ფოთის პროკურორი ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრთა ბიზნესების არშეტანის თაობაზე

2016.01.27 ავტორი: TS

"ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში ყველაფერი წერია, რაც საჭიროა. იხელმძღვანელეთ იმით, რაც წერია. მე არ ვარ მეწარმე და ვერ გავაკეთებ კომენტარს"- განაცხადა ფოთის რაიონულმა პროკურორმა, ალექსანდრე გოგუაძემ TSpress-თან სატელეფონო საუბრისას და ტელეფონი გათიშა. გუშინ, კახეთის სინფორმაციო ცენტმა გამოაქვეყნა სტატია - ფოთის პროკურორის „დამალული“ ბიზნესინტერესები, სადაც ნათქვამია, რომ პროკურორის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრების ზოგიერთი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ნახსენები არ არის.

გამოცემის ინფორმაციით, ალექსანდრე გოგუაძის მეუღლე მარინა კრიუკოვა არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თამარის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 215134655; იურიდიული მისამართი - ქალაქი ფოთი, წმინდა ნინოს ქ. №3) დამფუძნებელი პარტნიორი. ფოთის რაიონული პროკურორის უფროსი შვილი - ალექსანდრე გოგუაძე 2010 წლის 27 ივლისიდან დღემდე, არის შპს „ჰოსტინგ ცენტრი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი - 406031903; იურიდიული მისამართი - ქ. თბილისი, ვაზისუბანი IV მ/რ, II კვ. კორპ. 11, ბინა 47 ) ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 50 %-ის მფლობელი. იგივე პირი 2009 წლის 5 მარტიდან დარეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე. იმავე ალექსანდრე გოგუაძემ (უფროსმა შვილმა) 2015 წლის 29 სექტემბერს დააფუძნა ახალი სამეწარმეო სუბიექტი - შპს „ინ სითი“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 415095391; იურიდიული მისამართ - ქ. ფოთი, წმინდა ნინოს ქ. №3), სადაც იგი არის დირექტორიც და კაპიტალის 100 % წილის მფლობელიც. თუმცა, გამოცემისვე ინფორმაციით, ეს უკანასკნელი, გასული წლის ქონებრივ დეკლარაციაში, შესაძლოა, ვერ მოხვედრილიყო.

 

პროკურორის მეუღლე ასევე 2009 წელს დაფუძნებული შპს „ვერდიქტი“-ს დირექტორია, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია.

 

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

 

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ფოთის რაიონული პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეზე თავდასხმა მოხდა. მის ავტომობილს ცეცხლასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. პროკურორი ავტომანქანით ფოთიდან გრიგოლეთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლისკენ გადაადგილდებოდა. ავტომანქანას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, თავად პროკურორი არ დაშავებულა. ბოროტმოქმედი მიიმალა. საქმე ამ დროისათვსი გაუხსნელია. 

 

ალექსანდრე გოგუაძე, სხვადასხვა დროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასა და პოლიციაში საქმიანობდა. 1999-2009 წლებში, ის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ფოთის რაიონულ პროკურორად 2012 წელს დაინიშნა, მანამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED