პრეზიდენტი, სირია და ნებაყოფლობითი რეზერვი

2012.03.19 ავტორი: ელისო ჯანაშია

სამეგრელოს შეიარაღებულ ფორმირებებს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია პირადად ხელმძღვანელობს.

რამდენიმე ხნის წინ, რუსთავი 2-ის სიუჟეტში, სამეგრელოს „ნებაყოფლობით რეზერვში“ ასეულობით მსურველის გამოჩენასა და რეზერვის „სიკეთეების“ შესახებ, მინისტრმა თავად ისაუბრა. 

ოპოზიცია მსგავს დაჯგუფებებს  შეიარაღებულ ბანდფორმირებების უწოდებს და ეჭვობს, რომ ხელისუფლება მათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში გამოიყენებს. ამის თქმის საფუძველს, მას ბოლო პერიოდში, კონტროლის პალატისა და პოლიციის მიერ პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ გამოყენების მაგალითებიც აძლევს.

 

გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მოსახლეობის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს მიერ რეზერვსა თუ დაჯგუფებაში „თავპატიჟს“ თანხმდება. ზოგი უარს ამბობს, ზოგიერთს კი, ხელისუფლების დავალებების უსიტყვოდ შესრულება ხიბლავს და დაჯგუფებაც ყალიბდება.

 

ნიშანდობლივია, რომ რეზერვის შექმნის იდეას წინ უძღოდა, „ტყის ძმების“ მეთაურის, ზუგდიდელი დათო შენგელიას ციხიდან ვადაზე ძალიან ადრე გათავისუფლება. ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისთვის 24-წლიანი პატიმრობამისჯილი შენგელია, 7 წელიწადში გათავისუფლდა. თუ გათვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ რამდენად ხშირად ათავისუფლებენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო პატიმრებს, შენგელიას გათავისუფლება და  სამეგრელოში მისი საკმაოდ „ჯანმრთელად“ გადაადგილება, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. სწორედ აღნიშნულ ფორმირებებთან მის კავშირებზე საუბრობენ სამეგრელოში.

 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ე.წ. „ნებაყოფლობითი რეზერვს“ ადგილობრივებს „ნატოს სტანდარტების მოთხოვნად“ აცნობენ.

-„ნატოს მოთხოვნააო. ეს იქნება სოფლის თავდაცვა და ნებისმიერი საგანგებო სიიტუაციის დროს, როგორც ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთო. ეს იქნება წყალდიდობა, ხანძარი, ყაჩაღობა თუ ომი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთო,“- ამბობენ ჯიხაშკარელები.

 

რეგიონს არც მიწისძვრა აწუხებს ხშირად, არც წყალდიდობა და მეწყერი და უახლოეს ხანებში, არც რაიმე განსაკუთრებული ბუნებრივი კატაკლიზმაა ნავარაუდევი. ამდენად, ხელისუფლების მიერ მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობის შეიარაღება, მართლაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ძალიან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ „მსურველები“ ჯიხაშკარსა და სენაკის სამხედრო ბაზაზე მხოლოდ  5-დღიან წვრთნებს გადიან!  მტერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ რუსეთი და მისგან მართული ოპოზიციაა!

 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთისთვის ჯიხაშკარია ვატერლოო, ან კიდევ, სტიქიური უბედურებების დროს, მოსახლეობას იარაღი სჭირდება, ან ძალიან გულუბრყვილოა, ან ძალიან ბრიყვი.

 

ვის და რაში სჭირდება სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებები?

 

რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ალასანიამ საქართველოში სირიის მოვლენების განვითარება ივარაუდა.

პრეზიდენტმა, რომელიც აქამდე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასა და მის არც ერთ აქტივობას პირადად არ გამოხმაურებია, განაცხადა:-„ ბოლო დროს "გაჟღერდა ახალი ნოტები". ისინი დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით“, რაც ასე „თარგმნა“:  დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა  - 1992. როგორც ჩანს, ვიღაცებმა ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლეს“.

 

 

 

 

 

პრეზიდენტის ფრაზაში ბევრი უზუსტობაა, მაგრამ ორს გამოვყოფდი: თუკი ის სირიისა და ჰომსის სცენარს ადარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მაშინ საკუთარ თავსა და პოლიტიკურ ძალას სირიის ხელისუფლების ადგილას, ანუ დიქტატორის პოზიციაში აყენებს. პირსისხლიანი რეჟიმების მსგავსად, თუკი თავადაც არ აპირებს ძალაუფლების დათმობას, აშკარაა, რომ ეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ბრალეულობა ვერ იქნება. როგორც ჩანს, სააკაშვილიც გრძნობს, რომ მთლად მართებულ შედარებას არ აკეთებს და უმალ გამსახურდიასთან პარალელზე გადადის. ის ცდილობს ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან დააკავშიროს, რაც კიდევ უფრო დიდ აბსურდად გამოიყურება: გამსახურდიას ხელისუფლებას არც 9 წელი უმართია ქვეყანა და არც ავტორიტარული მმართველობის ბრალდებით დაუმხიათ ის.

 

სააკაშვილი აქაც ბლეფობს, მაგრამ მისი მთავარი მესიჯი -  90-იანი წლებით ხალხის შეშინება, მაინც  წარმატებულად გამოიყურება.

 

მეგრელებისთვის მხედრიონისა თუ სხვადასხვა დაჯგუფებების თარეშის შეხსენება, ძალიან სენსიტიური და მტკივნეული თემაა. პრეზიდენტის მთავარი მესიჯი, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მტრის ხატად ქცევაა, რომ თითქოს სწორედ ის და მასთან ერთად რუსეთი ცდილობს დესტაბილიზაციას, ხოლო თავად მხოლოდ აშენებს და ძალაუფლებისთვის არ იბრძვის. პრეზიდენტის მიზანი, ამ შემთხვევაში,  მოსალოდნელ „1992 წელზე“ პასუხისმგებლობის მთლიანად ოპოზიციაზე დაკისრებაა.

  

მისი გზავნილი მკაფიოა. ეჭვი არავის ეპარება, რომ სამეგრელოს მოსახლეობას სწორედ ამ შავ-ბნელი წარსულის გამეორება არ უნდა, შესაბამისად, მათ არ უნდა  სურდეთ ამ საქმის „ჩამდენებად“ დასახელებული ოპოზიაციაც. პრეზიდენტიც სწორედ აქ უმიზნებს. 

 

პრეზიდენტის მეორე გზავნილი:ოპოზიცია როგორ  არ აცლის ხალხს შენებით ტკბობას. „დაგვაცადეთ- ჩვენ და ხალხს, ხელს ნუ გვიშლით“. ის აჩვენებს, რომ ხელისშემშლელი ოპოზიცია შენებას უშლის ხელს და მოუწოდებს მას დაანებოს თავი „ასეთ თემებთან თამაშსაც კი“: -„ ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება".

 

იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ასე ცხოვრება და სურთ ცხოვრების გაუმჯობესება, აფრთხილებს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერით უარესად წაუვათ საქმე და 1992 წელში დაბრუნდებიან, ამიტომ უნდა შეეგუონ არსებულს.

 

ცუდი ყოფითა და უსამართლობით შეწუხებულ ადამიანებს პრეზიდენტი აქვე იმ პროექტებს ახსენებს, რომელთაგან ზოგიერთის შესრულება ფანტასტიკის სფეროა, ზოგიერთი კი ისევ იმ გაღატაკებული და გაუბედურებული ადამიანის ჯიბიდან ამონაფხეკითაა გაკეთებული: „ფოთის პორტის გაფართოება, ფოთის აეროპორტი, ლაზიკა, ყულევი, ანაკლია, ზუგდიდის აღორძინება, მესტია, თეთნულდი, ჰაწვალი, ეწერი, უშგული, სოფლის მეურნეობის განვითარება, ავტობანი, დაჩქარებული რკინიგზა, თანამედროვე საავადმყოფოები და სკოლები.“

 

ხოლო თუ არსებულ ხელისუფლებას არ „შეეგუება“, პრეზიდენტისვე განცხადების ქვეტექსტით, ესეც აღარ ექნება...

 

კითხვები განსჯისათვის:

გვინდა 1992 ? მაშინ უნდა შევეგუოთ არსებულს. არ გვინდა არსებული? მაშინ პრეზიდენტის თქმით, უნდა ველოდოთ 1992-ს, რადგან ის სხვა რეჟიმების მსგავსად, დათმობას არ აპირებს...

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED