როგორ კლავენ სპორტს ფოთში - დარღვევები და არაეფექტიანი ხარჯვა სასპორტო სკოლებში [Video]

2016.05.11 ავტორი: ელისო ჯანაშია ელზა შონია

ფოთის ზოგიერთი სასპორტო სკოლა ფიქტიურად არსებობს და სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება არაეფექტიანად და გაურკვევლად ნაწილდება. ერთთვიანი მონიტორინგის შედეგად, TSpress-მა საფეხბურთო, წყალსათხილამურო და აფროსნობის სკოლებში რიგი დარღვევები გამოავლინა. მაგალითად, ზოგიერთი სკოლა მხოლოდ ქაღალდზეა, ხელფასებს იღებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ფუნქციას არ ასრულებენ, ვინც რეალურად მუშაობს მისი ხელფასი კი უკიდურესად დაბალია. 

გაბერილია შტატები, სავარჯიშო პირობების არარსებობის გამო, მწვრთნელებს შესაბამისი დატვირთვა არ აქვთ, პირობების შექმნაზე კი მწირი თანხებია გამოყოფილი, ბიუჯეტის 80-90% მხოლოდ ხელფასებზე მოდის, საწვრთნელი შეკრების ხარჯებს მშობლები იხდიან და ა.შ.

 

ამ ყველაფრის გამო, მწვრთნელებსა და ბავშვებში სტიმული და მოტივაცია ეცემა და ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტის არაეფექტიანად ხარჯვის ფასად, ქალაქში სპორტი კვდება.


საფეხბურთო სკოლა

 


ბავშვთა საფეხბურთო სკოლის საშტატო ნუსხის მიხედვით, თემურ შერაზადაშვილი სკოლის ექიმია და ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 270 ლარს იღებს, თუმცა 2 წელია აღარ მუშაობს.

 

8 თვეა სამსახურიდან წასულია დარეჯან მირცხულავაც, თუმცა მისი გვარი საშტატო ნუსხაში ისევ ფიგურირებს და ანაზღაურების სახით მასზე ამდენივეა გამოყოფილი

.

როგორც TSpress-ს საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, ალექსანდრე ეფრემიძემ განუცხადა, ამჟამად, სკოლის ექიმი სერგო შონიაა. თუმცა, მისივე თქმით, ექიმი არ დადის: – „რომელი პროფესიონალი ივლის 200 ლარზე?!“- აცხადებს ეფრემიძე.

 

თავად სერგო შონია კი აცხადებს, რომ ის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთთანაც“ თანამშრომლობს და კვირაში სამი დღე მუშაობს საფეხბურთო სკოლაშიც. თითქმის ერთთვიანი მონოტორინგის მანძილზე, ექიმი საფეხბურთო სკოლაში არ გამოჩენილა.

საფეხბურთო სკოლის სტადიონი

 

 

TSpress- მა თავად დარეჯან მირცხულავასთან დაკავშირება ვერ შეძლო. სკოლის დირექტორის განმარტებით, ის საქართველოში არ იმყოფება და მის ნაცვლად, ახალი მწვრთნელი გიორგი ჭანტურია მუშაობს. დირექტორი საშტატო ნუსხაში უზუსტობას, მერიის სპორტის სამსახურის მიერ, ბოლო ერთი წლის მანძილზე ცვლილებების არშეტანით ხსნის. თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, მას ახალი ნუსხა არ წარმოუდგენია. 

 


როგორც რამდენიმე მწვრთნელი პირად საუბარში ამბობს, წვრთნებს ზოგიერთი მწვრთნელი საერთოდ არ ატარებს, ხოლო ვინც ატარებს, მათი ხელფასები საკმაოდ დაბალია და 260-310 ლარით განისაზღვრება, რაც მათ გულისწყრომას იწვევს. 

 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, სკოლის ქალთა გუნდისთვის კიდევ ერთი მწვრთნელი - მურთაზ ყორშია შტატი დაემატა, თუმცა ამ დრომდე სკოლას ქალთა გუნდი არ ყავს, რასაც სკოლის დირექტორიც ადასტურებს. მერიის სპორტის სამსახურის უფროსი გიგლა ბახტაძე TSpress-თან საუბრისას ქალთა გუნდის არსებობას ჯიუტად ამტკიცებს. თავად ყორშია კი მე-7 საჯარო სკოლაში მუშაობს.

 

ანალოგიური სიტუაციაა თენგიზ აფხაზავას შემთხვევაშიც, ის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობს და წვრთნებზე არც დადის. ორივე მათგანის ხელფასი საფეხბურთო სკოლიდან 260-260 ლარით განისაზღვრება. 

 

საფეხბურთო სკოლიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, სკოლაში 1997-2008 წლებში დაბადებულ  250-მდე ბავშვს 16 მწვრთნელი ავარჯიშებს, თუმცა როგორც ჟურნალისტურმა მოკვლევამ აჩვენა, სკოლაში არც ბავშვთა ეს რაოდენობა ირიცხება და არც ამდენი მწვრთნელია. 

 

დირექციის მიერ მოწოდებული სიის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვების უმრავლესობა სკოლაში აღარ ირიცხება ან სხვადასხვა გუნდებში სახელები და გვარები მეორდება. მაგ: 2001წ დაბადებულთა სახელები მეორდება 2008-იანების გუნდში. სიებში მითითებული სატელეფონო ნომრების დიდი ნაწილი კი გამორთულია, ან ავტომოპასუხე პასუხობს, რომ ნომერი არ არსებობს.  ერთ-ერთმა სიაში მყოფმა კი განაცხადა, რომ ლანჩხუთში ვარჯიშობს.  

საშხაპე

ვარჯიშები ტარდება საფეხბურთო სკოლისა და ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედნებზე. საფეხბურთო სკოლაში განრიგის დარღვევის მიზეზად, ძირითადად, წვიმიან ამინდს ასახელებენ.

 

საერთო პირობები საფეხბურთო სკოლაში მძიმეა - მოედანი დაზიანებულია, მცირე წვიმის შემდეგაც გუბეები დგება. დაზიანებულია შენობა, კუსტარულად მოწყობილ საშხაპეში მხოლოდ ცივი წყალი მოდის, ბავშვები ვარჯიშის შემდეგ ტალახიანი მიდიან სახლში. პირობების არქონის გამო, სკოლა ვერ ინარჩუნებს დიდი ასაკის ბავშვებს. „არ არის პირობები და სხვა ქალაქების გუნდებში გადადიან ბავშვები“ - ამბობს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ლემონჯავა. 

 

სკოლის დირექტორი მერიის მიერ არასაჭირო შტატების  დამატებასა და ბავშვების ტრანსპორტირების, კვებისა და ქალაქგარეთ შეკრებების ხარჯების გაუქმებაზე საუბრობს: „ წყლის ნაყვა გამოგვდის - შეგვიმცირეს ბიუჯეტი, სახარჯო თანხები მოიჭრა, შტატი კი დაგვემატა. მოვითხოვე მუშის შტატი - არავინ დაამატა. ზაფხული მოდის, ბალახი ვინ უნდა გაკრიჭოს. წელიწადში 17 ათას ლარად ვერაფერს ვაკეთებთ და ისიც დროულად არ გვერიცხება. ბურთი არ გვაქვს სავარჯოშო და აბანოს ვერ ვრთავთ იმიტომ, რომ მერე ფულს ვერ გადავიხდით“.

 

საფეხბურთო სკოლის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 100 ათასი ლარია, აქედან 83 ათასი ლარი ხელფასებზე მოდის, დანარჩენი კი სხვა ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. გასულ წელთან შედარებით, სკოლის დაფინანსება 11 ათასი ლარით შემცირდა, ეს თანხები ტრანსპორტირების, კვებისა და ქალაქგარეთ შეკრებების ხარჯებს მოაკლდა. 

ოქროს ტბა, რომელიც კერძო ტერიტორიაა

 

წყლის სახეობათა სპორტი


წყლის სახეობათა კომპლექსურ  სკოლაში შემავალი აფროსნობა და წყალსათხილამურო სპორტი ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა, ორივე სკოლში15 ადამიანია დასაქმებული და რაზეც, წელიწადში 66 ათასია გამოყოფილი, აქედან ხელფასებისათვის 53 460 ლარი იხარჯება

 

წყალსათხილამურო სკოლის ინფრასტუქტურა მთლიანად მოშლილია. დირექტორის თქმით, ინვენტარი 1998 წლის შემდეგ არ განახლებულა.

 

„ოქროს ტბის“ ტერიტორია, სადაც წვრთნები უნდა ტარდებოდეს, უკვე კარგა ხანია, კერძო საკუთრებაა და იქ მეპატრონე თევზების მოშენებას აპირებს. 

 

„ეს ინვენტარიც  კი ნაჩუქარია. მხოლოდ სამი კატარღა გვაქვს, საიდანაც ერთი გაუმართავია. ბავშვების რაოდენობა, პირობების არარსებობის გამო, სულ უფრო მცირდება. ამ პირობებში რთულია ბავშვების შენარჩუნება“ - ამბობს სკოლის დირექტორი რომან ჩაჩიბაია.

 

სკოლის დირექტორთან საკითხის გარკვევის მცდელობის შემდეგ კი TSpress-ი საჩვენებლად გამართულ წვრთნაზე მიიწვიეს, რომელსაც მხოლოდ ერთი ბავშვი ესწრებოდა. შემდეგ დღეებში წვრთნები აღარ ჩატარებულა.

წყალსათხილამურო სკოლა

 

წყლის სახეობათა სკოლებს საარსებოდ საკმარისი თანხები არ გააჩნია. სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება და როგორც დირექტორი ამბობს, დღეში, 120-130 ლიტრი მხოლოდ საწვავია საჭირო.

 

არსებული ხარჯებით (ორივე სკოლაზე 13,5 ათასი ლარი წელიწადში) კი საწვავის, ტრანსპორტის, ტექნიკის, აღჭურვილობის განახლების, იარაღის მოვლა-შენახვა-ექსპლოატაციის, ოფისისა და სამედიცინო ხარჯების გაწევა შეუძლებელია. მხოლოდ ერთი სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის, საქმეთა მმართველისა და ბუღალტრის  წლიური სარგო კი 25 380 ლარს შეადგენს.

 

აფროსნობის სასპორტო სკოლა საერთოდ დაკეტილია. კარებში მდგარმა დაცვის პოლიციელმა TSpress-ს ტერიტორიის გადაღების უფლება არ მისცა, რადგან სკოლა „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ კერძო ტერიტორიაზეა განთავსებული, თუმცა, გარედანაც ნათლად ჩანს, რომ იქ დიდი ხანია არავინ ყოფილა და მთელი ინფრასტრუქტურა მოშლილია, რაც დაცვის თანამშრომელმაც დაადასტურა. მისი თქმით, მას რამდენიმე თვეა იქ არავინ უნახავს.

 

„საიალქნო კლუბი“, რომელიც აფროსნობის სკოლასთან ერთად არსებობს, საჩვენებელ რეგატას (აფრიანი ნავებით მსვლელობა ზღვაში) მხოლოდ წელიწადში ერთხელ ატარებს.

 

აღნიშნულ კლუბს „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2013 წლის დეკემბერში, 2-წლიანი ვადით უსასყიდლო სარგებლობისთვის 10 ერთეული სხვადასხვა სპორტული ნავი და ერთი ცალი კატარღა გადასცა. ამჟამად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი, როგორც „საიალქნო კლუბის“ დირექტორი მიხეილ კილასონია ამბობს, მხოლოდ  4 ნავი აქვთ. 



აფროსნობის თვეობით დაკეტილი სკოლა

კილასონია, რომელიც ამავე დროს მერიის ტურიზმის სამსახურშიც მუშაობს და ასევე  აფროსნობის სკოლის მთავარი მწვრთნელია, ამბობს, რომ მცირე ბიუჯეტის გამო, მიწის და კომუნალურ გადასახადებს ნავსადგური უხდით. მისი და აფროსნობის  სკოლის მეორე მწვრთნელის ანაზღაურება წელიწადში 6800 ლარს შეადგენს.

 

მოსწავლეთა შესახებ მონაცემები, მათი ზუსტი ოდენობა და განრიგი კილასონიას არ აღმოაჩნდა.  მან TSpress-ს „საიალქნო კლუბის“  წევრთა 30-კაციანი სია მიაწოდა მხოლოდ, რომელსაც სკოლასთან არავითრი კავშირი არ აქვს.

 

სასპორტო სკოლებში არაეფექტიან ხარჯვაზე საუბრობს, არასაჭირო შტატების შემცირებისა და სკოლების გაერთიანების ინიციატივით გამოდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მაია ჩხარტიშვილი. მისი თქმით, სკოლებში ამდენი კადრი საჭირო არაა.

 

„აუცილებელია გაერთიანება. იმუშავონ იმ მწვრთნელებმა, რომლებიც მართლა მუშაობენ. არ მესმის, რა საჭიროა 12 კაციან „ააიპ-"იში დირექტორის მოადგილე, საქმეთა მმართველი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, კოლეგები მხარს დამიჭერენ, თუ არადა, მე განცხადებას გავაკეთებ აუცილებლად“ - ამბობს ჩხარტიშვილი.  

 

ცნობისათვის: მიმდინარე წელს, ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 2 მლნ 328 100 ლარია გათვალისწინებული, აქედან, არსებული 13 სასპორტო სკოლისათვის 1 მლნ 093 900 ლარია გამოყოფილი. 

 

*TSpress-ი სკოლების მონიტორინგს აგრძელებს.

  

<

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED