რეგიონების ძარცვის პოლიტიკა ნაციონალებიდან დღემდე

2017.11.24 ავტორი: TS

ხელისუფლებაში ახლადმოსული “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცენტრალიზებული მართვ ის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, მკაფიოდ უჭერდა მხარს დეცენტრალიზაციას და რეგიონებისთვის “სამართლიანი ბერკეტების” გადაცემას ითხოვდა:

"ჩემი აზრით და ეს ჩემი ინიციატივა იყო თავშივე, როგორც შემოვედი პოლიტიკაში, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება არის ძირითადი ბერკეტი, რომ საზოგადოებამ იგრძნოს და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და ხელისუფლების კონტროლში. სწორედ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებით და იმდენი უფლების გადაცემით და არანაკლების რეგიონებში უნდა დაირღვეს დემოკრატიული ცენტრალიზმი, ეს საშინელება, რაც ჩვენ მივიღეთ განსაკუთრებით გამკაცრებული ბოლო 9 წლის განმავლობაში და სამართლიანი ბერკეტები ძალიან დიდი უნდა გადაეცეს რეგიონებს. სწორედ ამისათვის ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს მთავრობაზე უკვე განვიხილეთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მართვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითთმართველობა. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი.”(პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი)


საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და განვითარების ძირითადი პრინციპების შესახებ განკარგულება, 2013 წლის 1 მარტს გამოსცა.


აქედან, 3 წლის თავზე, ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ამავე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გასულ წელს აცხადებს, რომ თვითმმართველობები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება და ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე:
„გარდა სტანდარტებისა, ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან მოხდება, ანგარიშვალდებულება იქნება პარლამენტის მიმართ“. 


რას ვერ ელევა მმართველი პარტია?


ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თუ ხელისუფლების ზედა ეშელონი უნდა აგებდეს პასუხს ქვედას წინაშე? თვითმმართველობა მხოლოდ თავისი ამომრჩევლის წინაშე აგებს პასუხს, ამომრჩეველი აკონტროლებს მას და ამიტომაცაა თვითმმართველობის ძირეული რგოლებში, ევროპაში რამოდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს ხშირად, ადმინისტრაციის კონტროლი ასეთ შემთხვევაში გაცილებით ადვილია, ვიდრე დედაქალაქში თავმოყრილი უზარმაზარი ძალაუფლების მქონე ხელისუფლების.


ხელისუფლება თავადვე აღიარებს დეცენტრალიზაციის საჭიროებას, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული თვითმმართველობები არ აქვთ და საქართველოში თვითმმართველობებს ევროპულ სტანდარტებით შედარებით ორჯერ ნაკლები ბიუჯეტი აქვთ, რისთვისაც ადგილობრივ თვითმმართველობებისკენ უფრო მეტი რესურსის მიმართვაა საჭირო, მაგრამ ამის გადაწყვეტა ისევ ცენტრალიზებულად - სამინისტროებში წარმოუდგენიათ, რაც გამორიცხულია:


"უნდა შედგეს სრულფასოვანი სტრატეგია დეცენტრალიზაციის, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა შესაბამის სამინისტროსთან და მასთან კონსულტაციით იწყება უკვე მუშაობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე. არის ძალიან დიდი რესურსი იმისათვის, რომ მეტი ფინანსები გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თუ სწორად დაიგეგმა შესაბამისი სტრატეგია და ამან შეიძლება გამოიწვიოს საშუალოვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდა, თუ სწორად დაიგეგმა ეს პროცესი, ეს არის უპირობოდ გასაკეთებელი, რომ ჩვენ ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა მივიღოთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


რას გულისხმობდა ივანიშვილი “საშინელებაში“, რომელიც მივიღეთ ნაციონალების დროს


დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე “ჯერ დამოუკიდებლობა მერე დემოკრატია (ეკონომიკა და ა.შ)” ლოზუნგი გვქონდა, მერე ხელისუფლებაში მოსულ არცერთ პარტიას თუ ჯგუფს არ ეთმობოდა კომუნისტებისდროინდელი “დემოკრატიული ცენტრალიზმი”, პერიოდულ შერბილებას ისევ დიქტატი ცვლიდა. მაღალფარდოვანი ლოზუნგების უკან კი ქონების განკარგვის და უკიდეგანო ძალაუფლების სურვილი დგას. იმ ყბადაღებული 9 წელიწადში, დეკლარირებული “პროევროპული” კურსის ნაცვლად, ტიპური აღმოსავლური დესპოტია მივიღეთ, ხელისუფლების მკაცრი ვერტიკალით ზემოდან ქვემოთ.


მათ მიერ, არაერთხელ დეკლარირებულის საწინააღმდეგოდ, სწორედ ქონების და შემოსავლების რეალური განკარგვის უფლება, რაც თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის უპირველესი მაჩვენებელი, სწორედ ნაციონალების მმართველობის დროს წაერთვათ ადგილობრივ თვითმმართველობებს და დაიწყო რეგიონების გაღატაკების პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება.


თვითმმართველობის განვითარების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი - რეგიონები ფინანსურად არ არიან თვითკმარი და საჭიროებენ ცენტრისაგან რეგულარულ ფინანსურ დახმარებას, იგივეა, ადამიანი გავძარცვოთ, წავართვათ ქონებაც, შემოსავალიც, მერე ურცხვად სიღარიბეში დავდოთ ბრალი და ვუკიჟინოთ, რომ ჩვენი დახმარების გარეშე ვერ არსებობს.


ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გავეცნოთ, თუ რა გაუკეთა რეგიონებს წინა ხელისუფლებამ, ხოლო ახლანდელს, როგორ მოსწონს არსებული სიტუაცია და აგრძელებს რეგიონების ძარცვიხ პოლიტიკას:


"ვარდების რევოლუციის" შემდგომ წლებში გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი საგადასახადო შემოსავლების შემცირების ტენდენცია:


შემცირდა გადასახადთა სახეობები და საგადასახადო წილები - მათ შორის ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია მისასალმებელი იქნებოდა, ცენტრალურ ხელისუფლებას საგადასახადო შეღავათების ნაწილი მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯზე არ დაეწესებინა, ან თვითმმართველობებისათვის შესაბამისი კომპენსაცია მიეცა.


დაიწყო საგადასახადო შემოსავლების ცენტრალიზაციის პროცესი.


2006 წელს, მოგების გადასახადი, რომელიც, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ზიარ გადასახადს წარმოადგენდა, სრულად წავიდა ცენტრალურ ბიუჯეტში;


2007 წელს, "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხები ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში წავიდა და დადგინდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ თვითმმართველობებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს უნდა მოხმარებოდა.


შემცირდა საკუთარი საგადასახადო შემოსავლების წილი თვითმმართველობების ბიუჯეტში. თუ ჯერ კიდევ 2007 წელს საკუთარი შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტების 50%-ს შეადგენდა, 2008 წელს ამ მაჩვენებელმა 15%-მდე დაიკლო.


მუნიციპალიტეტები შეზღუდულნი არიან დამატებითი დაფინანსების წყაროების მოზიდვის შესაძლებლობის მხრივ - თვითმმართველ ერთეულს სესხის ან გრანტის აღება მხოლოდ საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით შეუძლია.


საკუთარი საგადასახადო შემოსავლების, როგორც წილობრივი, ისე აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირების პარალელურად, სახელმწიფომ ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსულობების მთავარ წყაროდ ტრანსფერები აქცია, რითაც, ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, თვითმმართველობები ფინანსურად აბსოლუტურად ცენტრზე დამოკიდებული გახადა.


ხშირად ხდება სახსრების გამოყოფა სახელმწიფოს ან ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე ისე, რომ ანგარიში არ ეწევა ამა თუ იმ თვითმმართველობების რეალურ საჭიროებებს წარმოადგენს.


ცენტრალური ხელისუფლება ხშირად ავალდებულებდა თვითმმართველობებს, საკუთარი ბიუჯეტებიდან დაეფინანსებინათ ცენტრალური ხელისუფლების ხარჯები (პოლიციის განყოფილებების, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების, ჯანდაცვის, ზოგადი განათლების და ა.შ. ხარჯების დაფინანსება)2009 წლიდან ეს არაფორმალური ზეწოლა იურიდიულადაც გაფორმდა და მას შემდეგ ასეთი ხარჯების წილი განუხრელად გაიზარდა (2007 წელს - 6,4%, 2008 წელს - 8,6%, 2009 წელს - 9,1% და ა.შ.). შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობებს დაუფინასებელი რჩებათ საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონებში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს.


ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის პროცესი შემდგომში შენელდა რამდენიმე მიზეზის გამო:


ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა (და დღესაც წარმოადგენს) შესაბამისი მონაცემთა ბაზის არარსებობა. ჯერ კიდევ 2005 წლის ივნისისათვის უნდა მომზადებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და დღეისათვისაც არ არის ბოლომდე დასრულებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც მონაცემთა ბაზაში არსებული ქონება უკვე დიდი ხანია ბუნებაში აღარ არსებობს (მაგალითისათვის ტყე, რომელიც გასული საუკუნის შუახანებში გაიჩეხა, შენობა, რომელიც ოცი, ან მეტი, წლის წინ დაინგრა და ა.შ.). ხშირად არც ისაა ცნობილი, ვინაა ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელი (და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ დგას ფორმალური მესაკუთრის უკან).


მეორე პრობლემას ქმნის გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა: კანონების ურთიერთშეუსაბამობა და დაუხვეწაობა. პირველის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონის (რომელიც ადგილობრივი ტყეების მფლობელად თვითმმართველობას ასახელებს) შეუსაბამობა "საქართველოს ტყის კოდექსთან" (რომელიც საერთოდ არ ცნობს თვითთმმართველობას, როგორც ტყის მესაკუთრეს). მეორეს მაგალითია წყლის რესურსთან დაკავშირებული საკითხი - ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები თვითმმართველობის საკუთრებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რაც შექმნიდა ამ პრობლემის დარეგულირების მექანიზმს.


2007 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხი კიდევ უფრო გაართულა აშკარად გამოკვეთილმა ცენტრალიზაციის ტენდენციამ. ამ დროიდან იწყება ადგილობრივი თვითმმართველობების ქონებრივი ბაზის არეალის შემცირება:


2007 წელს, "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონში ცვლილებებით შეიკვეცა თვითმმართველობის უფლება, თავად შეერჩია გასხვისების ფორმები და შემცირდა ამ სახეობათა ჩამონათვალი (კერძოდ ამოღებულ იქნა ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი);


იმავე წელს, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით მართალია, თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეები) და წყლის რესურსები, მაგრამ ამ ქონების პრივატიზების უფლება მიიღო არა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ;


"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 2010 წლის 21 ივლისის ცვლილებით, თვითმმართველობებისათვის გადასაცემი მიწის კატეგორიების სიიდან ამოღებულ იქნა საძოვრები და სამართავად ისინიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.


დგილობრივი თვითმმართველობის ქონებრივი უფლების შეზღუდვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2007 წელს მიღებული, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-11 პუნქტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აძლევს თვითმმართველი ერთეულის ქონების, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გასხვისების ექსკლუზიურ უფლებას. აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანულ კანონთან და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპულ ქარტიასთან, არამედ საკუთრების უფლების ფუნდამენტურ პრინციპებთანაც.


ასეთ პირობებში აღარაა გასაკვირი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ზოგჯერ თავად ამბობენ უარს სახელმწიფოსაგან მიიღონ ესა თუ ის ქონება. გაურკვევლობა და პასუხისმგებლობის აღებისა და, შესაბამისად, სასჯელის შიში იმის გამო, რაც მათ არ ეკუთვნით, საკუთრებაზე უარის თქმისათვის კარგი მიზეზია. ძალზე იშვიათია შემთხვევა, როცა თვითმმართველობა თავად ითხოვს, და აღწევს კიდეც, ქონების მიღებას სახელმწიფოსაგან (წარმატებულ ქეისად შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისის მიერ ქალაქის ტროლეიბუსების პარკის მოთხოვნა და მისი მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადასვლა).


წყარო: ექსპერტ დავით ლოსაბერიძის კვლევა “თვითმმართველობა საქართველოში პოლიტიკის ანალიზი დეცენტრალიზაციის პროცესის ზოგადი შეფასება (1991-2012)”.


ოცნების ხელისუფლების დაპირება და რეალური ნაბიჯები


2014 წლის 15 ივნისიდან, ოცნების ხელისუფლებამ, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ ამოქმედდა, რომელმაც თვითმმართველობის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კოდექსის მთავარი სიახლე იყო მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღება, ასევე გუბერნატორების ინსტიტუტის პარალელურად ახალი კოლეგიური ორგანოს, ე.წ. რეგიონული საბჭოების შექმნა, ადგილობრივი გადასახადის წილის ადგილზე დატოვებას.


ამ ცვლილებიდან 3 წლის თავზე,თავრობამ და პარლამენტმა 7 თვითმმართველ ქალაქს თვითმმართველობა გაუუქმა და მემკვიდრეობით მიღებული “ის საშინელება” გააგრძელა, რაზეც ივანიშვილი თავის განცხადებაში საუბრობდა - გადასახადების დიდი წილი ისევ ცენტრალურ ბიუჯეტში მიედინება, ხოლო ქონებებს კვლავ ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. გაურკვეველია, თავად ივანიშვილმაც შეიცვალა ამის შესახებ აზრი, თუ მისმა მოყვანილმა მთავრობამ დააიგნორა მისი წამოწყება, რადგან ამის შესახებ შემდგომ ივანიშვილს არაფერი განუცხადებია.


მოსახლეობა კი კვლავ პასიურია და ცენტრის მიერ ბოძებულ თვითმმართველობას ელოდება, რაც უტოპიაა.

 


თვითმმართველობებისთვის ბრძოლა ევროპაში და ჩვენთან


ევროპის ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი შემოსავლების წილი ადგილობრივ ბიუჯეტებში 30-35%-ს აღწევს, ხოლო საფრანგეთში, შვეიცარიაში, შვედეთსა და დანიაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75%-ია. სლოვაკეთში კი, საშემოსავლო გადასახადის 70% ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება.


ევროპული სახელმწიფოებრიობის უმთავრესი ნიშანი თვითმმართველობის მაღალი ხარისხია. ეს ისტორიულადაც მოსდგამთ. უამრავი მაგალითია თუ როგორ იბრძოდნენ ქალაქები თვითმმართველობისთვის, ზოგი ომით, ზოგი თვითგამოსყიდვით აღწევდა თავს “სენიორის დიქტატს” და, რაც ყველაზე მთავარია, მოქალაქეებს პასუხისმგებლობა ავალდებულებდა საკუთარი ქალაქის თუ თემის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას. ქართულად ამას “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” ქვია, მაგრამ ამის ცოდნა ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს იშვიათად სცდება.

 

თვითმმართველობის შინაარსი ესპანეთის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ, ცოტათი მენტალობითაც გვგვანან და მკაცრი დიქტატორული რეჟიმიც გამოიარეს ისტორიულად არცთუ დიდი ხნის წინ.


ესპანეთი რეგიონული მოწყობის სახელმწიფოა, რომელშიაც ფედერაციული და უნიტარული ნიშნები ერთდროულადაა წარმოჩენილი. ფრანკოს რეჟიმის კრახის შემდეგ ესპანეთის ისტორიულ პროვინციებს, რომლებსაც საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ისტორიული, ეკონომიკური და  კულტურული ერთობა ჰქონდათ, მიეცათ თვითმმართველობის უფლება.


ქვეყანა 50 პროვინციადაა დაყოფილი (47 კონტინენტზეა, 3 – კუნძულებზე). მუნიციპალიტეტი, რომელიც 8 ათასამდეა ქვეყანაში, ტერიტორიული მოწყობის პირველადი რგოლია. მაცხოვრებელთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებში რამოდენიმე ერთეულიდან სამ მილიონამდე მერყეობს. 


მუნიციპალიტეტთა 84%–ში 5000–ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 60%–ში კი 10 000–ზე ნაკლები. 6 ქალაქში 0,5 მილიონზე მეტი მცხოვრებია, 60 ქალაქში კი 100 ათასზე მეტი მაცხოვრებელი.
არსებობს აგრეთვე ზემუნიციპალური წარმონაქმნები – კომარკები და მანკომუნიდადები. ნავარის და ბასკთა ქვეყნის ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაცია და დაფინანსება სპეციალური "ფორალური" რეჟიმით ხორციელდება, რომელიც არეგულირებს ცენტრთან მათ ურთიერთობას შუასაუკუნეებში არსებული "ფუეროს" თავისუფლებათა შეთანხმების მსგავსად. დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ცენტრის ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება.


მუნიციპალიტეტები იმართება პროპორციული წესით არჩეული კანდიდატების მიერ, მათ შორისაა ალკალდი (მერი). მუნიციპალიტეტის არჩეულ კანდიდატთა რაოდენობა მოსახლეობის რიცხოვნობაზეა დამოკიდებული. 250 კაციან მუნიციპალიტეტში ირჩევენ 5 კანდიდატს, 250–დან 1000–მდე – 7–ს, 1000–დან 2000–მდე – 9–ს, 2000–დან 5000–მდე – 11–ს, 5000–დან 10 000–მდე – 13–ს, 10 000–დან 20 000–მდე – 17–ს, 20 000–დან 50 000 –მდე – 21–ს, 50000 დან 100 000–მდე – 25–ს და შემდეგ ყოველ დამატებით 100 ათას მცხოვრებზე ერთით მეტ კანდიდატს.


ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც უკვე რამოდენიმე ათეული წელია ესპანეთში მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ხდება მოსახლეობის აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტთა მართვაში (ამას განსაკუთრებით უწყობს ხელს მუნიციპალიტეტთა დაწვრილება, სადაც ბუნებრივადაა ძალზე მაღალი), ასევე ცალკეა აღსანიშნავი ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანობა  ეკონომიკის განვითარებაში. საქმე იმაშია, რომ ადგილებზე ხელისუფლებას ექსპერიმენტების და მანევრის მეტი შესაძლებლობა გააჩნია, რითაც გაცილებით უადვილდება სწორი გზის გამონახვა, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას. შეცდომების შემთხვევაშიც, ადგილობრივი ხელისუფლების შეცდომა ნაკლებად საშიში და ფინანსურად უფრო ნაკლებზარალიანი და ადვილად გამოსწორებადია.

 

 

*სტატია ქვეყნდება ფონდ ღი საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


 

ამავე თემაზე:

რეალური თვითმმართველობის არსებობა მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული


 

 


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED