ბიძინას პრესრინგი

2011.11.17 ავტორი: ელისო ჯანაშია

Image 120

ივანიშვილის პრესკონფერენცია

დედა, რა იყო ეს?!- აღმომხდა და „ფეისბუქზე" გუშინ ესღა დავწერე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან მოსულმა. პრესკონფერენციაზე ყოფნის საათნახევარში ვერაფრით მივხვდი, სად ვიყავი: ნაცარხების მიერ დადგმული შოუზე თუ რინგზე, სადაც არათანაბარ პოზიციებში იმყოფებოდნენ მხარეები? ერთი განსაკუთრებულად აგრესიული იყო, მეორე – პატარძალივით მორცხვი, ნერვიულობითა და მოულოდნელობით ხახაგამშრალი...

პრესკონფერენციის გარდა ყველაფერს – ბაზრის გარჩევას, ტრანსპორტში ადგილის გამო დავას, სათამაშოს წართმევით გაბუტული ბავშვების კინკლაობას, დიდი ბიჭის მიერ დაჩაგრული პატარა ბიჭის გამოსარჩლებას და კიდევ ათას რამეს ჰგავდა, ოღონდ არა პრესკონფერენციას. აქ წესები არ იყო.

ერთმა სოციალურ ქსელში დაწერა: ბავშვობაში მახსოვს, ბაბუაჩემი ბრიგადირი იყო და ასე ელაპარაკებოდნენ სოფლის ქალებიო. ერთმა ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა, მალხაზ ხარბედიამ კი, ამ პრესკონფერენციის აღსაწერად ენა უძლურად მიიჩნია: დღევანდელმა პრესკონფერენციამ წყალში ჩაყარა ენის შესაძლებლობებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველა შედეგი )) რადგან დღეს რაც ხდებოდა, ამის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. ენა ისევ უძლურია

ჰოდა, მეც ამ ენით ვსაუბრობ, ასე რომ, სრულად ვერ გადმოვცემ გუშინდელს...თუმცა, ერთი რამ ნათელი იყო: ნაცარხების ჟურნალისტები საკუთარ თავს, ანუ სააკაშვილის პრესკონფერენციებზე მძიმედ თავისმქნეველ და მხოლოდ მიკროფონის ფუნქციაშეთავსებულ ჟურნალისტებს სულაც არ ჰგავდნენ.

მიკროფონის ერთმანეთისთვის წართმევამ, კითხვის დასმის გამო ჟურნალისტებს შორის გამართულმა ხანგრძლივმა კამათმა, თანხმობის მიუღებლობის გამო დაჩაგრულის პოზიციიდან გამოთქმულმა პროტესტმა და ივანიშვილის პრესსამსახურის „დათმობებმა", "სხვანაირად არ გაგვიგონ" პოზიციებმა, სულ არია ყველაფერი.

როცა უკვე ალბათ მეოთხედ, „იმედელ" ლიკა ბერაიას არ მისცეს მიკროფონი, გააპროტესტა და წინ გაიჭრა, გავიფიქრე, რომ ახლა გავარდება და ივანიშვილის მაგიდაზე შეხტება-მეთქი. ამის შემდეგ, უკვე საბოლოოდ უკან დავიხიე და კითხვის დასმა არც მიოცნებია...

თან, ჩვენი მესტიელი ჟურნალისტის მონაყოლი მახსენდებოდა: მიშა რომ მესტიაში ახალ შენობებების ზარ-ზეიმით გასახსნელად ჩასულა, იუსტიციის ახალაშენებული სახლიდან გამოსვლამდე, მის პრესსპიკერს, ნათია ბანძელაძეს ნაცარხების ოპერატორ-ჟურნალისტებისთვის, მიშას შენობიდან გამოსვლისას გარშემოხვეული ხალხის „კრუპნად" გადაღების მითითება მიუცია. მაგრამ მიშას, მხოლოდ ერთი სვანურქუდიანი მოხუცი მიახლოებია და ბანძელაძეს ხელისა და თავის მოძრაობით უნიშნებია, რომ აღარ გადაეღოთ. ჟურნალისტ-ოპერატორების სრული მორჩილებით გაოცებული გვიყვებოდა ჟურნალისტი ამ ამბავს.

ისევ პრესკონფერენციას დავუბრუნდები. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტებს დროის გაწელვისა და ივანიშვილის თავდაცვით პოზიციაში ჩაყენების ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული. როგორ შეასრულეს დავალება? ალბათ, არც ისე პროფესიონალურად, რადგან ჩანაფიქრს ყველა მიხვდა.

ჯერ იყო და, ეთერში მოხვედრის სანაცვლოდ, პირველი არხისთვის ინდულგენციასავით მირთმეული პირველი კითხვის უფლება. „რადგან ეთერი დაგითმეთ, კითხვების დასმის უპირატესობა გვაქვსო."(რა სიბრიყვეა!)

კითხვა კი, იყო პათეტიური, რამდენიმეპუნქტიანი ბრალდებების კასკადი, იმდენად უინტერესო და წინასწარ ცნობილი, უკვე ფასი რომ არ ჰქონდა. აი ისეთი, განწყობა წინასწარვე რომ იცი და გასკდეს, მაინც რომ არ გჯერა. და თავად ჟურნალისტი აჟიტირებული... აშკარად, კმაყოფილი დავალების შესრულებით და სამსახურის დაკარგვას გადარჩენილი.

ამას მოჰყვა ნაცჟურნალისტების ერთმანეთს მსგავსი კითხვები: ლებედის დაფინანსება, პუტინთან და კრემლთან ურთიერთობა, რუსეთში ნაშოვნი ფული და ა.შ. კითხვები, რომლებიც თავის თავში ხელისუფლების სასურველ პასუხებსაც მოიცავდა.

Image 121

ივანიშვილის პრესკონფერენცია

ახლა რაც შეეხება ივანიშვილს. მის ადგილას პრესსამსახურიდან და ტექპერსონალიდან ბევრს დავითხოვდი ამ არაორგანიზებულობის, ქაოსისა და ტექნიკური გაუმართაობისათვის. „პირველი შემთხვევით" თავის გამართლება მთლად დამაჯერებელი არაა. ტრიპოლსკის მიმიკები, მანერები და რეპლიკები, ისეთივე გამაღიზიანებელი იყო, როგორც ლიკა ბერაიას და ნინო გომართელის ზღვარსგადასული წიკვინი, რომლებიც „ბრიგადირს" საქმეს ურჩევდნენ.

და ბოლოს, დღეს, ერთმა აპოლიტიკურმა ადამიანმა მითხრა: რაში მაინტერესებს ივანიშვილის ურთიერთობა პუტინთან და მისი აზრი ხადარკოვსკიზე?! მე მაინტერესებს როგორ მოვა, საიდან იცის, რომ არჩევნებს არ გაუყალბებენ, დებს თუ არა პირობას, რომ მშვიდობიანად მოვა და მოსვლის მერე რას გააკეთებს ხალხისთვისო.

მეც ბევრი კითხვა მქონდა, მაგრამ, ალბათ, ორს მაინც დავსვამდი:

თუ ყველა გზა მოუჭრა ხელისუფლებამ და ლეგიტიმური არჩევნები არ ჩაატარა, რაც ალბათ, ყველაზე მოსალოდნელი სცენარია, და ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა, განიხილავს თუ არა მეორე გზასაც, ანუ რევოლიციის გზას და როგორ წარმოუდგენია ძალოვანებთან დაპირისპირება? თუ გამორიცხავს, რატომ? რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, მით უმეტეს, როცა ძველი გამოცდილებები გვაქვს.
რატომ გვატყუებდა და სოროსის სახელით თავად რატომ აფინანსებდა და აძლიერებდა წლების მანძილზე ხელისუფლებას, მაშინ, როცა, საპროტესტოდ გამოსულთ, მის მიერ გაძლიერებული ხელისუფლება ცხვირ-პირს გვალეწდა? რატომ დასჭირდა ამდენი დრო სიტუაციაში გასარკვევად?

ბოლო კითხვაზე პასუხად, მხოლოდ „ბოდიში" იქნებოდა ჩემთვის მისაღები.

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED