ამ სეზონზე თევზის სუნი ვერ მოისპობა

2016.03.02 ავტორი: TS

"ამ სეზონზე თევზის უსიამოვნო სუნი ვერ მოისპობა, თუმცა, წელს, საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება, რასაც ემატება ევროკავშირის სტანდარტების შემოღება, რაც კომპანიებს იძულებულს გახდის პრობლემა მოაგვარონ" - ამის შესახებ დღეს TSpress.ge -ის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ითქვა. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მესაკუთრეები და საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შედეგად, უსიამოვნო და ჯანმრთელობისთვის საზიანო სუნი და გამონაბოლქვი ქალაქში უკვე მრავალწლიანი პრობლემაა. შეხვედრის მიზანი, პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზების ძიება იყო.

 

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, საწარმოებიდან უსიამოვნო სუნს ძირითადად იწვევს: 1. ფილტრის არქონა 2. ჭარბად დაჭერილი თევზის გემებზე ჩახურება 3. თევზის ნარეცხი წყლის საწარმოებიდან ზღვასა და მდინარეში ჩადინება 4. დენის ცვალებადობა 5.ზოგ შემთხვევაში, თანამშრომელთა დაუდევრობა.

 

,,ხანდახან მეტია თევზი, ვიდრე შეუძლია ქარხანამ გადაამუშავოს. ქარხნები ვერ აუდის მიღებას და რიგი დგება. მისი უკან დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია. თანდათან თევზის ჩახურება ხდება და სუნს იღებს. უზარმაზარ წყლის ჭავლს ვიყენებთ, ეგ რომ არა, უარესი მდგომარეობა იქნებოდა. ერთხელ, 20-25 გემი დღენახევარი დაუცლელი იყო, ამ თევზის სუნის დაჭერა შეუძლებელია“,- განაცხადა კომპანია „მადაის“ დირექტორმა, მურმან ხარაბაძემ. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ქარხნების ქალაქგარეთ გადატანაა, რისთვისაც უნდა გამოიყოს კონკრეტული ტერიტორია. 

 

დამსწრეთა ნაწილი კი, პრობლემის მოგვარების გზად, ჯარიმების გაზრდასა და საწარმოებისთვის მუშაობის შეჩერებას მიიჩნევდა, თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს ვერ იქნებოდა გამოსავალი.

 

გარემოს დაცვის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის თქმით, დაცული უნდა იყოს მთელი საწარმო პროცესი, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდება. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს ორი ბერკეტი: ჯარიმები და საწარმოს დახურვა სასამართლოს გზით. თუმცა, მეორე ძნელად მიღწევადია, რადგან ჯანმრთელობაზე მიყენებული კონკრეტული ზიანის მტკიცება თითქმის შეუძლებელია. ჯარიმის ოდენობა კი იმდენად მცირეა, რომ კომპანიებს მისი გადახდა არ უჭირთ. 

 


ქალაქის ვიცე-მერის, გიორგი მოისწრაფიშვილის განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია და ის მხოლოდ  ქარხნის მეპატრონეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მისი თქმით, წელს მთავრობა კომპანიებისთვის, რეინვესტირების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიებისთვის გადასახადების დაბრუნებას გეგმავს, რომლის მიზანიც სწორედ გადაიარაღება და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაა. 

ქარხნის მესაკუთრეებმა პრობლემის უახლოეს თვეებში მოგვარებისა და საწარმო პროცესის გამართვის პირობა დადეს, თუმცა თევზჭერის სეზონის დასრულებამდე ორიოდ თვე რჩება. კომპანია „ჯეოფიშის“ წარმომადგენელმა, ჰასან არატმა ე.წ. ბიოფილტრის ყიდვისა და დამონტაჟებისთვის 3-4 თვე მოითხოვა. პრობლემის უახლოეს თვეებში მოგვარებას დაპირდნენ მოსახლეობას შპს "აისბერგის", შპს "მადაის" და შპს "ზღვის პროდუქტების" წარმომადგენლებიც.

 

შეხვედრა თევზის სუნის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორებია: ინტერნეტგამოცემა TSpress.ge და საინიციატივო ჯგუფი: საერთო იდეა საზოგადოება ფოთში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED