ფოთში კანალიზაციის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეჩერდა

2016.11.02 ავტორი: TS

ფოთში, კანალიზაციის სისტემის სამუშაოები შეჩერდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მიწაში ჩადებული/გაყვანილი მილების მასალის ხარისხი უვარგისია.

 

„2018 წლისთვის ფოთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი კანალიზაციის მომსახურებით. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რაც ბოლო წლებში რეგიონში განხორციელებულა“ - მსგავსი განცხადებები ხელისუფლების ყველა დონეზე კეთდებოდა.


             

        პროექტისთვის სესხად აღებული 37 მლნ. დოლარი

 

ფოთში, კანალიზაციის სისტემის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) 37,4 მლნ აშშ დოლარის სესხი აიღო. 

 

საპროექტო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენდირექტორმა, კლაუს გერჰაუზერმა მოაწერეს.

 

კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა გამოაცხადა, დამკვეთი კი, შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანია“ იყო. გამარჯვებულად, აზერბაიჯანული კომპანია "აზერაგრარტიკინტი“ (OJSC Azeragrartikinti) დასახელდა. 

 

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ კომპანოასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის მიზნით, ჩრდილოეთ ნაწილში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა უნდა აშენებულიყო, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი უნდა დაერთებულიყო სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობაზე. უფრო კონკრეტულად შემდეგ ძირითად სამუშაოებს: "112,4 კმ ახალი კანალიზაციის მილის (ქსელთან დაერთებების გარეშე) და 28 საკანალიზაციო საქაჩი სადგურის მოწყობას (საქაჩების სიმძლავრე მერყეობს 2,5 ლ/წ. და 285 ლ/წ.) სამშენებლო სამუშაოების, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების, სავარაუდო ხანგრძლივობა არის 1095 დღე. პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს სამხრეთის ნაწილი, რომლის სავარაუდო სამშენებლო ხარნგრძლივობა არის 540 დღე“



                             ექსპერტიზის დასკვნა - უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები

 

აზერბაიჯანულმა კომპანიან პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 2016 წლის აპრილში დაიწყო, დაახლოებით 5 თვეში კი, მიმდინარე წლის აგვისტოში დამკვეთმა კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად  შეუწყვიტა.

 

„საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგეობის კომპანიის“  მშენებლობისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტის, ტარიელ ბებიას განმარტებით, კანონის მოთხოვნით, მათ შესრულებულ სამუშაოებზე ჩაატარეს ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ფირმამ საპროექტო მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

 

„ჩვენი დაკვეთით ექსპერტიზა ჩაატარა ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ და გამოიკვეთა, რომ სამშენებლო მასალების ხარისხი არ აკმაყოფილებდა სავალდებულო ხარისხს. ხელშეკრულებით მასალის ხარისხი ჩვენთან უნდა შეთანხმებულიყო. ამათმა თვითნებურად დაიწყეს გაკეთება. მიწაში ჩადებული ყველა მილის ხარისხი უვარგისია, ასევე სადაო მისი დაქანება, რომ თვითდინება მოხდეს.“- განაცხადა ბებიამ.

 

სპეციალისტის თქმით, ფირმამ მილების გაყვანის სამუშაოები ჯამში 27 კმ მანძილზე შეასრულა, თუმცა სამუშაოების არასწორად დაგეგმვის გამო, პროექტის ეტაპობრივი შედეგი მიღწეული არაა და „მხოლოდ მიწაში უხარისხოდ, არასწორად ჩაყრილი მილებია“, რომელიც შესაცვლელია.

 

„მთელ ქალაქს, ფრანგმეტულად მიედ-მოედნენ, ხან ერთ ქუჩაზე გაიყვანდნენ მილებს, ხან მეორეზე. ჯერ ერთი ნაწილი უნდა დაესრულებიანათ. 27 კმ -იანი მანძილის სამუშაოებით, კონკრეტულ უბანში, 2 სატუმბ სადგურამდე მოხდებოდა მილების მიერთება. გაჩნდებოდა აბონენტები, რაც მათზე დაწესებული გადასახადით კომპანიის შემოსავლის წყარო იქნებოდა. ასე ეტაპობრივად დაიფარებოდა მთელი ქალქი.“- აღნიშნა ბებიამ.

 

მისივე თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებლობაზე სასამართლოსთვის მხარეებს არ მიუმართავთ. როგორც ბებია ამბობს, შესრულებულ სამუშაოებზე მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისთვის უცნობია, თუ რა ფორმით და როდის გაგრძელდება სამუშაოები.

 

„მილები შესაცვლელია, ძველი მილები ამოსაღებია. ამის გაკეთება აზერბაიჯანულ კომპანიას დაევალება, თუ ვინ შეასრულებს სანამ მოკვლევა არ დამთავრდება ვერაფერს ვიტყვით. ასევე ჯერ გაურკვეველია შემდგომში პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდება თუ არა. შესაძლებელია აზერბაიჯანულმა მხარემ გაასაჩივროს ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტი. ამიტომ სამართლებრივი დავის დაწყებამდე და მის დასრულებამდე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია.“- განმარტა ბებიამ.

 

"აზერაგრარტიკინტს“ (OJSC Azeragrartikinti) ფოთის ოფისი დაკეტილია. აღნიშნულზე მათ განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.



                           ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები და სავალდებულო მოთხოვნა

 

ტენდერში მონაწილეობას სულ, 8 კომპანია იღებდა, მათ შორის იყო აზერბაიჯანის, თურქეთის, გერმანიის, ესპანეთის კომპანიები, თუმცა სატენდერო დოკუმენტით მოთხოვნილი ყველა მინიმალური საკვალიფიკაციო კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის მიზეზით დისკვალიფიცირდნენ.

 

დამკვეთის მიერ, ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება იყო.

 

„პრედენდენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 1 ანალოგიური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენს 36 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს, სადაც პრეტენდენტი გამოდიოდა კონტრაქტორად, მენეჯმენტ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად; მოცემული ხელშეკრულებები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად დასრულებული. კონტრაქტები ანალოგიურად ჩაითვლება ხელშეკურლების მოცულობის, სამუშაოების ტიპის, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც დეტალურად მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნებში (სატენდერო დოკუმენტაციის მეექვსე ნაწილი)“- წერია ხელშკრულებაში.

 

არსებული ინფორმაციით, გამარჯვებულ აზერბაიჯანულ კომპანიას მსგავსი გამოცდილება არ ქონია.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED