ბიძინა ივანიშვილის პასუხი TSpress-ის კითხვაზე [Video]

2016.09.14 ავტორი: TS

არჩევნებამდე 30 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრა ზუგდიდში გამართა, რომელშიც სამეგრელოს რეგიონიდან 25 ჟურნალისტი მონაწილეობდა. 1- საათიანი შეხვედრის ფორმატი ჟურნალისტს თითო კითხვის დასმის საშუალებას აძლევდა:

TSpress-ის წარმომადგენლის, ელისო ჯანაშიას კითხვა:

 

TSpress - მოგესალმებით ბატონო ბიძინა. ინტერვიუში, რომელიც 2012 წელს ჩავწერე თქვენთან, გკითხეთ რა განსხვავებაა ბიზნესმენ ივანიშვილსა და პოლიტიკოს ივანიშვილს შორის, თქვენ თქვით, რომ, მთავარი არის კადრების შერჩევა და სწორი მენეჯმენტი. მე მაინტერესებს პოლიტიკაში რამდენად სწორად გამოგდით კადრების შერჩევა, ბიზნესში გასაგებია, და არის ამის ტკიცებულება, რომ თქვენ გაქვთ წარმატებული ბიზნესი, მაგრამ თავის დროზე, როდესაც თქვენ დააკომპლექტეთ მთელი მთავრობა: პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება სრულად...

 

ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტი ავირჩიეთ, მაგრამ პრინციპში, რაღაც წვლილი მქონდა იქ, კი..

 

TSpress - დიახ, ამას ვგულისხმობ ზუსტად. რა ნიშნით შეარჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა ფსიქოტიპები არიან. თუნდაც პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი თავისი გუნდი გაცვალა სასახლეზე. თქვენი პირველი კონფლიქტი მახსოვს აქედან დაიწყო.

 

ბ.ი - მეორე დღესვე თანაც, არამარტო სასახლეზე...

 

Tspress -  რა ნიშნით შეარჩიეთ ღარიბაშვილი, რომელიც ძალიან უცნაურად გადადგა, რომლის მმართველობის დროსაც, ჯანყარაშვილი და თამაზაშვილი განაგებდნენ ძალიან ბევრ რამეს. რა ნიშნით შეარჩიეთ ჭიკაიძე, რომელსაც თალიბანი ეგონა ადამიანი... ნარმანია, რომელსაც "ქართუჯგუფის" მოქმედი  გენდირექტორი ლილუაშვილი დაუნიშნეთ პირველ მოადგილედ.  ხომ არ ცდებით ახლაც, როდესაც დგება საპარლამენტ არჩევნების სიები და იქ ვხედავთ უსახურ სახეებს, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მსუყედ აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას"

 

ბ.ი - ვინ გყავთ მხედველობაში...

 

TSpress - კახა ოქრიაშვილი, ბექა ოდიშარია, ირაკლი ხახუბია... გუშინ წილოსანის ქალიშვილით ჩაანაცვლეს ლანჩხუთში და მცხეთაში ცეზარ ჩოჩელს არ დაუყენეთ კონკურენტი... არის თუ არა ეს [კადრების შერჩევა] თქვენი ძლიერი მხარე...ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთპიროვნულად შერჩევა არ არის დემოკრატიის ნიმუში?

 

ბ.ი - რაც შეეხება დღევანდელ გუნდს, მას ალაგებს კვირიკაშვილი. არცერთი მაჟორიტარი ჩემგან დასახელებული არაა, ერთ- ორ კაცზე მივეცი რეკომენდაცია და ერთი გაითვალისწინეს ამ სამიდან, ეს არის სულ...გუნდს აკომპლექტებს კვირიკაშვილი, კალაძე, კობახიძე და ასე შემდგომ. მთავარი რაცაა, მარგველაშვილს მე ვთვლი ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად, რაც მოვედი მას შემდგომ, ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას, არ მინახავს ჯერ ამხელა ასაკის კაცი, დიამეტრულად ესე იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა, საკუთარ თავთანაა გარკვევაში ეს კაცი დღემდე და ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე. მან ოდესღაც გამოაცხადა, რომ  ივანიშვილთან კონფლიქტი მქონდა და ამიტომ შევედი ამ სასახლეშიო... არავითარ შემთხვევაში, ის საკუთარ თავთანაა დაპირისპირებაში, როგორც მოვიდა იყო ერთი ტიპის მარგველაშვილი და შემდეგ დიამეტრალურად საპირისპირო გახდა, ასეთ ასაკში მე სხვა კაცი და სხვა შემთხვევა არ მინახავს....

ღარიბაშვილი იყო კარგი შერჩეული ძალიან კარგად. ღარიბაშვილიც, ნარმანიაც, სხვაც, ვინც გნებავთ, გუნდის წევრები. სტანდარტები, რაც დაიგეგმა გუნდში, რომ კანონს უნდა დაემორჩილოს ხელისუფალი. საკუთარ ნათესავებზე, საკუთარ გუნდზე და კორუფციაზე ვეღარ ააგებს მმართველობას - ხალხს უნდა ემსახუროს და უნდა იყოს გამჭვირვალე. გაჩნდა კითხვები ღარიბაშვილზე­... ამ კაცმა რეაქცია გააკეთა,და ნაცვლად დაცვისა, წავიდა ის კაცი სამსახურიდან, აბსოლუტურდ ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი...

ნარმანია არის ძალიან განათლებული, მეთოდური, კარგი მენეჯერი. შეადარეთ დღევანდელი და წინა თბილისი, როგორ იმართებოდა, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ"მოახერხა თემის აგორება.... ფერაძე, ეს არის სახე "ნაციონალური მოძრაობისა" და ეს ხალხი უკეთებს ოპოზიციას ნარმანიას და კარვებს უდგამს. თბილისი არის რთული სამართავი და ძალიან გაიზარდა ნარმანიას მმართველობის დროს. არც ნარმანიაა უნაკლო, ჩემი დამოკიდებულება თუ გნებავთ, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც შეეშალა ბოლოში და ადრეც, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს. არავის არ უთქვამს ნარმანიაზე კორუფციაზე მინიშნება, გარდა ფერაძისა და ასეთი უარგუმენტო და უპასუხისმგებლო ხალხისა. ლილუაშვილი დღეს ვანის არჩევნებში აირჩევა და ეს ნორმალურია.

და პრეტენზია იმისა, რომ მენეჯმენტში ან ბიზნესის დროს, ან პოლიტიკაში მოსვლის დროს გადაცდომა არ მოგივიდეს ვინმეზე, არ არსებობს. არ ვარჩევდი ერთპიროვნულად, ვარჩევდი გუნდურად, ძალიან ბევრს ვეკითხებოდი გუნდს, ძალიან ბევრ რჩევას ვიღებდი მათგან, ასეთია დღეს კვირიკაშვილიც, ზოგადად, უხეში შეცდომა იყო მარგველაშვილი, მაგრამ ვერ განვსაზღვრე ამ კაცის გზები, თუ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

 

TSpress - ყოფილი ნაციონალები სიაში ჩასმაზე...

 

ბ.ი - მცხეთაში ჩვენ არ ჩაგვისვამს ჩოჩელი. აი რას ვიტყოდი მე ასეთ ხალხზე: როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე, 10-12 კაცმა განაცხადა, რომ ჩვენ გადმოვდივართ აქეთ მხარეს. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან წარმატებული კაცი, რამდენჯერმე შენახვედრი ვარ, მისგან რჩევები მიმიღია, ძალიან საინტერესო... ჩოჩელი ძალიან საინტერესო ბიზნესმენია. ეს ხალხი არის ძალიან წარმატებული ხალხი, რომელმაც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა საკუთარი წარმატებები და არა პარტიის დახმარებით, მაგრამ, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი ცხოვრება აირჩიონ, როგორც კი მოეცათ საშუალება, მოძალადე ყოფილ ხელისუფლებას უარი უთხრეს გადმოვიდნენ და დადგნენ სწორ ადგილას. ვინც გაუწია სააკაშვილს წინააღმდეგობა, სად არიან დღეს, ზოგი დაარბიეს, ზოგი გაანადგურეს, ზოგი ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს გონება ეყო, რომ წინ არ დაუდგნენ, მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. გავიხსენებ ბუკიას - ესენი არიან ხალხი, როლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ნიჭიერებით, როგორც კი მიეცათ საშუალება, სწორი პოზიცია დაიჭირეს, იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ სააკაშვილს არც თავი დააჭერინეს, არც მოაკვლევინეს, არც დაარბევინეს და ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ.

       

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED