ფოთის მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა - მე მართლა არ მრცხვენია ბურჯანაძის გვერდში დგომის [Video]

2017.09.10 ავტორი: TS

"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ქალბატონი ბურჯანაძის ავტორიტეტი, დიპლომატია, უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება წაადგება ამ საკრებულოს, ამ ქალაქს. თუკი ნინო ბურჯანაძეს ქონდა შესაძლებლობა და შეხვდა ვლადიმერ პუტინს, ამაში მე ამაში ქვეყნის მტერს ნამდვილად ვერ ვხედავ. უნდა ვესაუბროთ მტერსაც, მოყვარესაც, თუკი ეს სჭირდება ქვეყნის ინტერესებს. მე მართლა არ მრცხვენია ქალბატონი ბურჯანაძის გვერდში დგომის და მასთან ერთად ბრძოლის," - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ ფოთის მოსახlეობასთან შეხვედრისას.  

მერობის კანდიდატი ფოთელ ახალგაზრდებს თანამდებობებს პირდება. "აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდისთვის იღება ფართოდ კარები, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით, მე მათ ვთავაზობ, როგორც ვიცე-მერების, ასევე სამსახურის უფროსების თანამდებობებს"- განაცხადა მან.

 

მისი აზრით, ქალაქს სჭირდება "მეპატრონეები და საქმის მკეთებლები, რომლებიც ადექვატურად იმოქმედებენ ხალხის საკეთილდღეოდ".

 

"სამარცხვინო გვჭირს, როცა ქალაქი დგას წყალში და საცურაო აუზიც კი არა გვაქვს" - განაცხადა მან მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ის წინააღმდეგი იყო "ფაზისობის" ჩატარების, რადგან მოსახლეობას უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აქვს.

 

 

ოთარ ხარჩილავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. მისი თანამდებობა, მისივე თქმით, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირებას შეეწირა, ვინაიდან ბესელიას ფავორიტი ლევან ჩოჩიას მერად წარდგენილი კანდიდატურა საკრებულომ ჩააგდო. სულ რაღაც სამიოდ თვეში, საკრებულოს უმრავლესობამ ხარჩილავა იმპიჩმენტის წესით გადააყენა. 

 

ხარჩილავა საზოგადოებას ექსცენტრიული განცხადებებით ახსოვს. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარ არჩევას ის "პოლიტიკურ შოკს" უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ "მოსახლეობა უბედნიერესი იყო მისი არჩევით": "ჩემი საკრებულოს თავმჯდომარე არჩევა იყო გარკვეულწილად პოლიტიკური შოკი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყანაში, როცა მართლა იზეიმა დემოკრატიამ, მართლა არის ქალაქი დემოკრატიის პიკი ეს ვიღაც ინდივიდებისთვის იყო შოკისმომგვრელი, ქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა უმაღლეს ხარისხში იყო ასული, ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ეს პოლიტიკური ამაღლებული ტემპერატურა რაც შეიძლება მცირე დროში დაბლა დამეწია და ქალაქი სტაბილურ რეჟიმში განაგრძობს უკვე ცხოვრებას, ქალაქი დასტაბილურებულია, მოსახლეობა უბედნიერესია, თუ გინდათ გაიარეთ და იკითხეთ პროცესები შესახებ"- განაცხადა იმ დროს ახლადარჩეულმა ხარჩილავამ.

 

ოთარ ხარჩილავა მანამდე მერის თანაშემწედ სპორტისა და კულტურის საკითხებში და აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის არჩევნებამდე მუშაობდა. ამჟამად, ფოთის საკრებულოს წევრია.

 

ოთარ ხარჩილავა 2007 წელს გასამართლებულია ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მას დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 


2010 წელს, ის ხელმეორედაა გასამართლებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ის საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.


2013 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით, მას მოეხსნა ნასამართლეობა. თავად ხარჩილავა მისი დაკავებების ფაქტს, სააკაშვილის პერიოდში, მისი და მამამისის - გიზო ხარჩილავას დევნას უკავშირებს. 

 

"რუსეთი დროშის დაწვის ხელმძღვანელი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ეს არის ვანდალიზმი. ეს ცდება ადამიანურ ჩარჩოებს"- განაცხადა TSpress - თან საუბრისას იმ დროს ფოთის მერის თანაშემწემ, ოთარ ხარჩილავამ რუსული დროშის დაწვის ფაქტზე. 2013 წელს, ფოთში, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის დროშის გამოფენა "ნაციონალურმა მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად, რუსეთის სახელმწიფოს დროშა დაწვეს.

 

 

ხარჩილავამ გასულ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი "ეროვნული ფორუმიდან" იყარა.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ოთარ ხარჩილავა - ჩემი მხარდაჭერით, თქვენს თავს ვფიცავარ, უკეთეს მომავალს ირჩევთ [Video]

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ხარჩილავა აირჩიეს

 

მერის თანაშემწე - რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია [Video]


ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში


საჯარო სამსახურის თანამშრომლები მარგველაშვილთან შეხვედრაზე [Video]


"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაცია რუსეთის დროშის დაწვას გმობს [Video]

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED