ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ექს-თავმჯდომარის ცემაში მხილებული აირჩიეს
2014.10.21
დღეს, ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფოთის საკრებულოს ექს-თავმჯდომარე დავით ბაბილუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში მხილებული ალექსანდრე თოფურია, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილებას საკრებულოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა.
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, თოფურიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა საერთოდ უარყო. მისი თქმით, 2010 წელს ის აიძულეს საკრებულოში პარტიული სიით შესულიყო. "თავის დროზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა და საკრებულოში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობის" და ლიდერების მხრიდან საქმის კეთებასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე ბევრი დაპირება იყო. თუმცა, მალევე ვნახე, რომ პროცსები ამ კუთხით არ მიმდინარეობდა და მე მათ გავემიჯნე,"– განმარტა TSpress-თან საუბრისას თოფურიამ 6 წელი "ნაცმოძრაობის" სიით საკრებულოში ყოფნის შემდეგ.
მან საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 30 ოქტომბერს დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა, რის გამოც მას მისი ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ და ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიასთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
გასული წლის ივნისში, თოფურია საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, დავით ბაბილუას ცემის გამო სკანდალში გაეხვა. ბაბილუას, საკუთარ სამუშაო ოთახში, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე თოფურია ფიზიკურად გაუსწორდა. TSpress-ის ინფორმაციით, თავმჯდომარე თვალის გარშემო არსებული სისხლჩაქცევების გამო, რამდენიმე დღე სამსახურშიც არ დადიოდა.
დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად, სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოების სწრაფად დასაწყებად პორტთან შუამდგომლობა და სარემონტო მასალების მოთხოვნა დასახელდა. ბაბილუა კერძო კომპანიისთვის რაიმეს დავალების, თხოვნის ან მოთხოვნის წინააღმდეგი წავიდა. თუმცა, არაოფიციალური ვერსიით, თოფურია ბაბილუასგან, იმ დროისათვის ეკა ბესელიასთან დაპირისპირებული ფოთის მერის, დავით სარსანიას იმპიჩმენტს ითხოვდა.
გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ალექსანდრე თოფურია
ბაბილუა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა, ხოლო ალექსანდრე თოფურია კვლავ საკრებულოს წევრი გახდა.
TSpress-ის ინფორმაციით, მისმა ბიზნესმენმა სიმამრმა, გურამ წიწილაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია სოლიდურად დააფინანსა. საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამართული სუფრების შესახებ, მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გამოცემას გააჩნდა.
როგორც ცნობილია, ამჟამდ, თოფურია ეკა ბესელიასთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნასა და საკრებულოს ექს-თავმჯდომარის ცემაში მხილებული ალექსანდრე თოფურიას მფარველობას, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.
ცნობისათვის: ფოთს პოლიციის უფროსი ეკა ბესელიას ახლო ნათესავია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა, რამდენიმე დღის წინ, იმპიჩმენტის პროცედურის გამოყენებით გადააყენეს. მის მოვალეობას დროებით თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია ასრულებდა.
ამავე თემაზე:
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ფიზიკურად გაუსწორდა
ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video]
საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის
ფოთის მერი - თვიმმართველობაში ჩარევის უფლება, არც პარტიას და არც მაჟორიტარს არა აქვთ[Video]
აქვს თუ არა ბესელიას მინისტრის დაბარების უფლება და რატომ ცრუობს პარლამენტარი?
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის
ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს
დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]
კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს
ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა
დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის