„გონივრულ–საფუძვლიანი“ ეჭვის ნიადაგზე დაკავებები გრძელდება

2014.11.13 ავტორი: მედეა გოგსაძე

არასამთავრობო სექტორისა და მედიცინის მუშაკთა ძალისხმევის მიუხედავად, ნარკოტიკების მოხმარება ისევ კრიმინალურ ქმედებად მიიჩნევა. არაფერი შეცვლილა იმით, რომ ნარკომოხმარებელს ახლა „გონივრულის“ ნაცვლად, „საფუძვლიანი“ ეჭვის გამო აკავებენ. 

საექსპერტო დაწესებულებასთან გამუდმებით რიგები დგას. დაკავების საფუძველი კანონში არ არის შესაბამისად დაკონკრეტებული; ამიტომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს ამ ნორმების საკუთარი სურვილის მიხედვით ინტერპრეტაცია–გამოყენებას. ნარკომოხმარებელთა სათემო ორგანიზაციების  საქართველოს  ქსელის აქტივისტი თემურ ხატიაშვილი პოლიციამ ე.წ. „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე დააპატიმრა, მაგრამ მან მოახერხა თავისი უფლებების ოფიციალური წესით დაცვა.  

 

კონსტიტუციის 42–ე მუხლი გვანიჭებს უფლებას არ მივცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ


თემურ ხატიაშვილი:


– ნარკოტიკი პირველად ოცდაერთი წლის ასაკში მოვიხმარე. ეს იყო სუბუტექსი. მერე კიდევ სხვადასახვა შემადგენლობის და ხარისხის ნარკოტიკებს გავუსინჯე გემო. კანონთან პრობლემები რამდენჯერმე მქონდა. ერთხელ ციხეში ყოფნაც მომიწია. ექვსი თვის შემდეგ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამანთავისუფლეს.

 

უკვე სამი წელია აღარ გავკარებივარ ნარკოტიკს. ყურადღებას იმ ფაქტზე გავამახვილებ, რომ სწორედ მაშინ დამაკავეს, როდესაც წამალდამოკიდებული აღარ ვარ. იმ დღეს სხვა სათემო აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ვიდექი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ხელმოწერებს ვაგროვებდი. ერთ–ერთმა პოლიციელმა ამ დროს სახეზე მიცნო (ადრე სწორედ მან დამაკავა) და მთელი თავისი „გონივრული ეჭვი“ ამაზე დააფუძნა. მითხრეს, რომ მათი ვარაუდით ვიყავი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და საბუთები მომთხოვეს. მერე გადაამოწმეს ვიყავი თუ არა ნასამართლევი და  თავის ეჭვში უფრო გამყარდნენ. მეც და ჩემმა მეგობრებმაც ავუხსენით რომ აქტივისტები ვიყავით; ისიც ვუთხარით, თუ რატომ ვიდექით იმ ადგილზე, ველაპარაკეთ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მინუსებზე და ხუმრობით დოკუმენტზე ხელისმოწერაც კი შევთავაზეთ.  არაფერმა გაჭრა – ყურიც არ გვათხოვეს  და პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს. იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი.

 

–  თანამშრომლობა არ შეგთავაზეს?


– ნარკოდანაშაულზე დაკავების შემთხვევაში ასეთი შემოთავაზებები დაუწერელი კანონია. აუცილებლად მოსინჯავენ და ზეწოლასაც არ დააკლებენ. ამაზე დაყოლიებას პირველი წუთებიდანვე შეეცადნენ; ვუპასუხე: თანამშრომლობა რომ მდომებოდა ამდენი ნასამართლევობა ხომ არ მექნებოდა და არც ამდენი ფული მექნებოდა ჩაყრილი საპროცესო გარიგებებში–მეთქი.  სხვა დაკავებების დროს საფუძვლიანად „დავუმუშავებივარ“ – როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ამჯერად „დავერბოვკების“ პროცედურა დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ზეწოლა განუხორციელებიათ. სამაგიეროდ მობილური ჩამომართვეს, რაც უხეში დარღვევაა. ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვს რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ დარეკო.

 

– ახლობლებს ვინ შეატყობინა?


– მეგობრებმა, რომლებიც ჩემს დაკავებას შეესწრნენ. მათ ეს ამბავი ქსელის გამგეობას აცნობეს. მალე პოლიციის განყოფილებასთან ოცამდე აქტივისტი შეიკრიბა. ფანჯრიდან ხელით ვანიშნე მობილური ჩამომართვეს–მეთქი. პოლიციელებმა ეს შენიშნეს და აპარატი მაშინვე დამიბრუნეს; თან მითხრეს – ახლავე ჩართეო. ამ დროს ჩვენი იურისტი, ალექსი შოშიკელაშვილიც მოვიდა. როდესაც ნარკოლოგიურ განყოფილებაში წარმადგინეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე სასტიკი უარი განვაცხადე. კანონი ანალიზზე უარის თქმის უფლებას მანიჭებს, თანაც ეს  ჩემთვის შეურაცხმყოფელიც იყო. მაშინ დამემუქრნენ: მით უარესი შენთვის, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას კლინიკური შემოწმებით დაგიდგენთო. არის ასეთი მეთოდი: გაიძულებენ სწორ ხაზზე გაიარო, თვალდახუჭულმა თითი ცხვირთან მიიტანო და სხვა.

 

– ამ დროს ქსელის წევრები როგორ გამოხატავდნენ თავის პროტესტს?


– ნარკოლოგიურთან კიდევ მეტი აქტივისტი მოვიდა და სახელდახელო აქცია ჩაატარეს: მოიტანეს შარდისფერი სითხით გავსებული შუშები, წარწერიანი ტრანსპარანტები და პლაკატები. მედიასაც შეატყობინეს. ადვოკატმა დაწერა ნარკოლოგიური განყოფილების მიმართ განცხადება–შუამდგომლობა მოთხოვნით უარი ეთქვათ ანალიზის ჩატარებაზე, რამეთუ არ არსებობდა ჩემი დაკავების რეალური საფუძველი; თანაც კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–8 პუნქტი მანიჭებდა უფლებას არ მიმეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.  განცხადებას ჯერ საკმაოდ ირონიულად შეხედეს, მაგრამ ადვოკატმა იყოჩაღა – განაცხადა, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნის დაუკმაყოფილებობის შემთხვევაში აუცილებლად ვიჩივლებდით.  პოლიციელები და ნარკოლოგიურის თანამშრომლები დაიბნენ; დაიწყო გადარეკვა–გადმორეკვები უფროსობასთან. დაახლოებით ერთსაათიანი სატელეფონი პინგ–პონგის შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: ნარკოლოგიურმა განყოფილებამ პოლიციას ანალიზის ჩატარებაზე უარი განუცხადა.

 

– ამ პრეცენდენტს გაგრძელება–განვითარება თუ მოჰყვა?


– სამწუხაროდ მხოლოდ თბილისში. რეგიონებში ეს ვერ მოხერხდა. მეტსაც გეტყვით: როდესაც ქუთაისში ერთი ცნობილი სახე აიყვანეს და  კონსტიტუციის ამ მუხლის გამოყენებას შეეცადა, პოლიციამ და ნარკოლოგიის თანამშრომლებმა  სიცილი დააყარეს – აქ თბილისი ხომ არ გგონიაო. როგორც ჩანს, იქ სხვა კონსტიტუცია აქვთ.

 

ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობა  პაციენტის უფლების დარღვევაა


ალექსი შოშიკელაშვილი, იურისტი, ა/ო „ადამაინის უფლებათა ინსტიტუტის“ თავმჯდომარე:


– ბოლო ორი თვის მანძილზე, ოცდაათამდე პიროვნების დაცვა მომიწია. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ერთდროულად ოთხი ადამიანი იყო დაკავებული. ასეთ დროს წინასწარი დაკავების ვადა თორმეტ საათს შეადგენს და სამართალდამცავები ცდილობენ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ. ამიტომ ადვოკატსაც   დაკავებულის გვერდით ყოფნა თორმეტი საათის განმავლობაში გიწევს. რუსთავში იყო შემთხვევა, როდესაც ერთი საათით გავედი  და სანამ მოვბრუნდი დაკავებული ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ მზად იყო ჩაებარებინა თავისი ბიოლოგიური მასალა. თბილისში კი ანალოგიურ სიტუაციაში მოასწრეს და პირს  ბიოლოგიური მასალის ჩაბარება აიძულეს. ამ დროს, კანონის თანახმად, საკუთარი ბიოლოგიური მასალის ჩაბარება, აგრეთვე კლინიკური შემოწმებისას დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას უტოლდება. 

 

კონსტიტუციის 42–ე მუხლის გარდა  სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები არსებობს: „ადამიანის ძირითად უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის“ მე–8 მუხლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება. მის თანახმად სახელმწიფოს არ აქვს უფლება  ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში. გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებია.  ეს გარემოებებიც იქვეა გაწერილი. არსებობს აგრეთვე გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტები; კერძოდ, „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი“, სადაც გაწერილია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტი. ყველა ეს ნორმა წესით უნდა აისახოს არა მარტო საქართველოს მიმდინარე კანონმდებლობაში, არამედ აგრეთვე სამართალწარმოებაშიც. ე.წ. „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე ნარკომომხმარებლის დაკავება და საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანა აღნიშნული ნორმის დარღვევაა. სამწუხაროდ ჩვენი კონსტიტუციის შემდგომი ნორმები ვერ ქმნის შესაბამის სტანდარტს და პოლიციას ეძლევა  შესაძლებლობა მოქალაქე სუბიექტური მსაზრებების საფუძველზე დააკავოს.

 

არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის ინსტრუქცია, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციულ დარღვევათა რეგისტრაცია–სისტემატიზაციას შსს საინფორმაციო ბანკში. შესაბამისად, თუკი მოქალაქეს ერთხელ მაინც დააკავებენ და ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ, მისი საიდენტიფიკაციო კოდი და მთელი ინფორმაცია (მათ შორის ნარკოდამოკიდებულების შესახებ) ბანკში რჩება.  მორიგი „საფუძვლიანი“ეჭვის დროს პოლიციელს ამ მონაცემებზე ხელი მიუწვდება, რაც დაკავების „საფუძველს“ გაამყარებს. სწორედ ასე მოხდა თემურ ხატიაშვილის შემთხვევაში. ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა და ამის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობა პაციენტის უფლების დარღვევას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ნარკომოხმარების პრობლემას ჯანდაცვის კუთხით  ნაკლებად აღიქვავენ; ძირითადი აქცენტი პოლიციურ მიდგომაზე კეთდება".

 

ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ


ა/ო „ახალი გზის“ ხელმძღვანელი დალი უშარიძე სამართლიანად მიუთითებს იურიდიულ პარადოქსზე: ნარკომოხმარება დაავადებადაა აღიარებული, მაგრამ ნარკომომხმარებლები ავადმყოფებად ჯერაც არ უცვნიათ. მისი სიტყვით, შედეგად იმას ვიმკით, რომ  ექიმები ვერ ახერხებენ პროცესის სრულფასოვან კონტროლს და ნარკოდამოკიდებულთათვის სათანადო დახმარების გაწევას. სამაგიეროდ, პოლიცია ახერხებს „გონივრულ–საფუძვლიანი“ ეჭვის ნიადაგზე ყოველდღიურად ათობით ადამიანი დაკავებას.  უფრო მეტიც: შსს და ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების ნაცვლად ერთმანეთს მუშაობაში ხელს უშლიან.

 

სიტუაციას მხოლოდ ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია თუ გააჯანსაღებს. როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ საკმაოდ დიდხანს ვერ მოხერხდება. ამ დროს ყველა დაკავებულის საადვოკაციოდ ქსელს  ფინანსური რესურსი უბრალოდ არ გააჩნია. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ არ შეიძლება უკანონოდ დაკავებულ მომხმარებელთა იურიდიული ადვოკაციაზე პროექტი დაიწეროს? ვფიქრობ ასეთი ტიპის აქტივობის დასაფინანსებლად დონორი აუცილებლად გამოიძებნება. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას გავუწევთ არა მარტო დაკავების, არამედ სამკურნალო პროგრამებში ჩართვის, მკურნალობის, დასაქმების და მათი უფლებების დარღვევის სხვა ფორმის შემთხვევაში. პროექტში ეს დეტალურად უნდა გაიწეროს. ცხადია, ეს მხოლოდ დროებით ზომად უნდა მივიჩნიოთ. პრობლემის ადეკვატური მოგვარების ერთადერთი გზა ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციაა.

 

თავად თემურ ხატიაშვილს პრობლემის მოგვარებაში ძალიან დაეხმარა ის ფაქტი, რომ „ნარკომოხმარებელთა ქსელის“ წევრია.  ყველამ უცებ გაიგო მის უკანონო დაკავების შესახებ და მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი მოვიდა. ძალზე სასურველია, რომ ყველა ნარკომომხმარებელმა იქონიოს კონტაქტი ქსელთან და ზოგადად ადამიანის უფლების დამცველ ორგანიზაციებთან. იატაკქვეშეთში დამალვა გამოსავალი ნამდვილად არ არის.

 

 

 

 *  სტატია მომზადებულია ევროკავშირის  მიერ    დაფინანსებული პროექტის „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“.  სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

  

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED