ფოთის სიღატაკე – სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი

2017.11.03 ავტორი: ელისო ჯანაშია

3 მილიონამდე ლარი ქონებისა და მიწის გადასახადიდან – სულ ესაა, რასაც ფოთის პორტიდან ქალაქის ბიუჯეტი იღებს ყოველწლიურად. სულ სახელმწიფო ბიუჯეტში ფოთიდან შენატანი კი, დაახლოებით, 45 მლნ ლარია, ხოლო ადგილობრივი შემოსავლები ჯამურად 15 მლნ ლარს შეადგენს. ანუ ადგილობრივი შემოსავლების 75 % ცენტრს მიაქვს.

ქალაქს კი მოუწერიგებელი აქვს ქუჩები, არ აქვს გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო, არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის წყლის სატუმბი სადგურები, რის გამოც ყოველი კოკისპირულ წვიმის დროს იტბორება, დაჭაობებულ ადგილებში ზამთარ-ზაფხულ ბუდობს კოღო, ქალაქს დღემდე არ აქვს საკანალიზაციო სისტემა და ფეკალური მასები პირდაპირ ზღვასა და მდინარე რიონში ჩაედინება, მოუწყობელია ნაგავსაყრელი, ავარიულია ფოთის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი, რომლის ნგრევით კატასროფას ვარაუდობენ სპეციალისტები, არ არსებობს მოწესრიგებული პლაჟი, მასობრივი უმუშევრობა და სიღატაკე იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე.



ცენტრზე დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობა


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი არ წამოუწევია და არც რეგიონებთან მიმართებით ცენტრის პოლიტიკა შეცვლილა. მას შემდეგ კი, რაც გადასახადების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში აღარ შედის, ადგილობრივი თვითმმართველობა ფიქციად იქცა.

თავის დროზე, ფოთის პორტის შემოსავლების ქალაქისთვის მოხმარებამ არნახულ ტემპებში გააშენა ჭაობზე ქალაქი, რომელსაც რამდენიმე ხიდიც ჰქონდა, საავადმყოფოც, პოლიციის შენობაც, ელექტრიფიკაციაც, სატელეფონო სადგურიც, სასწავლებელიც, სავაჭრო მოედანიც და ქალაქისთვის საჭირო ბევრი სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტიც.

დღეს ქალაქში, პრაქტიკულად, ნიკოლაძისა და შემდგომ – კომუნისტების პერიოდის დანატოვარია დარჩენილი, ისიც გაძარცვული სახით. ქალაქს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია, თვითკმარიც იყოს და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაშიც მიიღოს ადეკვატური მონაწილეობა, სრულ სტაგნაციასა და რეგრესს განიცდის.1894 წელს, ფოთის იმჟამინდელმა მერმა ნიკო ნიკოლაძემ, პირველ რიგში, მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი “საპორტო გამოსაღებიდან” თანხის დახარჯვის შესახებ, რაც თვითმმართველობას მისცემდა საშუალებას, ეს თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინა. ნავსადგურიდან გატანილ ტვირთზე დაწესებული ფუთზე ნახევარკაპიკიანი გადასახადით ნიკოლაძემ შეძლო ქალაქის ადგილობრივი საჭიროებების სწრაფად მოგვარება და ნავსადგურის გაფართოება.

სპეციალისტთა გაანგარიშებით, ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტს ფოთის პორტიდან მინიმუმ 4-ჯერ მეტის მიღება შეუძლია, თუმცა, 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შესახებ, ფოთმა სოლიდური შემოსავლები დაკარგა.

სახელმწიფო ბიუჯეტში ფოთის პოტენციალის მინიმუმ 75 % მიდის, ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი გადასახადებით მიღებული თანხა კი არ არის საკმარისი, ამიტომაც ცენტალური ხელისუფლება 4-5 მილიონიან ტრანსფერებს ამატებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ადმინისტრაციული ხარჯების სიდიდესა და პრემია-დანამატებს კოლოსალურად გაბერილი შტატებისათვის, პრაქტიკულად, ქალაქი მაინც უსახსროდ და ისევ ცენტრის ხელისშემყურე რჩება.

მაგალითად, სატუმბი სადგურების დამატებას, სრულად მოწესრიგებასა და მის შემდგომ ექსპლოატაციას, მინიმუმ 13-14 მლნ ლარი ესაჭიროება, რაც ქალაქის ერთი წლის მთლიანი ბიუჯეტია, ამიტომ ვერც ერთმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არსებული რესურსით, პრობლემა ვერ გადაჭრა.

თვითმმართველობის დამოუკიდებლობას სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობა განსაზღვრავს. ადგილობრივ ბიუჯეტს ამჟამად მიწისა და ქონების გადასახადები, ასევე, ადგილობრივი მოსაკრებლები და სხვადასხვა ჯარიმის (საგზაო და ადმინისტრაციული) ნაწილი და მიწის პრივატიზაციის ნაწილი რჩება.

2016 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩება საშემოსავლოს ნაწილიც (ინდმეწარმეებისგან და იჯარებისგან), თუმცა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ საშემოსავლოს მცირე ნაწილის მუნიციპალიტეტებისთვის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იქვე გადაწყვიტა, რომ გათანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის შეეკვეცა. ანუ ერთი ხელით მათ დამატებითი ფინანსური რესურსი თითქოს მისცა, მეორე ხელით კი წაართვა. სწორედ ამიტომ, მაგალითად, ფოთს, უკვე ორი წელია, გათანაბრებითი ტრანსფერის სახით არაფერი მიუღია.

საგადასახადო ნაწილიდან ფოთის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 15,1 მლნ ლარი უნდა შევიდეს.

ცენტრალური ბიუჯეტიდან, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, მიზნობრივი ტრანსფერი 260 ათასი ლარი, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსაზღვრული თანხა – 3,8 მლნ ლარია.


 

“თუკი ქონება, როგორც კანონში წერია, ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის შემოსავალია და ადგილობრივები ქმნიან პროდუქციას, იღებენ ხელფასს, თუკი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეული ქმნის მოგებას, რატომ არ უნდა რჩებოდეს ის ადგილზე? არავითარ მონაწილეობას არ იღებს ამის შექმნაში ცენტრი და ეს ფული მიაქვს. ეს უსამართლოა. ფინანსთა მინისტრი ხადური როცა იყო ჩამოსული, იყო საუბარი დაეთმოთ მოგებისა და საშემოსავლოს ნაწილი მაინც, მაგრამ ასე გვითხრეს: სახელმწიფო ბიუჯეტის 6 მლრდ როგორ შევავსოთო? რომ შევავსებთ, მერე მოგცემთო,” – ამბობს ფოთის თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევს, რადგან “ზედმეტი პრობლემები” არ სჭირდება.


როგორ დაიკარგა პორტი ქალაქისთვის ადგილობრივ მოხელეთა დახმარებით


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ფოთის განსაკუთრებულობას მუდმივად უსვამდა ხაზს, თუმცა, მისი “განსაკუთრებული სტატუსი” მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მერს პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავდა, რაც ყოველთვის ფოთის პორტის მაღალი შემოსავლების კონტროლის სურვილით აიხსნებოდა.

ფოთთან მიმართებით იგივე სისტემა ოდნავ სახეცვლილად დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამაც. მან 15 არჩეული საკრებულოს წევრიდან გადაწყვიტა მერის დანიშვნა, თუმცა, ყოველთვის ახერხებდა, რომ ის მისი მორჩილი წარმომადგენელი ყოფილიყო. ვინც ასეთი არ აღმოჩნდა – დაიჭირეს, რითაც სხვებს ჭკუა ასწავლეს.

ფოთმა პორტიდან შემოსავლები, საბოლოოდ, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ეტაპობრივად დაკარგა. 2001 წელს, ფოთის იმჟამინდელმა საკრებულომ (თავმჯდომარე მოგელი ტყებუჩავა) ქალაქის ბალანსზე არსებული ფოთის პორტის 380 ჰა მიწა უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადასცა ნავსადგურს, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა რამდენიმე წელიწადში ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი იზარალა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, ფოთის მერად ვახტანგ ალანია დაინიშნა. მან პორტისთვის გადაცემული მიწის უკან დაბრუნება მოითხოვა, ვინაიდან პორტს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეუსრულებელი ჰქონდა.

“პორტმა ვალდებულება არ შეასრულა და ჩვენს წინამორბედთა მიერ გადაცემული მიწა გააჩანაგა – მოიჭრა ხეები, უკანონოდ მოიპოვებოდა ქვიშა და არაფერი გაკეთებული არ იყო. მოვითხოვეთ მისი უკან დაბრუნება. მერიამ დადგენილებაც მიიღო. ამის შემდეგ, 2-ჯერ თავად იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავად სტუმრობდა ფოთს და ორივეჯერ მოითხოვა, გაგვეუქმებინა აღნიშნული დადგენილება. არ გავაუქმეთ, რადგან სამართლებრივადაც და მორალურადაც მართლები ვიყავით – მიწა ეკუთვნოდა ქალაქს,”- აცხადებს ქალაქის იმჟამინდელი ვიცე-მერი ირაკლი მოწერელია.

ამის შემდეგ, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით, სამხარეო პროკურორის, როლანდ ახალაიას უწყებამ ფოთის მერი ვახტანგ ალანია დააკავა. მოწერელია მერის დაკავებას სწორედ ცენტრისთვის დაუმორჩილებლობასა და აღნიშნული დადგენილების გამოცემას პირდაპირ უკავშირებს. ვახტანგ ალანიაც ადასტურებს, რომ მისი დაკავება პორტის მიწების ქალაქისთვის დაბრუნებას უკავშირდება.

ვახტანგ ალანია რამდენიმე თვის შემდეგ, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 200 ათასი ლარის შემდეგ გაათავისუფლეს. ფოთის პორტმა ალანიას დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა, რის შემდეგაც ფოთის მერიას სხვა ინსტანციებში დავა არ გაუგრძელებია. ალანიას შემდგომ დანიშნულმა მერმა, ივანე საღინაძემ წინა მერის დადგენილება გააუქმა და აღნიშნული 380 ჰა მიწა, აღნაგობის წესით, ნავსადგურს უკანვე გადასცა.


რა შეხვდა და რამდენით იზარალა ფოთის ბიუჯეტმა ნავსადგურის პრივატიზაციიდან?


2008 წელს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Rakia-მ ფოთის პორტი და მის მიმდებარედ 300 ჰექტარი მიწა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გასავითარებლად, ეტაპობრივად შეიძინა: ჯერ 90 მილიონ დოლარად 51% შეისყიდა, მომდევნო წელს კი დარჩენილი 49% – 65 მილიონ დოლარად.

2011 წელს ფოთის პორტის 80% არაბულმა კომპანია Rakia-მ გადაზიდვებისა და ნავთობის დანიური ჰოლდინგის, AP Moller-ის შვილობილ კომპანიას – APM Terminals-ს 65 მილიონ დოლარად გადასცა.

აქედან, ადგილობრივ ბიუჯეტში, მხოლოდ ერთი გარიგებიდან, 5, 5 მლნ ლარი შევიდა, დანარჩენი გარიგებებიდან – არაფერი, რადგან არც მიწა და არც ძირითადი კაპიტალი ქალაქის ბალანსზე არ ყოფილა. იმჟამინდელ მერს, ივანე საღინაძეს შეეძლო პრივატიზაციიდან კუთვნილი 35 %-ის მოთხოვნა, მაგრამ მას ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს, რის გამოც ქალაქმა დაახლოებით 60 მლნ ლარზე მეტი დაკარგა. საღინაძემ კი თანამდებობაზე ყოფნისა და ხელშეუხებლობის ვადა გაიხანგრძლივა.

“თვითმმართველობა – ეს არის საკუთარი, ექსლუზიური ფუნქციების, ანუ უფლებამოსილებების ქონა, რასაც სჭირდება მატერიალური რესურსი. თუ ეს ფინანსები თვითმმართველობას არა აქვს საკუთარი შემოსავლების ხარჯზე ფორმირებული (რაც უნდა გადაწყდეს კანონით სახელმწიფოს მიერ), რომელსაც შეადგენს და დახარჯავს საკუთარი საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შესაბამისად, მაშინ თვითმმართველობა უბრალოდ არ არსებობს.

გამართული სისტემაა, როცა,, კანონმდებლობით განმტკიცებული საკუთარი შემოსავლების პირობებში, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის მაღალი ავტონომია (ფისკალური დამოუკიდებლობა) აქვს თვითმმართველობას,” – აცხადებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ლადო სანიკიძე.

რეალურად, არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მიიღწა, რომ ადგილობრივი შემოსავლების უფრო მეტი წილი რჩებოდეს ადგილზე და, პრინციპში, არც ერთ ადგილობრივ ხელისუფლებას ეს არ მოუთხოვია.

პორტის შემოსავლები, არც შემდგომ წლებში გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად გაზრდილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები ასახულა პროპორცულად ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც, სავარაუდოდ, ქალაქში 12-15 მლნ ლარი მინიმუმ უნდა შედიოდეს. ამჟამად, პორტიდან ქალაქი მხოლოდ 3 მლნ-მდე ლარს იღებს.

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული სიუჟეტის თანახმად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ის ჩინურ კომპანიაზე გაყიდვის მემორანდუმს მოაწერა საქართველოს მთავრობამ ხელი. ის სწორედ ის 380 ჰა მიწაზე მდებარეობს, რომლის გაყიდვიდანაც ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტში ისევ არაფერი შევა, ვინაიდან ის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება აღარაა.

ადგილობრივი ხელისუფლებები პრეტენზიას თანხების უკმარისობისა და რეალური დამოუკიდებლობის არქონის შესახებ მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატავენ, სხვა მხრივ კი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულნი, თუ როდის ეტყვიან “ზემოდან”, რომ ახლა სჭირდებათ სტადიონი, აუზი და სპორტული კომპლექსი, ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, სახურავის გადახურვა თუ სხვა. ეს უკანასკნელნი კი, საკუთარი სკამის გადარჩენის სურვილის გამო, ყოველთვის ყველაფერზე თანახმა არიან.

იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ ბერკეტებს კვლავ ცენტრალური ხელისუფლება ფლობს, ადგილობრივი ხელისუფლებები, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წესით არჩეულები არიან, ცენტრისგან დამოუკიდებლობას მაინც ვერ ახერხებენ. ამის დასტურია ფოთის მერობის კანდიდატის განცხადებები მმართველი პარტიიდან, რომ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეასრულებს. მას მიაჩნია, რომ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად გამოყოფს ცენტრი პროექტებისთვის საჭირო ფინანსებს, რაც უნდა იყოს მისთვის ბევრი ხმის მიცემის მოტივი.


 

“დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა შედეგი იქნება დადებული. ამას აქცევენ ყურადღებას ცენტრალურ ხელისუფლებაში შემდგომი პროექტებისათვის. როდესაც უკვე ირჩევა დიდი პროექტები რაიონებს შორის, იმას აქცევენ ყურადღებას, რომელ ქალაქში რა მაჩვენებელი იყო, სადაც დიდი მაჩვენებელია, ყველა პროექტი იქ მიდის და ჩვენი თხოვნაა, ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ, არ დავიზაროთ” – განუცხადა გოჩა კურდღელიამ შეკრებილ მოსახლეობას, ხოლო მინისტრების თანდასწრებით ასეთი პირობა დადო: “მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ მოვემზადებით იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები კარგად შესრულდეს ჩვენს ქალაქში. ჩვენ მოვემზადებით და შევისწავლით დამატებით პროფესიებს და გაძლევთ პირობას, რომ, ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ყოველმხრივ შევერწყმებით თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს და ყველა ძალ-ღონეს ვიხმართ, რომ ისინი კარგად შესრულდეს”.


 

ანუ მომავალი მერი მოსახლეობასთან არც მალავს, რომ მომავალში ცენტრის დავალებების შემსრულებელი იქნება, ადგილობრივი შემოსავლების უდიდეს ნაწილს გულუხვად გადაუხდის ცენტრს სკამზე ყოფნის სანაცვლოდ, რაშიც მხარდაჭერას ითხოვს. გოჩა კურდღელია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ფოთის მერი გახდა.

 

სწორედ ამ მიდგომებისა და დამოკიდებულებების გამო, მოუგვარებელი რჩება – საკანალიზაციო სისტემა, ქალაქის დატბორვა, მდინარე რიონის წყალგამყოფი ხიდი, რომელზეც სპეციალისტები უკვე თითქმის 10 წელია ამბობენ, რომ ავარიულია და, დანგრევის შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალია.

 

ადგილობრივი ხელისუფლებაც, უკვე რამდენი წელია, ცენტრიდან თავსმოხვეულ საკითხებზე საუბრობს და უმთავრესი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.


რა გააკეთა ფოთის თვითმმართველობამ 1894-1914 წლებში ადგილობრივი შემოსავლებით


1882 წელს, თვითმმართველობის მნიშვნელობის შესახებ ნიკო ნიკოლაძე წერდა: „ერობის ყველაზე უმთავრესი ღირსება ის არის, რომ ჩვენ საკუთარ საქმეს ჩვენვე გვავლევინებს, ჩვენ პატრონათ ჩვენვე გვხდის და ეს გარემოება, მარტო ეს, ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ! – გვამაღლებს კაცობის ხარისხზე, ადამიანის ღირსებას გვაძლევს და გვაჩვევს უმჯობეს, კაცურ ცხოვრებას”.

1894 წელს, ნიკოლაძის თავკაცობისას შემოღებული ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადითა და სხვა ეკონომიკური აქტივობით ნიკოლაძემ ბიუჯეტის 75 ათასი მანეთიდან 723 ათას მანეთამდე გაზრდა შეძლო.

1914 წელს შედგენილი დოკუმენტში – “ფოთის ქალაქის ხმოსნების მიმართვა ამომრჩევლებისადმი” ჩამოთვლილია ნიკოლაძის მიერ გაკეთებული საქმეები:

რა გააკეთა:

1.წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისაგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ.


2.შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღდგენას ლამობდა და გააცოცხლა ნავსადგურის განახლებით, ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა. ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა.


3.გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებს და მესამე, ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან.


4.ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი გაჭირვებულ ხალხის შემავიწროებელი.


5.მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი.


6.ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს.


7.გააბა ტელეფონის ქსელი, რომლის ბოძები თავმორთულ კეკლუც პატარძალივით ქუჩებს ამშვენებს.


8.გააკეთა, ნაცვლად დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლების ხის სახლებისა, ლამაზი აგურის ორსართულიანი შენობები, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალების და ვაჟების გიმნაზიის ქვის შენობები და სხვა სკოლები.


9.უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე, სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი. იქვე გაკეთებულია ოთხი ქვის დუქანი და სხვა.


10.მოაწყო სასაკლაო და ორი წყლის ამოსაღები გენებიკის სისტემისა, რომელიც მცხოვრებლებს სუფთა წყალს აწვდის.


11. განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე, რომელიც თავის აგებულობით იპყრობს მნახველთა ყურადღებას.


12.მოუპოვა სამკურნალოს და პოლიციას საკუთარი ბინა.


13.მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი.


14.ნავსადგურში მიმავალი ქუჩების მოკირწყვლა და სხვა გზატკეცილების გაყვანა თუ ძნელად ოცნებაში არსებობდა, დღეს სინამდვილედ გახდა.


15.ქალაქის განაპირა ადგილების (ჩოჩხატის აგარაკის) შეძენა ბანკიდან.


16.საქონლის საწყობების გამართვა პორტში და ელევატორში.


17.ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ფინანსებისათვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობს ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი…


ის, რაც ნიკოლაძემ მოახერხა რუსეთის ცარიზმის პირობებში ფოთში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი საქართველოს 27-წლიანი ისტორიის განმავლობაში.






სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED