"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის ტყუილი [Video]

2017.10.05 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატს, გოჩა კურდღელიას მიაჩნია, რომ ცენტრალური ხელისუფლება პროექტებს არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით აფინანსებს. მან ამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრისას ილაპარაკა. ექსპერტის თქმით, ეს ტყუილია. 

"დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა შედეგი იქნება დადებული. ამას აქცევენ ყურადღებას ცენტრალურ ხელისუფლებაში შემდგომი პროექტებისათვის. როდესაც უკვე ირჩევა დიდი პროექტები რაიონებს შორის იმას აქცევენ ყურადღებას, რომელ ქალაქში რა მაჩვენებელი იყო, სადაც დიდი მაჩვენებელია ყველა პროექტი იქ მიდის და ჩვენი თხოვნაა, ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ, არ დავიზაროთ, 21-ში მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ..."- განუცხადა კურდღელიამ შეკრებილ მოსახლეობას.

 

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატის სიტყვებიდან გამომდინარე, მისი პარტიით დაკომპლექტებული მთავრობა არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, რომელსაც საქართველო მიერთებულია და რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობის კანონის საფუძველზე დაფინანსებასა და სამართლიანი კრიტერიუმებით განაწილებას ავალდებულებს, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა ამა თუ იმ თვითმმართველი ორგანოს არჩევნებში გამარჯვებული.

 

"სამწუხაროა, რომ მერობის კანდიდატს წარმოდგენა არ აქვს რეგიონში განსახორციელებული პროექტების დაფინანსების კონკრეტულ წესსა და თვითმმართველობის არსზე ზოგადად. თვითმმართველობის ფინანსები (გამოთანაბრებითი ტრანსფერი და რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდი) ნაწილდება კონკრეტული ფორმულის მეშვეეობით. ამ ფორმულაში არსად წერია ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მიღებული პროცენტები. ფოთში, მერობის ოცნების კანდიდატი ამ სიტყვებით "დათვურ სამსახურს" უწევს საკუთარ პარტიას - "ქართულ ოცნებას". მას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე, მის კონსტიტუციურ გარანტიებზე, რომლის დაფინანსების წესი განისაზღვრება მხოლოდ კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე"- აცხადებს ირაკლი მელაშვილი. 


ექსპერტის თქმით, კანდიდატები ზოგადად ამ გზით ცდილობენ გაუთვიცნობიერი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, მის დაშინებას, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელს თუკი ცუდი შედეგი ექნება, მაშინ მთავრობა "დაგვსჯის" და მუნიციპალიტეტს ფულს არ მისცემს.

 

"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი ყველა საჯარო გამოსვლაში, ფოთისთვის გამოყოფილი ტრანსფერის თანხებს პირად და მმართველი პარტიის დამსახურებად წარმოაჩენს და ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს ქალაქი აღნიშნული პროექტების დაფინანსებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

 

ამავე თემაზე: 

 

"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი საკრებულოში "ნაციონალებს" წარმოადგენდა

 

"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი "ნაცმოძრაობის" შემწირველი იყო

 

მმართველმა პარტიამ ფოთის მერობის კანდიდატი დაასახელა


"ოცნების" მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში

 

"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის მინისტრებთან დადებული პირობა [Video, Photo]




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED