ახალი საფრთხე: „უწყინარი“ ნარკოტიკები

2014.12.16 ავტორი: მედეა გოგსაძე

„კაცობრიობამ ნარკოტიკებთან ომი წააგო. ახლა მხოლოდ თანაარსებობის მაქსიმალურად მისაღებ ფორმაზე შეიძლება ლაპარაკი“ – მითხრა ერთხელ ა/ო „ალტერნატივა–ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა დავით ოთიაშვილმა. 


ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად მახსენდება. არა იმიტომ, რომ მათ სისწორეში დავრწმუნდი – არავითარ შემთხვევაში!  ნარკობიზნესმა, შესაშური მოქნილობა გამოიჩინა და ბაზარზე ახალი თაობის ე.წ. „უვნებელი“ ნარკოტიკები გამოიტანა. კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას: დაიწყო შედარებით იაფი, ამასთან, ადვილად ხელმისაწვდომი სტიმულატორების ეპოქა.   

 

 

მე ნარკომომხმარებელი ვარ და არა ნარკომანი!“

 

ჩვენს სტუმარს ფიქრია დავარქვი. გასაგები მიზეზების გამო ანონიმად ყოფნა არჩია. მარიხუანას ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან ეწეოდა; მერე სხვა ნარკოტიკებზე გადავიდა. ერთი პერიოდი „ბიო–ნარკოტიკებზე“ იჯდა, მაგრამ დოზის თანდათანობით დაკლებით მოახერხა თავის დაღწევა. როგორც ამბობს – ამას არც მშობლების ჯინაზე აკეთებდა და არც რაიმე პიროვნული პრობლემა ჰქონია;  „აკრძალული ხილი“ ისე – ცნობისმოყვარეობისთვის გასინჯა. ამჟამად საზღვარგარეთ ერთ–ერთი უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ფიქრიას  XXI საუკუნის სინთეტიკური ნარკოტიკების სრულ უსაფრთხოებაში ეჭვიც კი არ ეპარება. უფრო მეტიც: აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მათი საშუალებით უამრავი სიკეთის მიღებაა შესაძლებელი.

 

ფიქრია: 

             

–  XXI საუკუნის ნარკოტიკები (თუკი მაინც და მაინც ეს  ტერმინი გირჩევნიათ) სინთეტიკური, ანუ ხელოვნურად მიღებული პრეპარატებია. გამომუშავების პროცესში მათი შემადგენლობიდან ამოიღებენ ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც მავნე გვერდით რეაქციას განსაზღვრავს.  ახალი თაობის პრეპარატი რომელსაც მე ამჟამად მოვიხმარ დამოკიდებულებას არ იწვევს. შესაბამისად აბსტინენცია, ანუ „ლომკაც“ გამორიცხულია. უბრალოდ მენატრება მისგან მონიჭებული პოზიტივი – ესაა და ეს. თანაც ამ პრეპარატის მოხმარება თვეში მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი. სულ ცოტა – ერთი კვირა მაინც უნდა მოიცადო; თუ მეორე დღესვე მიიღებ – ეფექტი არ ექნება. ანუ მიღების რეჟიმს თავად აკონტროლებ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მე ნარკომომხმარებელი ვარ და არა ნარკომანი. აქ არსებითი განსხვავებაა.

 

დარწმუნებული ხართ, რომ თუკი მოისურვებთ, შეძლებთ საერთოდ უარი თქვათ ამ პრეპარატის მოხმარებაზე?


– რა თქმა უნდა შემიძლია თავი დავანებო. მაგრამ რატომ, თუკი არაფერს მვნებს? პირიქით – უამრავ პოზიტიურ ენერგიას და შესაძლებლობებს მანიჭებს. მოგეხსენებათ, ადამიანი თავის ტვინის მხოლოდ მცირედ ნაწილს იყენებს. დანარჩენი ნაწილი „მიძინებულივითაა“. სტიმულატორი ბარიერს ხსნის და თავის ტვინის ამ ნაწილს „აღვიძებს“. ამიტომ ადამიანი უფრო სწრაფად, მასშტაბურად და ღრმად აზროვნებს. მეცნიერი, რომელიც რაღაც პრობლემაზე მუშაობს, პრეპარატის საშუალებით ინფორმაციას შეუდარებლად უფრო სწრაფად, თანაც ხარისხიანად გააანალიზებს.  სტიმულატორი შეგრძნებების ორგანოებსაც აძლიერებს. თვალი სპექტრის მხოლოდ მცირე ნაწილს არჩევს.  პრეპარატი, რომელსაც მე მოვიხმარ, თვალს მიკროსკოპის ძალას ანიჭებს. მისი მიღების შემდეგ სამყარო გარდაიქმნება; არ დაიჯერებთ და შეიძლება ბაქტერიებიც კი დაინახო. სხვადასხვა ფერის და საოცრად ლამაზები არიან. წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ბრწყინავს და ციმციმებს! იცით რას ვფიქრობ? ფენტეზის ჟანრის ფილმები ნარკოტიკული ტრანსის შთაბეჭდილებებზეა აგებული. ასეთ ფერებს სხვაგან ვერსად ნახავ.

 

–  თქვენ თქვით, რომ ეფექტი ჰორმონებზე ზემოქმედებას ეყრდნობა. რატომ გგონიათ, რომ ასეთი ძლიერი სისტემატური ზემოქმედება წლების შემდეგ ჰორმონალურ სისტემას არ დააზიანებს?


– ნუ გავიწყდებათ რომ ექიმი ვარ და ამას პროფესიული კუთხითაც ვუდგები. ეს პრეპარატი აძლიერებს  „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამოყოფას. სწორედ ამ ჰორმონის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას და სუიციდისკენ მიდრეკილებას. უფრო მეტიც: დამტკიცებულია რომ სეროტონინის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნეც კი განვითარდეს. სხვათაშორის, ამ პრეპარატს უკვე დეპრესიის სამკურნალოდაც კი იყენებენ. მერწმუნეთ – რისკები უბრალოდ არ არსებობს. უკვე სამი წელია მოვიხმარ და ცუდი არაფერი მომსვლია. აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ.

 

– თუ ფიქრობთ ოდესმე საერთოდ უარი თქვათ ნარკოტიკებზე?


– არა მგონია ოდესმე ჩემს პრაპარატზე უარი ვთქვა. რატომ? განა ოდესმე აღარ მენდომება დავტკბე ჩვეულებრივი თვალისთვის დაფარული სილამაზით?! ამასთან მიყვარს კირკიტი ისეთ საკითხებში, რომლებსაც სხვა დროს ვერც კი შევბედავდი. ეს პრეპარატი მეხმარება ვიყო უფრო ბედნიერი და უფრო ჭკვიანიც. უფრო მეტიც! იცით რას ვფიქრობ? XXI საუკუნის ნარკოტიკები უდიდესი გადატრიალებაა, რომელიც ნარკომოხმარების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირებას წერტილს დაუსვავს!  

               

                           „ნაზი“ მკვლელი

 

ფიქრიას მონათხრობმა ამერიკული ფილმის „Limitless“ სიუჟეტი გამახსენა. ნიუ–იორკელი მწერალი ედი (ბრედლი კუპერი) სულიერ და შემოქმედებით კრიზისშია. ყოფილი ცოლისძმა სასწაულთმოქმედ აბებს შესთავაზებს. ედის დასაკარგი აღარაფერი აქვს; ამიტომ ცდის და... სასწაული ხდება: მისი გონება კომპიუტერზე სწრაფად მუშაობს. ედის წინაშე ფინანსური სამყაროს კარი იხსნება. გავლენიანი მაგნატი კარლ ვან ლუნი თანამშრომლობას შესთავაზებს. მაგრამ რაღაც მომენტში პრეპარატის გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდება – ჩვენს გმირს მის გარეშე მუშაობა უკვე აღარ შეუძლია. ამასთან საშინელი თავის ტკივილი და პირღებინება აწუხებს. ედის მიერ დაქირავებული მეცნიერები პრეპარატს აუმჯობესებენ; მას შემაწუხებელი გვერდითი ეფექტები აღარ აქვს და არც მუდმივად მიღებაა საჭირო. ედი გამარჯვებას ზეიმობს – ის ისევ ზენიტშია. იმედებითა და პატივმოყვარული ზრახვებით აღსავსე ახლა უკვე პრეზიდენტობაზეც ოცნებობს.

 

ფილმი მრავალი წერტილით სრულდება. ჯოჯოხეთის პირველი წრე გმირმა წარმატებით დაძლია.  მაგრამ რას უქადის მომავალი? აბები, მართალია, მუდმივად აღარ, მაგრამ მაინც ხომ სჭირდება?! ანუ იგი დამოკიდებულია; უფრო სწორედ – ნარკოდამოკიდებული. რა იქნება ორი, ხუთი და მეტი წლის შემდეგ? კიდევ რა საზღაურის გაღება მოუწევს? უკვე ახლა ჩვენს წინაშე სულ სხვა ადამიანია. ახალი ედი უფრო შემტევი, ენერგიული და.... ბოროტია. კიდევ რა უფსკრულები გადაიხსნება კიდევ ჩვენი გმირის სულში „უწყინარი ნარკოტიკის“ წყალობით?.. 

 

დამოკიდებულება ნებისმიერი ნარკოტიკის თვისებაა!

 

ფიქრიამ მთელი თავისი მსჯელობა სამ არგუმენტზე დააყრდნო: მაბედნიერებს, ინტელექტუალურად და შემოქმედებითად მაძლიერებს, უვნებელია; ამდენად, უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.  შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის, ლაშა კილაძის სიტყვით, ისტორიულად ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება იწყებოდა იმ „საწებლით“, რომ ის ძალიან კარგი და პოზიტიურია. კაცობრიობა ეიფორიის მაცდუნებელ ხიბლს თავს ვერ აღწევს. მაგრამ ნარკომანია – ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა. ნარკოტიკი  სწორედ იმ ცენტრებზე ზემოქმედებს, რომელიც ადამიანურ იდენტობას განსაზღვრავს.

 

ამასთან, ნებისმიერი ნარკოტიკი აუცილებლად იწვევს  დამოკიდებულებას და ეს სამწუხარო რეალობაა. უბრალოდ, რაღაც დრომდე მის თვისებებზე ყველაფერი არ არის ცნობილი. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ოპიუმს წამლად იყენებდნენ. ბავშვებსაც კი აძლევდნენ. ოპიუმთან დაკავშირებული საფრთხეები მხოლოდ გასულ საუკუნეში გახდა ცნობილი. აი მარიხუანა კი უამრავ ადამიანს დღესაც ერთი უწყინარი ბალახი ჰგონია. ამ დროს ევროპის ნარკოლოგიურ კლინიკებში მარიხუანას მომხმარებლები რაოდენობით მეორე ადგილზე არიან.

 

 „ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის“ დირექტორის პროფესორ გელა ლეჟავას განმარტებით, ნარკოტიკი სიამოვნების ცენტრზე ზემოქმედებს და სეროტონინის ჭარბად გამოყოფა ხდება. დროთა განმავლობაში არაფიზიოლოგიური ზემოქმედება ნეირონთა მგრძნობელობას ასუსტებს და  მათ გასაღიზიანებლად ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური სტიმულაცია აღარ კმარა. ასე ყალიბდება დამოკიდებულების სინდრომი. როდის მოხდება ეს – ღრმად ინდივიდუალურია.

 

თავის ტვინი და შეგრძნების ორგანოები თავისი ბიოლოგიური მონაცემებით მუშაობის გარკვეულ მინიმუმსა და ოპტიმუმზეა გათვლილი; სტიმულატორები მათ „ზღვრულ სიმძლავრეზე“ ამუშავებენ. შესაბამისად, ადრე თუ გვიან გარდაუვალია „გადაღლა“ და წყობიდან გამოსვლა.  გარკვეული პერიოდის შემდეგ, მექანიზმი „ზარმაცდება“ და გარეგანი „ბიძგის“ გარეშე სრულფასოვან მუშაობას ვეღარც შეძლებს. სუპერშემოქმედება და სუპერინტელექტი, შესაძლოა, ინვალიდობით დასრულდეს. ამასთან, ჩვეული დოზის გარეშე მომხმარებელს შფოთვიანობა და გამოუვალობის განცდა ეუფლება; შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ფსიქოლოგიური აბსტინენცია კი ფიზიკურზე ბევრად უფრო სახიფათოა და მასთან გამკლავება ბევრად უფრო ძნელია.

 

სტიმულატორების მოხმარების გახშირება განპირობებულია ერთი მხრივ  არასწორი წარმოდგენით მათი უვნებლობის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ – შედარებითი სიიაფით და ხელმისაწვდომობით. მათი ყიდვა ინტერნეტითაც შეიძლება, თანაც აბსოლუტურად უპრობლემოდ. შესაბამისად, გართულებებს ამ კუთხით უახლოეს ხანში საქართველოშიც უნდა ველოდოთ.

 

 

გელა ლეჟავას განმარტებით ეფექტიანი სამკურნალო ჩამნაცვლებელი პრეპარატი სტიმულატორებისათვის ჯერ კიდევ არ არსებობს. ოპიატების შემთხვევაში ვიყენებთ კარგად შესწავლილ მეთადონს, ან ბუპრენორფინს. აი სტიმულატორებს კი ჯერ ვერაფერი მოარგეს, თუმცა ამ კუთხით აქტიური კვლევები მიმდინარეობს.   იმედს ვიტოვებთ, რომ  მეცნიერთა მუშაობა უახლოეს მომავალში შედეგს გამოიღებს და ზიანის შემცირების პროგრამები სტიმულატორთა მომხმარებლებისთვისაც ამუშავდება. იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა უკვე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მხოლოდ საფრანგეთში სტიმულატორებით დაზარალებულთათვის ხუთასამდე ცენტრი გაიხსნა. 

 


*სტატია მომზადებულია ევროკავშირის  მიერ    დაფინანსებული პროექტის მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ახორციელებსზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“.  სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED