოცა, ქალები გააუპატიურა, სახლები გაძარცვა. მთელს სამეგრელოში ასე გააკეთეს. ჩვენი ყველას უბედურება იცი რა არის? როცა არ მოეკითხა ამის გამო არავის - არ არსებობს საზოგადოებრივი ცენზი. ბევრი „მხერიონელი“ დღესაც ჩნდება ტელეეკრანზე - იმიტომ არა, რომ მათ აქვთ რაიმე სათქმელი, იმიტომ, რომ საზოგადოება ეკითხება აზრს და ისინიც ამბობენ.

 

ჟურნალისტები იწვევენ ეთერში იმასთან დაკავშირებით, ვთქვათ, როგორ მოსწონთ რაღაც კანონი, ან რეფორმა. ეს ხალხი საზოგადოებამ უნდა გარიყოს, იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინაშე.

 

იმ ჟურნალისტს თუ პროდიუსერსაც უნდა აუკრძალო პროფესიული მოღვაწეობა, ვისაც მორალი არ გააჩნია, იმასაც ვინც ასეთ ტიპს ოპონირებას უწევს. ნუ მეუბნები, რომ აფხაზები უყვართ ქართველებს. ერთი წერტილიდან ჩვენ სხვადასხვა ცხოვრება დავიწყეთ - გვინდა ეს თუ არა. ახლა სხვადასხვა გზაზე მივდივართ. ყველაზე სასაცილო, იცი რა იყო? რუსების მოპარულ ოქროს ჩანგალს რომ აჩვენებდნენ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ომი ომია და მარადიორობა ომის კანონია.

 

გინდა სამეგრელოში, გინდა აფხაზეთში, ქართველი რას აკეთებდა? აფხაზეთში საომრად წამოსულებიდან ალბათ, ნუ, მთლად ნახევარს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი წამლის გამო და სამარადიოროდ იყო ჩამოსული. ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, რომ არ გვახსოვდესო.

 

მე:

 

არ ვეუბნები, რომ მხედრიონის მერე სამეგრელოში მანქანა არ დადიოდა - ყველა წაიყვანეს, სახლებიდან ავეჯები გაზიდეს, უნიტაზები დახსნეს. თქმას რა აზრი აქვს - ეს ორივემ ვიცით...

 

ახლა დიმა გერმანიაშია. ყოველდღე მკითხულობს. დიმა ჩემი მეგობარია. სოხუმში დამპატიჟა. როცა საქართველოში ვიქნებით, მე აუცილებლად ჩავალ მასთან სოხუმში სტუმრად. გუშინ მითხრა, ექვს თვეში მეც შვედეთში ჩამოვალო. აქ დღეები ისე სწრაფად გადის, თვლას ვერ ასწრებ. ექვსი თვე მალე გავა.

 

სამი დღის წინ, ასეთ დროს, ნორვეგიაში მზე ჩავიდა...

 

აქ ბნელა... ძლივს ღამე ღამეს გავს.

 

ჩრდილოეთ შვედეთშიც, ნორვეგიის მსგავსად, პოლარული დღეები იქნება.

 

1905 წლამდე ერთი საუკუნით ადრე ამ ორი ქვეყნის ისტორია სასაცილოდ განვითარდა: დანიამ (რომელიც მანამდე 5 საუკუნე მართავდა ნორვეგიას მათივე თხოვნით) უთხრა შვედეთს, მომბეზრდა ეს ნორვეგია, არაფერში მადგება და მთლად გადაგდებას, თუ გინდა შენ მოგცემო. შვედეთმა, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო და მმართველობა "იჩუქა". ნორვეგიამ მოკრძალებით განაცხადა  - კი, მაგრამ, ჩვენ რატომ არ გვეკითხებით, ისე, წესისთვისო. ზუსტად ასე ვუყვები ქართველებს ნორვეგიის, დანიისა და შვედეთის ისტორიის ამ ნაწილს.

ნორვეგიელებს შვედებზე ასეთი გამონათქვამი აქვთ - ასო აქვთ მოკლე, თორემ მეხსიერება გრძელიო. აქ, მაღაზიებში ნორვეგიული ფული ჩვეულებრივად ბრუნვაშია. ნორვეგიელები და შვედები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან .

 

 ნორვეგიელების საშუალო სიმაღლე 1, 85 მეტრია, შვედები საშუალო სიმაღლის არიან. ნორვეგიელები მუდმივად კეთილგანწყობილები, შვედები ძირითადად დაბღვერილები არიან. ნორვეგიელები ძალიან თეთრები, შვედები ადამიანური ფერისანი...

 

ნორვეგიაში კანონი არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას, შვედეთში - თუ მოქნილი ხარ, ყველაფერს გააკეთებ, საკუთარი ბიზნესიც შეგიძლია ააწყო.

 

შვედეთში საემიგრაციო სამსახურის დაცვა "დუბინკებითა" და კიდევ რაღაც ატრიბუტებით დადის სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი. ესენი მეტად ხისტები არიან, ვიდრე ნორვეგიელი პოლიციელები. მათ ნახვაზე შიში მეუფლება. მეზიზღება სისტემა, რომელმაც ეს შიში მომანიჭა.

 

არ მინდა იქ დაბრუნება...

 

არ შემიძლია ვიყო საზოგადოებაში, რომელიც კოლბაში მოათავსეს და მკვდარია. მირჩევნია ბოშასავით ვიხეტიალო ქვეყანაზე.

 

ახლა საქართველო დიდი არჩევანის წინაშე დგას. მაგრამ ხალხი უარს არ იტყვის საკუთარ ტანჯვაზე. ჩემი დაკვირვებით, ქართველს ურჩევნია უბედურის როლი მოირგოს და მერე მუდმივად ამაზე იწუწუნოს, ვიდრე იბრძოლოს.

 

არჩევნებში მმართველი პარტია რომც დამარცხდეს, საქართველოს მაინც არაფერი ეშველება. ხელისუფლება შეიძლება შეცვალო, მაგრამ შეცვალო ერის გონება, რომელსაც ბოლო 80 წელია აუპატიურებენ და ყველაფერი ღირებული გაუქრეს, უახლოესი დროის პერსპექტივებში, ვერ ჯდება. 

 

ჩვენ, აქაური ქართველები არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.

 

Beth Hart-ის Chocolade Jesus - რამხელა ენერგია მოდის. ალბათ, ტომ ვეიტსზე მეტი (ტომ ვეიტსის ფანებისგან უკვე მესმის სტვენა).

 

ბგერა და  სიტყვა - ამაზე დიდი არაფერი შექმნილა დედამიწაზე...

 

 

 

მსგავს თემაზე: 

 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ



"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“


 

„А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი



 

 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED