დუბლირებული სამსახურები ფოთის მერიაში და პარტაქტივისტებისთვის გაზრდილი ხელფასები [Video]

2016.11.14 ავტორი: TS

ფოთის მერიის მოთხოვნით, საკრებულომ თვითმმართველობის დაფუძნებულ ა(ა)იპ -ების: „ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის“, „სოციალური კვლევის ცენტრის“ და მერიის შტატგარეშე, დროებით ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლების სახელფასო ფონდი, ჯამში, 56 ათასით გაზარდა. აღნიშნულზე 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. საკრებულოს სხდომაზე საკითხს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა. მათი მტკიცებით, აღნიშნული სამსახურები „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასასაქმებლად შეიქმნა და ბიუჯეტისთვის ზედმეტ ხარჯს წარმოადგენს.

ამჟამად, ფოთის მერიის დაფუძნებულ აღნიშნულ ორ სამსახურში 83 თანამშრომელია, მერიის სხვადასხვა სამხსახურებში დროებით ხელშეკრულებებით კი 10-მდე პირია დასაქმებული. წლის განმავლობაში მერია მათი ხელფასებისთვის 450 ათას ლარს ხარჯავს.

 

მერიის მოთხოვნით, საკრებულომ „ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დაფინანსება 11 ათასი ლარით გაზარდა და ახლა ჯამში 149.5 ათას ლარს შეადგენს. „ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრის“დაფინასება კი, 35 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში 275.4 ათასი ლარია. შტატგარეშედ დასაქმებული ათი თანამშრომლის  სახელფასო ფონდი კი, 10 ათასი ლარით გაიზარდა.

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე თოფურიას განცხადებით, მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.იპ- ებს სუბსიდიის სახით დაფინანსება მერიის თხოვნით გაეზარდათ, რაც წლის ბოლომდე იქ დასაქმებულთა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხაა.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ორმა ა.ა.იპ-მ წლის ბოლომდე იმუშავოს და შესაბამისად, გავეცით მათი 2 თვის ხელფასებისათვის საჭირო თანხა"- განაცხადა TSpress- თან თოფურიამ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე სამომავლოდ იმსჯელებენ.

 

ფოთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი დუნდუა აცხადებს, რომ აღნიშნული სამსახურები მერიამ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტების და კოორდინატორების დასაქმების მიზნით შექმნა. 

 

„ეს არის ხელოვნურად შექმნილი ააიპ-ები, ისინი ასრულებენ ხელისუფლების და პარტიის დაკვეთას, ამ არჩევნების დროს მათ შეასრულეს დავალებები- პარტიის კოორდინატორების და კომისიის წევრების მოვალეობებს ასრულებდნენ. ეს არის პარტიული მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა“- განაცხადა TSpress- თან საუბარში დუნდუამ.

ფოთის მერიამ აღნიშნული ორი სამსახური ა (ა)იპ  „ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ და  „სოციალური კვლევის ცენტრი“ 2014 წელს შექმნა და 3-თვიანი ხელშეკრულებით ძირითადად, ხელისუფლების აქტივისტები და საჯარო მოხელეების ახლობლები დაასაქმა, რომელთაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ხელშეკრულებას ხელახლა უგრძელებენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით,  აღნიშნული ა (ა)იპ - იების ძირითადი ფუნქციები მერიის შესაბამისი სამსახურების ანალოგიურია და მისი შექმნით დაუსაბუთებლად შტატების გაზრდა, საქმიანობის დუბლირება და ბიუჯეტის ხარჯის გაზრდა ხდება.

 

მაგალითად, “სოციალური კვლევის ცენტრის” ძირითადი ფუნქციებია -“სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ჯგუფების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება; დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნა; მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსი (დასაქმება, უმუშევრობა) საინფორმაციო ბანკის შექმნა) და ა.შ”. მსგავსი ტიპის ფუნქციები აკისრია “სოციალური მომსახურების სააგენტოს”, “საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს”, ასევე ზემოაღნიშნული ცენტრისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება შეუძლია ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსაც. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ფოთის მუნიციპალიტეტმა მსგავსი ტიპის იურიდიული პირის დაფუძნების გადაწყვეტილება, რამაც მნიშნელოვნად გაზარდა საბიუჯეტო დანახარჯებიც - ხელფასის სახით“ - განმარტებულია ანგარიშში 

 

კვლევის მიხედვით, ასევე ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება ააიპ-ში კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

 

„საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც ერთი მხრივ არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“- წერია ანგარიშში

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED