რეალური თვითმმართველობის არსებობა მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული

2017.11.15 ავტორი: TS

რეალური თვითმმართველობის არარსებობა, ერთი მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რომელსაც არ სურს მართვის პოლიტიკური ბერკეტების დათმობა, რაც გამოიხატება ცენტრალიზებულ მართვაში, ქონებისა და გადასახადების უდიდესი ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის არმიცემაში და, მეორე მხრივ, ადგილობრივთა ინდიფერენტულობის, რომლებიც არც კი ცდილობენ მოიპოვონ მართვის სადავეები, სამართავად აუცილებელი ფული და ქონება და საკუთარი ქალაქი, სოფელი, თემი თავადვე მართოს.

მართვა - პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილებებზე პასუხისგებას გულისხმობს, რაც ბევრს არ სურს.

 

1883 წელს, საერობო პროპაგანდის სადისკუსიო დინების ძირითადი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი) წერდა:“ხელისუფლებამ ერობა მისცა იმ მხარეებს, სადაც საერობო მოძრაობა უკვე აქტიური იყო და მასზე მოთხოვნა არსებობდა”.

 

ისტორია მეორდება - სანამ ქვემოდან არ არსებობს ამის მოთხოვნა, ცენტრიც მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ძლევამოსილებას და ე.წ. თვითმმართველობებს მასზე დამოკიდებულ რეჟიმში ამყოფებს. შედეგად კი ვიღებთ გაღატაკებულ რეგიონებსა და ამის ხარჯზე გამდიდრებულ რამდენიმე ასეულ ჩინოვნიკს.

  

თვითმმართველობას მოპოვება სჭირდება

 

თვითმმართველობის დანერგვა დირექტიული წესით, რასაც ვარაუდობენ და შესაძლებლად მიაჩნიათ საქართველოში, რეალურად შეუძლებელია. საზოგადოებებმა, რომლებსას საკუთარი თავის მართვის ტრადიცია ქონდათ, იცოდნენ მისი ყადრი და თავისუფლების მოთხოვნილება გააჩნდათ, ეს შეძლეს. შეძლებს თუ არა ამას ქართული საზოგადოება, რომელსაც დღემდე მხოლოდ წვეთ-წვეთად აცლიან ამ საშუალებებს?

 

თვითმმართველობის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ თემი, საზოგადოება ჯერ გამოიმუშავებდა საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევას და მხოლოდ ამის შემდეგ აღძრავდა შუამდგომლობას და მიისწრაფოდა ქარტიის, კანონების შემოღებისკენ, რომლებიც მას ამ თავისუფლებას მიანიჭებდა. ანუ პროცესი იმართებოდა ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით, როგორც ეს ბევრს მიაჩნია.

 

დღეს, საქართველოში, ქვემოთ აბსოლუტური ნიჰილიზმი, უნდობლობა და ინდიფერენტულობაა, რაც საკუთარი თავის მართვის ტრადიციის არქონის გარდა, სახელმწიფო პოლიტიკითაა განპირობებული, რომ მას, დეკლარირებულად არსებობის მანძილზე, რეალური თვითმმართველობა არც უგრძვნია და არც მისი სიკეთეები იცის.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას ადგილებზე ყავს ადგილობრივი ჩინოვნიკები, ყველაფერი მაინც ცენტრში წყდება. შემოსავლები, რომელიც ადგილებზე უნდა დარჩეს და მათ მოხმარდეთ, ცენტრში მიედინება და ადგილობრივთ საკუთარი ქალაქის რეალურად მართვის ბერკეტი არ რჩებათ. თუმცა, გადასახადების ადგილზე დატოვებასა და საკუთარი ქალაქის, რაიონის, სოფლის მართვაზე დიდი მოთხოვნაც არ არსებობს. ეს ხელს აძლევს ცენტრსაც, რომ მუდმივად ხელისშემყურის რეჟიმში ამყოფოს რეგიონის მოსახლეობა.

 

თვითმმართველობა საკუთარი ქონებისა და ადგილზე დარჩენილი გადასახადების გარეშე ფიქციაა, უკვე არაერთხელ თქმულა ექსპერტების მიერ სხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითებზე. 

თვითმმართველობის რეალურად განხორციელებისთვის საჭირო ბერკეტების ადგილობრივი საკრებულოებისთვის გადაცემა კი პოლიტიკური ნებაა, რასაც არცერთი ხელისუფალი არ იჩენს. ამის ძირითად მიზეზებად ხელისუფლება ასახელებს: 

1.ადგილზე კორუფციისა და ქონების დანიავების საფრთხეს
2.არაკომპეტენტურ კადრებს
3.ხალხში მზაობის არარსებობას
4.სეპარატიზმის საფრთხეს
5.სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალების საფრთხეს

 

ადგილობრივი საკრებულოების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ როგორც “ზემოთ” გადაწყვეტენ, ისე იქნება და ამ ვასალური დამოკიდებულებით, 7 თვითმმართველ ქალაქს - ზუგდიდს, თელავს, ოზურგეთს, მცხეთას, ამბროლაურს, ახალციხესა და გორში თვითმმართველობა, სწორედ ადგილობრივთა ხელშეწყობით, საერთოდ გაუუქმეს.

 

თუ ევროპულ გამოცდილებასა და ელემენტალურ ლოგიკას დავეყრდნობით,

ხუთივე ე.წ. არგუმენტის გაბათილება მარტივია.

 

1. ადგილობრივ დონეებზე კორუფცია არც არსებული რესურსის პირობებშიც არსებობს და არც ცენტრალურ ხელისუფლებაშია გამორიცხული, თუკი ძლიერი მაკონტროლებელი მექანიზმი არ არსებობს და ასეთი მექანიზმი, სწორედ მაკონტროლებელი ორგანოები და თავად საზოგადოებაა, რომლის საბიუჯეტო რესურსის ფლანგვისას, ადგილობრივ ხელისუფალთ, ადგილზე ხელმისაწვდომობის გამო, უფრო მოთხოვს პასუხს, ვიდრე ცენტრში უჩინარ კორუმპირებულ მმართველთ, როგორც ეს დღესაა.

 

2.ადგილებზე არაკომპეტენტურ კადრებს თავად ცენტრი არჩევს, რადგან ასეთი კადრები ადვილი სამართავია. ეს გამორიცხავს ჯანსაღ კონკურენციასა და სხვა, კომპეტენტური ადამიანების ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რასაც საბოლოო ჯამში, მივყავართ ნიჰილიზმამდე და მოქალაქეთა ინდიფერენტულობამდე - “ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვკითხავს”, ამიტომაც ჯანსაღი ადამიანები პროცესებიდან მუდმივად გარიყული არიან. მორჩილების ნიშნით შერჩეულ არაპროფესიონალ ჩინოვნიკებში. პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი ადამიანები ხელისუფლების რჩეულთა შორის ვერ/არ ხვდებიან და მათ არ ეძლევათ შანსი და შესაძლებლობა ქალაქის მართვაში მიიღონ მონაწილეობა.

 

3.მოსახლეობის მზაობის არარსებობა ცენტრალურ ხელისუფლებებს მუდმივად ქონდათ მთავარ არგუმენტად. 1883 წელსაც კი, საერობო პროპაგანდის სადისკუსიო დინების ძირითადი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი) “ივერიაში” წერდა: „... ნუ იტყვით, რომ ხალხი მომზადებული არ არის თვითმმართველობისათვისაო. ქვეყანაზე ისეთი საქმე არ მოიპოვება, რომლისთვისაც ერთბაშად შეიძლებოდეს მომზადებულ კაცების პოვნა. თვით საქმე ჰბადავს მუშაკებს. თუ თვით-მმართველობა არ არსებობს ჩვენში, რასაკვირველია, არც ამასთან შეჩვეული პირები გვეყოლება, მაგრამ როგორც კი მოგვენიჭება თვით-მმართველობა, ხალხიც გაიწვრთნება მისთვის, შეეჩვევა. თვით-მმართველობა ჰბადავს და აღზდის ხოლმე საზოგადო სიკეთისათვის მშრომელ პირებს: რამდენიმე პირთა ყრილობა უხსნის კაცს გონებას და საზოგადოებრივ შრომას აჩვევს. თვით-მმართველობა გააღვიძებს ჩვენს მიძინებულს საზოგადოებას და თავის საჭიროებებისათვის აზრუნებინებს.“
ამ მხრივ, არც 134 წლის შემდეგ შეცვლილა ჩვენში რაიმე. ხალხის მზაობაში ხელისუფლება მოსახლეობის მიერ გამოჩენილ გულგრილობას გულისხმობს, რომელიც ადგილებზე მართლაც არსებობს და ამას სწორედ ცენტრალიზებული მმართველობა იწვევს. ხალხმა იცის, რომ ადგილზე მაინც არაფერი წყდება და არც თავად უჩნდება რაიმე ფორმით ჩაერთვის სურვილი.

 

4. სეპარატიზმის საფრთხე იქ უფრო ჩნდება, სადაც მოსახლეობას იმის შეგრძნება უჩნდება, რომ ცენტრი მას ძარცვავს და განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამ დროს გაჩენილი პროტესტი, შესაძლოა, გამოყოფის საშიშ მოწოდებებში გადაიზარდოს. ამის მაგალითები მსოფლიოს თუ თავად საქართველოს ისტორიებში არსებობს.

ჯერჯერობით, ცენტრის მიერ გაღატაკებულ საქართველოს რეგიონებში რაც შეიმჩნევა, ეს იქაურობის ადამიანებისგან დაცლაა. მაგ. ამბროლაურის მოსახლეობა ბოლო 5-6 წელიწადში 16 ათასიდან 10 ათასამდე შემცირდა. შრომისუნარიანი მოსახლეობა, ძირითადად, უცხოეთში გაედინება, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა კი 5,4 მილიონიდან 3,7 მლნ-მდე შემცირდა. რიცხვი დღითიდღე იზრდება. მოსახლეობა, რომელიც ადგილებზე ვერ საქმდება, ვერ რეალიზდება, უსარგებლოდ მიიჩნევს თავს, გარბის.

 

5.ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, პირიქით, როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარი რეგიონებიდან ივსება. ფინანსთა სამინისტრო შემდეგ ტრანსფერების სახით, გარკვეული რაოდენობის თანხას ანაწილებს, რომელსაც თავად აწესებს. ცენტრალური ხელისუფლება ისედაც ძალიან დიდ თანხებს იტოვებს, მთავარია, რამდენად სწორად ხარჯავს მას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, რომ ზოგი ჩინოვნიკი წელიწადში 30-40-ჯერაც კი იღებს სახელფასო დანამატებს, ადამიანებს ექმნებათ ზოგადი წარმოდგენა, თუ რაში იხარჯება ეს ფული და ჩნდება უსამართლობის განცდა. ანუ ერთის მხრივ, ადგოლობრივ შემოსავლები უსამართლოდ ართმევ და მეორე მხრივ, მას უსამართლოდ ფლანგავ.

 

ხოლო როცა მათი გადასახადებისგან შემდგარი ბიუჯეტი ადგილებზე რჩება, ხალხი ძალიან სერიოზულად უყურებს და აკონტროლებს, თუ რაში დახარჯავენ მას. მათი პირადი პასუხისმგებლობაც მატულობს ხარჯვის მიზნობრიობასა და სისწორეზე და მასშტაბის სიმცირის გამო, კონტროლიც ადვილდება.

 

 

რა მოუტანა დეცენტრალიზაციამ პოლონეთს?

 

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას პოლონეთში თავიდან ცოტა მომხრე ყავდა, გმინებს თვითმმართველი ერთეულის სახელია) არც ფინანსები ქონდათ, არც ქონება და ბიუჯეტი.

 

პოლიტიკოსთა ნაწილი რეფორმას საჭიროდ არ მიიჩნევდა. ამბობდნენ, რომ საკმარისი იყო, თუ ძველ საბჭოებში ახალ ხალხს აირჩევდნენ, ნიშნად იმისა, რომ ხალხის აზრს მიენიჭა გადამწყვეტი როლი, მაგრამ ეს ახალი ღვინის ძველ ჭურჭელში ჩასხმას უდრიდა. გადამწყვეტი როლი, გარდა არჩევნებისა, იმან ითამაშა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მიენიჭა იურიდიული პირის სტატუსი, გაუჩნდა ქონება, საკუთარი და არა ცენტრიდან ნაბოძები ფულადი სახსრები და ბიუჯეტი, რომელსაც თავად განკარგავდა.

 

დღეს, პოლონეთში, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ სწორი გადაწყვეტილება იყო.

  

პოლონეთის კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ეჟი სტემპენი, მის ქვეყანაში 25 წლის წინ დაწყებული თვითმმართველობის რეფორმის უშუალო მონაწილე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობა უნდა იყოს ტერიტორიის, სახსრების, კაპიტალის მესაკუთრეც. ეს აუცილებელია იქ მაცხოვრებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 

 

თვითმმართველობის შინაარსის გასაგებად, მას ძველი რომისა და ბიზანტიის მაგალითები მოყავს: “დასავლეთ რომის იმპერია მე-4-5 საუკუნეებში დაეცა, აღმოსავლეთისამ კი, დედაქალაქით კონსტანტინოპოლში დაიწყო განვითარება, გაძლიერდა და 1000 წელი კიდევ იარსება. იმპერატორის დიდი ძალაუფლების შემთხვევაში, მთელი ფული ცენტრში იყრიდა თავს, ხმარდებოდა დამპყრობლურ ომებს. თუ არ ომობდა, ფულის უდიდეს ნაწილს მაინც ითვისებდა. ევროპას მე-8 საუკუნემდე იმპერატორი არ ჰყოლია და შესაბამისად, ქალაქებიც ვითარდებოდა. სწორედ ამაშია განვითარების საიდუმლო.”- ამბობს ის. 

 

ეჟი სტეპმენს მიაჩნია, რომ თუკი ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ძლიერია, ქალაქები არ ვითარდება:

“დღეს აღფრთოვანებული ვართ ვენეციით, ფლორენციით, სხვა ქალაქებით. მსოფლიოს არქიტექტურული ძეგლების 70% იტალიაშია. მოგვიანებით, თვითმმართველობის იდეამ გერმანიასაც მიაღწია და სახეზე მივიღეთ შუა საუკუნეების ქალაქების სერიოზული განვითარების პერიოდი. იქედან იდეამ პოლონეთშიც შემოაღწია. რუსეთში კი - ბიზანტიის გავლენამ იმძლავრა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებით (იმპერატორით). თუ ჩვენ სახელმწიფო წარმოგვიდგენია. როგორც აპარატი, რომლის სათავეშიც იმპერატორია, მაშინ თანახმა უნდა ვიყოთ, რომ ის გადაწყვეტს, ვინ უხელმძღვანელებს ადგილებზე. ხოლო, როცა არაა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, დიდია ალბათობა, რომ ხალხი ამას თვითონ გადაწყვეტს”.

 

მისი აზრით, შესაძლებელია ხელისუფლება არჩეულ იქნას დემოკრატიულად, მაგრამ შედეგი მაინც ნულოვანი მივიღოთ:

“დემოკრატია უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არაა საკმარისი. ის მხოლოდ თანამდევი ინსტრუმენტია. რაზეა საუბარი? მთელი უძრავი ქონება, რომელიც არაა კერძო საკუთრებაში, უნდა იმყოფებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, მის საკუთრებაში. ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, თუ რის გაკეთება შეიძლება ამ ქონებით და რის – არა. და თვითმმართველობის თითოეულ ერთეულს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბიუჯეტისაგან და ცხადად უნდა იყოს გაწერილი, თუ რა ამოცანებს წყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობა. კონტროლი, დაწესებული ადგილობრივ თვითმმართველობებზე, უნდა ამოწმებდეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებების და ქმედების კანონიერებას და მეტს არაფერს. სკოლის ან საცურაო აუზის აშენებას უნდა წყვეტდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და მეტი არავინ”- წერს სტეპმენი, რაც დღევანდელ საქართველოში სრულიად საპირისპიროდაა - ცენტრი უწყვეტს რეგიონებს სკოლის გარემონტება სჭირდება, ხიდის ან გზის გაკეთება თუ აუზის აშენება. ამიტომაც ადგილობრივი პრობლემები ცენტრის პრიორიტეტებს ყოველთვის აცდენილია. 

 

სტეპმენის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობა, თუმცა, სახელმწიფოებში, სადაც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებაა, თვითმმართველობას ადგილი არ რჩება.

 

პოლონეთში ადგილობრივ თვითმმართველობას (მაგალითისთვის) თავიდანვე მთელი ფინანსების 40% დაუთმეს, მერე ეს თანხა 60%-მდე გაიზარდა. საქართველოში ეს პირიქითაა - ადგილებზე რჩება ადგილობრივი შემოსავლების 20-25%, დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება.

 

 

“ქართული თვითმმართველობა”

 

ქართული მმართველობა უკიდურესად ცენტრალიზებულია, არადა, საქართველოში არსებულ პრობლემებს თუ გავაანალიზებთ, მათი დიდი წილის გადაწყვეტის გზა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა.

 

როცა ადგილებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ურჩვენიათ პასუხისმგებლობაც მათზე არ იყოს დაკისრებული და თანახმა არიან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღოს მათ მაგივრად ნებისმიერი გადაწყვეტილება. როცა განხორციელებული საქმეებიც და პასუხისმგებლობაც ცენტრისაა, ადგილებზე მშვიდად არიან, მოსახლეობა კი ინდიფერენტულია - მან იცის, რომ ადგილზე მაინც არაფერი წყდება და ადგილობრივ ხელისუფლებასაც “არაფრისმაქნისის” სახელი აქვს. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობა ხან დეპუტატს თხოვს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას და ხან მინისტრებს, რომლებიც არც ისე ხელმისაწვდომია მათთვის. ესაა დღევანდელი ქართული “თვითმმართველობა”. 

 

"ადგილობრივ პრობლემას ყველაზე კარგად ადგილობრივი მცხოვრები გრძნობს და მანვე იცის ყველაზე უკეთ ადგილობრივი საჭიროებები. ბიუროკრატიის „მოსული“ ჩინოვნიკი არ არის დაინტერესებული ცვლილებებით და თან სხვა ჩინოვნიკის წინაშეა ანგარიშვალდებული. ადგილობრივი წარმომადგენლების ხელში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების გადასვლით კი პროცესი სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ხდება, რადგან არჩეული პირი ბიუროკრატიის კი არა, არამედ საზოგადოების, ამომრჩევლების წინაშეა ვალდებული” - წერდა ნიკო ნიკოლაძე.  

2012 წელს მოსულ “ქართულ ოცნებას” დეცენტრალიზაცია მის საარჩევნო დაპირებაში ეწერა. თვითმმართველობებს უნდა გადაცემოდათ ქონება და გადასახადების ნაწილი. ეს ასე არ მოხდა და რეფორმა ჩანასახშივე მოკვდა.

 

წესით, ოპოზიციას უნდა აეტეხა ამბავი, მაგრამ არც ოპოზიცია იკლავს თავს რეალური თვითმმართველობისთვის, რადგან კარგად იცის, რომ ხელისფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იდეალური შუააზიური მოდელი ექნება სამართავად თავის კორუფციული ქვედინებებით - როცა ფული ნაწილდება ზემოდან, როცა ტენდერებისა და ტრანსფერების სანაცვლოდ “ატკატებისთვის” საუცხოო დისკრეცია არსებობს, როცა ყოველ შემდგომ არჩევნებში გარანტირებულად აქვს ადგილობრივ მორჩილ მოხელეთა ხმები. მმართველმა პარტიამაც ამიტომ გადათქვა საკუთარი დაპირება და თვითმმართველობა წინამორბედის მსგავსად არ დათმო.

 

ოპოზიცია კი ლაპარაკობს ყველაფერზე: ჩადრებისა და ბურკების ტარებაზე, უცხოელების მიერ კაფე-ბარების გახსნის აკრძალვაზე, კაშიას სამკლავურსა და უკრაინულ პოლიტიკაზე, მაგრამ არცერთი სიტყვა გაღატაკებული რეგიონების ყვლეფასა და განუვითარებლობაზე. მოსახლეობა კი ინერტულია.

 

*სტატია ქვეყნდება ფონდ ღი საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.




 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED