ფოთელი გარემოვაჭრეები ხელისუფლებას ბაზრის ხელმძღვანელის ლობირებაში ადანაშაულებენ [ Video]

2016.10.20 ავტორი: TS

ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე, რიონის სანაპიროსა და ცოტნე დადიანის ძეგლის მიმდებარედ ვაჭრობა იკრძალება. ფოთის მერიასა და შპს „ლუკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ბაზრის მფლობელმა კომპანიამ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე 50-ზე მეტი მოქალაქე, ძირითადად, პურით, ხილითა და სხვა პროდუქტებით ვაჭრობს. მათი ყოველდღიური ადგილის გადასახადი 1 ლარია, რომელსაც ისინი თვითმმართველობის დაფუძნებულ შპს „კომპლექსურ სავაჭრო ცენტრს" უხდიან.

 

შპს „ლუკას“ ხელმძღვანელის, აგრარული ბაზრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ კორსანტიას განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, მოვაჭრეებს ადგილის დატოვება მოუწევთ. კორსანტია მოვაჭრეებს მის კერძო მფლობელობაში არსებული ბაზრის შიგნით შესვლას სთავაზობს, სადაც გადასახადი ადგილის, ფართისა და დახლის მიხედვითაა.

 

„ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხევაში, 3 თვე უფასოდ დავუთმობ ფართს და გადასახადებიდან გათავისუფლდებიან, გარდა საშემოსავლო სამსახურის მიერ კანონით დაწესებული გადასახადებისა. “- განაცხადა მემორანდუმის გაფორმებისას კორსანტიამ.

 

გარემოვაჭრეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ეჭვიბენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციას, კომერციული თვალსაზრისით, მათი კერძო ტერიტორიაზე შეყვანა უნდა და მას ამაში ქალაქის მერი ლობირებს.

 

„კორსანტიას საკუთარი ბიზნესის გამდიდრება უნდა. ჩეკის გამო არიან ამ დღეში. უნდა შიგნით შეგვიყვანონ, რომ გადასაახდი მათ გადავუხადოთ. ბაზარში შიგნით, ვაჭრობა არაა, გადასახდი კი უფრო დიდია. ამიტომ ვერ შევძლებთ.“- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

 

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობით მიღებული შემოსავალი მათი ოჯახის საარსებო ერთადერთი წყაროა, მისი აკრძალვით კი, ისინი უმუშევარი რჩებიან.

 

„გაჭირვება, რომ არა არავის უხარია, ყინვაში, წვიმასა და ქარში ქუჩაში ღია ცის ქვეშ დგომა. ერთი ადამიანს რომ არაფერი ეყო, ამიტომ ჩვენ ლუკმა-პურის გარეშე უნდა დაგვტოვონ“- აცხადებს გარემოვაჭრე.

 

ფოთის მერისა და ბაზრის მლობელ შპს „ლუკას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, რაიმე სახის სარგებელი ბაზრის მფლობელს არა აქვს, მხოლოდ ვალდებულებები - ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამჟამად ტერიტორია მოასფალტებულია, ტერიტორიაზე მანქანით მისასვლელი გზა მიყვანილია, არსებობს გზის ფეხით სავალი ნაწილიც.

 

რა მიზნით და ინტერესით გააფორმა აღნიშნული მემორანდუმი, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ბაზრის ხელმძღვანელობა, ნოდარ კორსანტიამ ქალაქში არყოფნის მიზეზით TSpress -ის კითხვებს ვერ უპასუხა.

 

ქალაქში არყოფნის მიზეზით, საკუთარი გადაწყვეტილების დეტალებზე ვერც ქალქის მერმა, ირაკლი კაკულიამ ისაუბრა. 

 

„აგრარული ბაზარი ნამდვილად იწვევს კრიტიკას, ტურისტები მომსახურეობის დონეს უჩივიან. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს თემა მოაწესრიგოს.“ - განაცხადა კაკულიამ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED