ქართველი ხელოვანის ამერიკული წარმატება

2017.10.15 ავტორი: TS

ხელოვანი მარიკა მამუჩიშვილი, რამდენიმე წელია, მოცულობითმა ქარგვამ გაიტაცა. მან ორი პერსონალური გამოფენა თბილისში გამართა, ხოლო მესამე ახლახან ნიუ-იორკში. საკუთარ "ამერიკულ წარმატებას" მისი ხელოვნების ქართველი თაყვანისმცემლების მხარდაჭერითა და მაღალი შეფასებებით მიღებულ სტიმულსაც უკავშირებს. მას ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. მარიკა მამუჩიშვილი TSpress-ის სტუმარია:

- მოდი, გამოფენით დავიწყოთ. ახლახან, ნიუ-იორკში Emmanuel Fremin Gallery -ში გამართულ გამოფენაშიც მიიღეთ მონაწილეობა. ვიცი, ძალიან ღელავდი, როგორ ჩაიარა და რა მოგცათ ამ გამოფენამ?

 

- კი, სექტემბრის თვეში, ნიუ იორკში, მანჰეტენზე, კომპანია “მადატარტის“ მიერ, გაიმართა ქართველი ხელოვანების ერთობლივი გამოფენა, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საქართველოში ორი პერსონალური გამოფენა მქონდა, მაინც ვღელავდი, თუ როგორ მიიღებდა ჩემთვის ახალი ქვეყანა ჩემს ნამუშევრებს. მიმაჩნია, რომ გამოფენამ წარმატებით ჩაიარა.

 

- ნამუშევრები ადრე საქართველოშიც წარადგინეთ გამოფენაზე. რა მსგავსება ან განსხვავებაა თქვენი ხელოვნების ქართველ და ამერიკელ თაყვანისმცემლებს შორის?

 

- ჩემი აზრით, ხელოვნების თაყვანისმცემელი ყველა ქვეყანაში ერთნაირია, ერთნაირად გამოხატავს ემოციასაც და ინტერესსაც. ქართველი პუბლიკის თავისებურება ისაა, რომ აღფრთოვანებასთან ერთად, „რჩევასაც“ გაძლევს, თუ როგორ აჯობებდა რომელიმე დეტალის გაკეთება. ჩვენ ხომ ძალიან კრიტიკულები ვართ ყველაფერში. მიუხედავად ამისა, ძალიან მადლიერი ვარ ქართველი თაყვანისმცემლების. მათი მხარდაჭერა და მაღალი შეფასებები რომ არა, ალბათ არ მეყოფოდა სითამამე, რომ გამემართა პერსონალური გამოფენები და გამოვსულიყავი ფართო ასპარეზზე.

 

- საქართველოში ფასდება თუ არა შესაბამისად ადამიანის ნიჭი და შრომა და ამ მხრივ, თავად რა პრობლემები ან ხელშეწყობა გქონდათ?

 

- ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. ჩემი აზრით, დაფასებად ის ითვლება, თუ როგორ სოციალურ და ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი. მარტო ხელოვნებას არ ეხება ეს. საქართველოში პოლიტიკამ და ეკონომიურმა სიდუხჭირემ თავისუფალი სივრცე აღარ დატოვა. ამიტომ, ვისაც საშუალება ეძლევა, ცდილობს  ინდივიდუალურად გადაირჩინოს თავი. როგორც ცნობილია, კარგი ცხოვრებიდან არავინ გარბის.

სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს ხელოვნების სუბსიდირება და დახმარება. სახელმწიფომ ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პირობები უნდა შექმნას, რომ ჩემმა საქმემ მარჩინოს. 2014-15 წელს თუ 40-50 ნამუშევარი გავყიდე, 2016 მხოლოდ ერთი. არ ვთვლი უცხოეთში გაყიდულ ნამუშევრებს. მე როგორ დავემდურო ადამიანს, რომელიც ლუკმა -პურს ძლივს შოულობს, რომ ჩემს სურათებს, არ კია არა, ვერ ყიდულობს?! 

 

- გარდა მოცულობითი ქარგვისა, როგორც ვიცი, ლუნევიურ ქარგვის სახეობასაც ფლობთ, რასაც მაღალი მოდის მაღალ სამყაროში იყენებენ. ხომ არ გქონიათ, რომელიმე სააგენტოდან შემოთავაზება?

 

- ქარგვის სხვადასხვა სახეობას ვფლობ, მათ შორის, ლუნევიურს. ჩემი ოცნებაა, რომ ლესანჟის სკოლაში კიდევ უფრო დავხვეწო ტექნიკა, რასაც აუცილებლად შევისრულებ ნიუ-იორკში მაქვს კონკრეტული შემოთავაზება და კიდევ მოლაპარაკებები. წარმატებთ დასრულების შემთხვავში, აუცილებლად გაგებინებთ და გაგახარებთ.

 

- ყველაზე მთავარი მუშაობის პროცესში რა არის?


-მე ამას მუშაობას ვერ დავარქმევ. როდესაც ვიწყებ, შევდივარ იმ სამყაროში ვხურავ კარს და რა ხდება გარეთ, საერთოდ არ მესმის. არ მაინტერესებს, ვარ სრულიად უკონტაქტო. როგორც იცით, არ მაქვს არანაირი განათლება ამ სფეროში. არ ვიყენებ მზა და შეღებილ დეტალებს. ყველაფერს ვღებავ საკუთარი ხელით. ფერებსაც კი ინტუიციურად ვაზავებ.

 

- რა დრო გჭირდებათ თითოეული ნამუშევრის შექმნაში?

 

- ნამუშევარს გააჩნია. ზოგი ერთ დღეში დამიმთავრებია. მაქვს ნამუშევრები, რომელზეც ერთი თვეც მიმუშავია.

 

- ყველაზე საყვარელი ნამუშევარი თუ გაქვთ?

 

-თუ დამიჯერებთ, ყველა მიყვარს. ჩემთვის არ არსებობს ე.წ შეკვეთით შესრულებული სურათი. ყველას ვაკეთებ მთელი გულით. ამიტომ, რომ ვყიდი, ჩემი ემოციის ნაწილსაც ვატან. მაგრამ, მაქვს ერთი სურათი, რომელსაც არასოდეს არ გავყიდი, ეს სურათი მამას უყვარდა ძალიან.

 

- როდის მიხვდით, რომ ეს საქმე მოგწონდათ და როგორ ისწავლეთ ამ ყველაფრის შექმნა/კეთება?

 

-5 წლის წინ, ინტერნეტში ვნახე ამ ტექნიკით შესრულებული სურათი, რომელმაც მომაჯადოვა. იმდენად დავინტერესდი, რომ დავიწყე მოძიება იმ ადამიანების ვინც მოცულობითი ქარგვით იყო დაკავებული. საქართველოში ვერ მივაკვლიე ვერავის. ძირითადად ვისწავლე იუთუბიდან და იმ ადამიანებისგან, ვისაც საზღვარგარეთ დავუკავშირდი. გარდა კარგი ტექნიკისა, აუცილებელია ძალიან ხარისხიანი მასალა და წარმოსახვის დიიდი უნარი ასე გაჩნდა რამდენიმე საავტორო ნამუშევარი.

 

- თქვენი შემდეგი ნაბიჯი?


- სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა გავაკეთო პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში და ვითანამშრომლო წამყვანი მოდის სახლებთან, რასაც აუცილებლად გავაკეთებ! მე ხომ შესაძლებლობების ქვეყანაში მოვხვდი და მაქვს შანსი, რომ ჩემს ყველაზე თამამ მიზანს მივაღწიო, მქონდეს ჩემი საკუთარი მაღაზია-სალონი ნიუ-იორკში!

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED