ფოთის დეფიციტური ბიუჯეტიდან გაუცემელი ხელფასები და 3-ჯერ გაცემული პრემიები

2016.02.16 ავტორი: TS

ფოთის გამწვანება-დასუფთავების თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ. მათ 1,5 თვის ხელფასები არ აუღიათ. ხელფასები გვიანდება მერიის სხვა სამსახურებშიც. ბოლო სამ თვეში კი, მერია-საკრებულოს თანამშრომლებზე, 380 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია 3-ჯერ გაიცა.

ხელფასების გაუცემლობის მიზეზად, ფოთის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ ბიუჯეტში თანხის არქონა დაასახელა.


დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში, 19 იანვარს, ნათლისღებაზე, ფოთის მერია-საკრებულოს თანამშრომლებზე 172 ათასი ლარის ოდენობის პრემიის გაცემა მაინც მოხერხდა.


190 ათასი ლარი პრემიის სახით, მათ გასული წლის გიორგობის დღესასწაულზეც მიიღეს, ხოლო წინასაახალწლოდ, საკრებულოს თანამშრომლებზე დარიგებული პრემიები ხელფასის ოდენობის 40%-ს შეადგენდა.

 

„ფიზიკურად არ არის ბიუჯეტში ფული, ამიტომაც გვაქვს ვალი. ახალი კანომდებლობით, ინდმეწარმეებისა და ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსვლას ველოდებით. გასულ წლებში კი გათანაბრებითი ტრანსფერი გვქონდა. საკითხის დარეგულირებამდე და თებერვალ-მარტის ხარჯების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროსგან 1მლნ. 800 ათასი ლარის გამოყოფა მოვითხოვეთ“- განაცხადა თოდუამ.

 

მისი განცხადებით, საშემოსავლო გადასახადებიდან მისაღები შემოსულობები 7,5 მილიონ ლარზეა დაგეგმილი, რისი ბიუჯეტში ასახვის შემდეგაც დეფიციტი აღარ იქნება.

 

ქალაქის დაგვა-დასუფთავებას, გამწვანებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას შპს „ინფრატსრუქტურა“ ახორციელებს. 

 

რამდენიმე დღის წინ, ქალაქის დაგვა-დასუფთავების ტენდერში კომპანია „სქაი გრუპმა“ გაიმარჯვა, რის გამოც, მეეზოვეები ახალ კომპანიაში დასაქმდნენ. შპს "ინფრასტრუქტურას" 129 თანამშრომლიდან 79 დარჩა და ქალაქის დაგვა-დასუფთავების ნაწილი ჩამოერთვა. შპს „ინფრასტრუქტურის“ ხელმძღვანელი გია სილოგავა დავალიანებას აღიარებს და აცხადებს, რომ, თვის ბოლომდე, თანამშრომლები ხელფასებს ჩვეულებრივ მიიღებენ.

 

დაგვა-დასუფთავებისთვის ბიუჯეტიდან გასაცემი ყოველთვიური ხარჯი 90 ათასი ლარს შეადგენს, აქედან 21 ათასი ლარი ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED