მკვლელები: გუშინ და დღეს

2014.09.19 ავტორი: მედეა გოგსაძე

რამდენიმე კვირის წინ  მთელი საქართველო შეძრა ზესტაფონში მომხდარმა დანაშაულმა. პოლიციის თანამშრომელმა  ცენტრალურ პარკში სატაბელო იარაღით მოკლა ყოფილი მეუღლე – ოცდაორი წლის სალომე ჯორბენაძე, თავისი შვილის დედა. საუბედუროდ, ამ ბოლო დროს მეტისმეტად გახშირდა ქალთა მკვლელობა ყოფილი, ან „მოქმედი“ ქმრების მიერ. 2010 წელს ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა; 2011 წელს – სამი, 2012 – რვა, 2013 – შვიდი, 2014 – პირველი ხუთი თვის მონაცემთა თანახმად – ხუთი;

ამასწინათ კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თოთხმეტ ფაქტზე გააკეთა განცხადება. დინამიკა აშკარად ზრდისკენ ავლენს ტენდენციას. ცოლების ხოცვა მხოლოდ წვერია უშველებელი აისბერგისა, რომელსაც საზოგადოება ოჯახური ძალადობის სახელით იცნობს. მსგავსი ტრაგედია შესაძლოა ნებისმიერი ძალადობრივ ოჯახში მოხდეს. აუცილებელია ეფექტიანი საპრევენციო ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ მსხვერპლს უნდა ველოდოთ.

 

                             ოცი წლის წინათ


„მოგმართავთ უდედ–მამოდ დარჩენილი ბავშვები, რომლებსაც დედა საკუთარმა მამამ მოგვიკლა. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან გვინდა მივმართოთ  მამას, რომელმაც საკუთარი ცოლი არ დაინდო.


დედამ ყმაწვილქალობა შენ შეგალია. შენ კი ვერ დააფასე მისი სიკეთე, ცამეტი წელი ტანჯე სრულებით დაუმსახურებლად. არც ჩვენ გვინდობდი; გვაწამებდი, ჩხუბობდი, გვაგინებდი, გვცემდი. ბევრჯერ გთხოვა საბრალო დედამ გონზე მოსულიყავი, მაგრამ ამაოდ....ითმენდა, არ უნდოდა უმამოდ გავზრდილიყავით, თუკი შეიძლება მამა ეწოდოს შენნაირ ბოროტ ადამიანს...ბოლოს ვეღარ გაგიძლო და საბოლოოდ დაგტოვეთ. შენ კი საბრალო დედიკოს ქუჩაში დახვდი და როდესაც შერიგებაზე უარი მიიღე, ექვსი ტყვიით დაცხრილე... შენ ისეთი ბოროტი ხარ, რომ დედა ჩვენთვისაც კი არ გემეტებოდა.


მაინც ვის იმედზე დაგვტოვე?  დედიკოს გაუბედურებული მშობლების იმედზე? მათ ხომ შეეძლოთ უარი ეთქვათ თავისი შვილის მკვლელის შვილების გაზრდაზე? მაშინ ხომ ქუჩაში ვრჩებოდით! რას აპირებ ციხიდან რომ გამოხვალ? ვინ დაგხვდება – ცოლი, თუ შვილები?! ჩვენ აღარასოდეს მიგიღებთ. სრული ასაკის მიღწევისთანავე შენს გვარსაც მოვისპობთ და დედიკოს გვარს ვატარებთ...“


ეს ტკივილით გაჯერებული წერილი 1996 წლის სექტემბერში „ქალთა გაზეთის“ რედაქციაში მოვიდა. პუბლიკაციის მომზადება თქვენს მონა–მორჩილს დაავალეს და ეს იყო უმძიმესი დავალება, რაც კი ოდესმე მიმიღია.


ტრაგედია 1995 წლის 5 მარტს დატრიალდა. საპატრულო–საგუშაგო პოლიციის ინსპექტორმა მ.ჯ.–მ   სატაბელო იარაღით  მოკლა ყოფილი მეუღლე – ც.ც. ვაზუსტებ –  დღისით–მზისით, თავზარდაცემული ხალხის თვალწინ. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მ.ჯ. შერაცხადი გახლდათ, მაგრამ თავის ქალის ტრავმის შემდეგ   ფსიქოპათიური გადახრები აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა იგი წლების მანძილზე მსახურობდა პოლიციაში. საქმის მასალების შესწავლისას აშკარად შევამჩნიე, რომ პროცესში  ჩართული თითქმის ყველა ოფიციალური პირი  ბოროტმოქმედისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობდა. ბრალდებულის ადვოკატი კბილებით იბრძოდა რომ მისთვის 106–ე მუხლი წაეყენებინათ (განზრახ მკვლელობა მსხვერპლის მხრიდან შეურახყოფის, ან ძალადობის ნიადაგზე). უფრო მეტიც: ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე მ.ჯ–ს წინააღმდეგ საქმის შეწყვეტაც კი მოითხოვა. სამაგიეროდ, დაზარალებული მხარის ადვოკატი თავის შეფასებებსა და მოთხოვნებში ფრიად მოკრძალებული იყო. მოსამართლემ კი წარმოუდგენელი „შემამსუბუქებელი გარემოება“ გამოაცხო: თურმე ნუ იტყვით და ბრალდებული საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ყოფილა დაკავებული! საბოლოოდ, „საზოგადოებრივად სასარგებლო მკვლელს“ 105–ე მუხლით მიუსაჯა (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) სასჯელი, თან ორი წლითაც შეუმსუბუქა.


    დღეს: „საოჯახო ფრონტზე“ არაფერი შეცვლილა!    

   

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონი 2006 წლის 25 მაისს იქნა  მიღებული. ხოლო ძალადობის პრევენციისთვის შემაკავებელი და დამცავი ორდერების ინსტიტუტიც შემოიღეს. მოძალადეს პირდაპირი ტექსტით ეკრძალება უხეში მოქცევა, საკუთრების უფლების შეზღუდვა (მაგალითად საყოფაცხოვრებო საგნებით სარგებლობის აკრძალვა) და ა.შ; ხანდახან პოტენციურ მსხვერპლთან  გარკვეულ მანძილზე (სიტუაციის მიხედვით) მიახლოებასაც კი უკრძალავენ. შემაკავებელი ორდერის მოქმედება ერთი თვეა, ხოლო დამცავის – ექვსი თვე. ორდერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ან ახლის გამოწერა მოხდეს, ცხადია, შესაბამისი პროცედურების საფუძველზე.

 

მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებისა,   „საოჯახო ფრონტზე“  დიდად არაფერი შეცვლილა. შსს–ს მონაცემთა თანახმად, 2007–2014 წ.წ. დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 1102 შემთხვევა. შემთხვევათა 36%  ფიზიკურ ძალადობაზე მოდის, 55% – ფსიქოლოგიურზე. დანარჩენ შემთხვევებში სხვა ფორმები აღინიშნება. მსხვერპლის როლში აღმოჩნდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი. რამდენი ფაქტი და მოძალადისგან გასრესილი ადამიანი დარჩა კადრს მიღმა არავინ იცის. ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.

 

პარალელი: სალომე ჯორბენაძისა და ც.ც.–ს ტრაგედიაში ბევრი რამეა საერთო. ორივე  პოლიციის თანამშრომელმა მოიტაცა  დაქორწინების მიზნით; ორივე ქალბატონმა ვეღარ გაუძლო მეუღლის „მზრუნველობას“ და წერტილის დასმა გადაწყვიტა. და ბოლოს: ორივე შემთხვევაში მოძალადემ „შელახული ღირსება“ ტყვიით „აღიდგინა“.

 

დამაფიქრებელი ფაქტი: როდესაც სალომეს დაღუპვის ამბავი საქვეყნოდ გაჟღერდა, საზოგადოების ნაწილი მკვლელის გამართლებას შეეცადა და მოცვალებულს ტალახის სროლა დაუწყო. სოციალურ ქსელში მიმობნეულ ამ „მარგალიტთა“ ხილვა საკმაოდ დამთრგუნველია. იმედს ვიტოვებთ, რომ მართლმსაჯულება იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას. საბედნიეროდ, გასული საუკუნის 90–იან წ.წ.–თან განსხვავებით, ახლა უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმები.


            

ორდერის ინსტიტუტი სრული ძალით უნდა ამუშავდეს! 


ჩნდება კითხვა: რატომ არ აღმოჩნდა ორდერის ინსტიტუტი საკმარისად ეფექტიანი? ალბათ პასუხი არასრულყოფილ მექანიზმებში უნდა ვეძიოთ. ადრე შემაკავებელი ორდერის გამოწერა მხოლოდ საპატრულო პოლიციას შეეძლო.   თანაც შემთხვევის ადგილზე როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის ყოფნის შემთხვევაში. წმინდა ადამიანურად პოლიციელს, შესაძლოა, კიდეც სჯეროდა  მსხვერპლის სიმართლე, მაგრამ როგორც ოფიციალური პირი ვალდებული იყო სავარაუდო მოძალადისთვისაც მოესმინა და ახსნა–განმარტება ორივე მხარისთვის  ჩამოერთმია. მაგრამ რომელი მოძალადე დაელოდებოდა პოლიციას? სწორედ ამიტომ რიგ შემთხვევებში პოლიციელები ორდერის გამოწერისაგან თავს იკავებდნენ. ეს ყველაფერი ამცირებდა ორდერის ინსტიტუტის ეფექტიანობას.  

 

მნიშვნელოვანი სიახლე:  მოძალადე ადრე ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა. პირველად გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ და შემაკავებელ ორდერს აფორმებდნენ.  თუკი ეს ზომები შედეგს არ გამოიღებდა, მოძალადეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ახლა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა და მუშტი–კრივის მოყვარულს, შესაძლოა,  ეგრევე ციხეში უკრან თავი.  კანონში შევიდა კიდევ ერთი სასარგებლო ცვლილება: შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. ეს  უფლება უბნის ინსპექტორსაც მიანიჭეს. მანვე უნდა მიადევნოს თვალი ორდერის შესრულებას.

 

არსებითი დეტალი: ცხადია, უბნის ინსპექტორი გამუდმებით მსხვერპლის გვერდით ვერ იჯდება. ამიტომ ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევა მსხვერპლმა თავად უნდა შეატყობინოს. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, იგი  ჯეროვან სიმტკიცეს ვერ იჩენს, რის შედეგადაც ორდერს  თაროზე მტვერი ედება, ხოლო ლანძღვა–გინება და მუშტი–კრივი კი გრძელდება. თუკი დაზარალებული პირველ რიგში თავად არ გაირჯება, მსოფლიოში საუკეთესო კანონიც კი ვერ დაიცავს.

 

             

                     ხუთასი  ქალის  ტკივილი



ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი ეფექტიანი საშუალებაა ქალისაგან საფრთხის ასარიდებლად.  ასეთი ტიპის  დაწესებულებები საქართველოში უკვე 2009 წლიდან არსებობს. ნაწილს სახელმწიფო კურირებს, ნაწილს – არასამთავრობო სექტორი.  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“  თავშესაფრები თბილისში, ქუთაისში და გორში გახსნა. გარდა ამისა, ორგანიზება გაუკეთა  „ცხელ ხაზს“ (2 309 903), რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მოქმედებს.  თვეში, საშუალოდ, ხუთასამდე ქალბატონი რეკავს. კონსულტაციისთვის პირადად მოსვლაც შეიძლება. 

           

ნინო აბრამიშვილი („ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“; იურისტი):   

  

პრაქტიკულად, ოჯახური ძალადობის ყველა მსხვერპლი ლანძღვა–გინებას, ცემას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას უჩივის. ხდება აგრეთვე ქმრის მხრიდან სექსუალური ძალადობა, რასაც მსხვერპლი, როგორც წესი, ძალადობად არც აღიქვამს. ცალკე პრობლემაა ეჭვიანობის ნიადაგზე ზეწოლა: სამსახურში არ წახვალ, თორემ... და ა.შ. სამწუხაროდ, „ცხელ ხაზზე“ დარეკვას ვიზიტი ყოველთვის არ მოჰყვება. ქალები ჩვენთან მხოლოდ მაშინ მოდიან, როდესაც ოჯახური კრიზისი კულმინაციას აღწევს, ანუ ცემა–ტყეპა და ზეწოლა სისტემატურ ხასიათს ღებულობს. მაგრამ არც ვიზიტი ნიშნავს მზაობას საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს კონკრეტული ქალის ხასიათზეა დამოკიდებული. სისტემატური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში ვათავსებთ. შეგვიძლია სასამართლოში წარსადგენად საბუთებიც გავუმზადოთ და წარმომადგენლობაც გავუწიოთ, მაგრამ ეს მის სურვილზეა დამოკიდებული.

 

ყველაზე დიდი პრობლემა კი თავად მსხვერპლის არამდგრადობაა. ხშირად უჭირს საქმის ბოლომდე მოყვანა. იტყვის: კმარა, ვშორდები! მოვუმზადებთ საბუთებს და.... გადაიფიქრებს! მიზეზი უამრავია. მაგალითად, წასავლელი არსად აქვს. ანდა ეკონომიურად ქმარზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში კი მიზეზი  მის სუსტ ხასიათში უნდა ვეძიოთ: საკუთარი შემოსავალი აქვს, არც ბინა უჭირს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას მაინც ვერ ახერხებს.


ინდირა რობაქიძე („ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახემწიფო თავშესაფრის უფროსი):


– თავშესაფაში განთავსებისთვის ოჯახური ძალადობის მსხვეპლის სტატუსია საჭირო. ბენეფიციარებთან მთელი ჯგუფი მუშაობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და მედმუშაკის შემადგენლობით.  თუკი ბავშვებზე ძალადობის საშიშროებაც არსებობს, სოციალური მომსახურების სააგენტოს  ვუკავშირდებით.  თავშესაფარში ყოფნისას ჩვენი ბენეფიციარები განთავისუფლებულნი არიან  საყოფაცხოვრებო საზრუნავისაგან და მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებით და პიროვნული ზრდით არიან დაკავებულნი.  ჩვენ მათ ვრთავთ პროფესიული გადამზადების პროგრამებში. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული.  პარალელურად დასაქმებაშიც ვეხმარებით.  თუკი სამი თვის შემდეგ სიტუაცია ჩვენს ყურადღებას ისევ მოითხოვს, თავშესაფარში ყოფნის ვადა შეიძლება კიდევ სამ თვემდე გაგრძელდეს.  როდესაც ქალი თავშესაფარს ტოვებს, კიდევ მთელი ერთი წლის  მანძილზე მისი მდგომარეობის მონიტორინგს ვახორციელებთ. საჭიროების შემთხვევაში კი უკან ვაბრუნებთ. ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ და დავეხმაროთ ქალბატონებს, მაგრამ მხოლოდ თავად იღებენ გადაწყვეტილებას როგორ გააგრძელონ ცხოვრება. მინდა ხაზი გავუსვა: საკუთარი უფლებების დაცვის უნარი განათლების დონეზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ჩვენთან მოსულან ფრიად ნასწავლი ქალბატონები, მაგრამ პრობლემებში დიდი განსხვავება არ ყოფილა. მსხვერპლმა შეიძლება სრულყოფილად იცოდეს საკუთარი უფლებები და ფსიქოლოგიურად მაინც უმწეო დარჩეს.

 

       

ბარბაროსობას წერტილი უნდა დაესვას!

 

რა არის ამ სოციალური სიმახინჯის – ოჯახური ძალადობის მდგრადობის მიზეზი? აქ, უეჭველად, მიზეზთა მთელი კომპლექსი მოქმედებს, მაგრამ უბედურების ერთ–ერთი ფესვი ოჯახის შექმნის ძალადობრივ ფორმაშიც უნდა ვეძიოთ. საქართველოში ოჯახები, არც თუ იშვიათად,   მოტაცებით, ან იძულების წესით გათხოვებით იქმნება. ეს, განსაკუთრებით, რეგიონებზე ითქმის. სახალხო დამცველის ანგარიშებში იძულებით ქორწინება, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ფორმა, ხშირად ფიგურირებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2011 წლის ოქტომბრიდან – 2013 წლის იანვრამდე 7 367-მა გოგონამ ქორწინების მიზეზით სკოლა მიატოვა. მათ ცხრა კლასიც კი არ დაამთავრეს. აქედან ყველაზე მეტი ქვემო ქართლის მკვიდრია (1214) . როდესაც მშობლები  თავის  არასრულწლოვან (ან თუნდაც სრულწლოვან) ქალიშვილს  მისი უფლებების დარღვევით ათხოვებენ, ამით    პიროვნული განვითარება–თვითრეალიზაციის საშუალებას უსპობენ. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი ქალის დაჩაგვრა ბევრად უფრო ადვილია და პოტენციური მოძალადეც სწორედ ამით სარგებლობს.

 

სახელმწიფომ უკვე გადადგა ნაბიჯი ამ სიმახინჯის დასაძლევად. საქართველოს პარლამენტმა მესამე საკომიტეტო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოჯახში ძალადობის მიმართ ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.  „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც  როგორც რეგისტრირებული, ისე არარეგისტრირებული ქორწინების იძულება დასჯადი გახდება. კერძოდ, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. იგივე ქმედება არასრულწლოვანის მიმართ კი – თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. 

 

ვფიქრობ, საკამათო არ არის, რომ ძალადობით შექმნილი ოჯახი იმანენტურად შეიცავს ძალადობის გაგრძელების, აგრეთვე მსხვერპლის მკვლელობის  საშიშროებას. ამის დამადასტურებლად ორი ტრაგიკულად დაღუპული ქალბატონის – სალომე ჯორბენაძის და ც.ც.–ს მაგალითიც იკმარებს. რა გასაკვირია, რომ მეუღლეთა ხოცვის ფაქტები გახშირდა?! ოცი წლის წინათ, ც.ც.–ს ტრაგედიაზე  შექმნილ წერილს  „მკვლელი“ ვუწოდე. ამჟამად იგივე სიტყვა მრავლობით რიცხვში გადავიდა. ეს მხოლოდ მხატვრული ხერხი არ გახლავთ. სამწუხაროდ,  სათაურში მოძლიერებული ტენდენცია აისახა და ამ ბარბაროსობას წერტილი უნდა დაესვას!..

 

 

საჭიროების შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლს  შეუძლია აგრეთვე დარეკოს შემდეგ ნომრებზე:

298 90 80 (ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“)

295 06 79 („ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“)

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED