ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე - მე ამ უბნის სიძე ვარ [Video]

2016.08.27 ავტორი: TS

"ჩვენ გაცნობა ნამდვილად არ გვჭირდება ერთმანეთის, ამ უბნის სიძე ვარ. მთავარი არის ერთი რაღაც, რომ ჩვენ ვართ მეგობრები (მიუთითებს კანდიდატზე - ავტ), მთავარი არის, რომ ირაკლი ("ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი- ავტ) არის ფოთელი, ძალიან მონდომებულია და ძალიან უყვარს თავისი ქალაქი"- ასე წარადგინა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილმა "ნაციონალმა", ალექსანდრე თოფურიამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია მოსახლეობასთან შეხვდერისას.

ირაკლი ხახუბია თოფურიას სიმამრის, გურამ წიწილაშვილის ბიზნესპარტნიორია. ისინი ერთად თევზის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობენ, რომლის გამონაბოლქვისა და დამპალი თევზის სუნის წინააღმდეგ ფოთელები 5 წელიწადზე მეტია ამაოდ ირძვიან. არაერთი აქცია გამართულა, თუმცა თევზის უსიამოვნო სუნი ყოველ სეზონზე აწუხებს ქალაქის მოსახლეობას.

 

თევზის გადამამუშავებელ მეორე ქარხანას ხახუბიას მძახალი, ასევე ყოფილი "ნაციონალი" თენგიზ სარიშვილი ფლობს.

 

ირაკლი ხახუბია, თენგიზ სარიშვილი და გურამ წიწილაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის შემწირველები იყვნენ. გურამ წიწილაშვილის სიძე ალექსანდრე თოფურია კი, ფოთის წინა ორი მოწვევის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" საფინანსო-სარევიზიო კომიისიას თავმჯდომარეობდა. არაეფექტიანი, არამიზნობრივი ხარჯვის, ბიუჯეტში შექმნილი დეფიციტის თუ სხვადასხვა დარღვევის მიუხედავად, მისი ყოველი წლის ბიუჯეტის შემოწმების დასკვნა დადებითი იყო.


ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, თოფურიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა საერთოდ უარყო. მისი თქმით, 2010 წელს ის აიძულეს საკრებულოში პარტიული სიით შესულიყო. "თავის დროზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა და საკრებულოში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობის" და ლიდერების მხრიდან საქმის კეთებასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე ბევრი დაპირება იყო. თუმცა, მალევე ვნახე, რომ პროცსები ამ კუთხით არ მიმდინარეობდა და მე მათ გავემიჯნე,"– განმარტა TSpress-თან საუბრისას თოფურიამ 6 წელი "ნაცმოძრაობის" სიით საკრებულოში ყოფნის შემდეგ.



მან საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 30 ოქტომბერს დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა, რის გამოც მას მისი ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ და ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

 

2014 წლის ივნისში, თოფურია საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, დავით ბაბილუას ცემის გამო სკანდალში გაეხვა. ბაბილუას, საკუთარ სამუშაო ოთახში, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე თოფურია ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად სხვა დასახლდა, თუმცა, არაოფიციალური ვერსიით, თოფურია ბაბილუასგან, იმ დროისათვის ეკა ბესელიასთან დაპირისპირებული მერის, დავით სარსანიას იმპიჩმენტს ითხოვდა, რაზეც ბაბილუასგან უარი მიიღო.



ინციდენტი მაშინ ალექსანდრე თოფურიამაც დაადასტურა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა უარყო. ფაქტით სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან და მისი შესწავლა ოფიციალურად არც საკრებულოში დაწყებულა. ბაბილუა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა, ხოლო ალექსანდრე თოფურია კვლავ საკრებულოს წევრი გახდა.

 

TSpress-ის ინფორმაციით, მისმა ბიზნესმენმა სიმამრმა, გურამ წიწილაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია სოლიდურად დააფინანსა, რამაც განაპირობა სიძის უპრობლემოდ პორტირება "ქართულ ოცნებაში" და ის ეკა ბესელიასთან დაახლოებული პირი გახდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნასა და საკრებულოს ექს-თავმჯდომარის ცემაში მხილებული ალექსანდრე თოფურიას მფარველობას, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. ფოთის პოლიციის უფროსი ეკა ბესელიას ნათესავი იყო.

 

ამავე თემაზე: 

 

"ქართული ოცნების" ფოთელი კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" შემწირველია

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ექს-თავმჯდომარის ცემაში მხილებული აირჩიეს

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]


 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED