კაზანტიპში უკანონო და აღვირახსნილი სექსუალური კავშირები იკრძალება

2014.07.28 ავტორი: მერაბ როდონაია

კაზანტიპის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება, ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, პიკს აღწევს. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალა ზნეობის თავგამოდებულ დამცველებს შოკში აგდებს, უფრო ლოიალურად განწყობილებს კი ეკონომიკური სარგებელით იზიდავს. მაინც რა არის კაზანტიპი - გარყვნილება, ორგია, მუსიკალური ფესტივალი, მომგებიანი ბიზნესი თუ ყველაფერი ერთად?

 

დაინტერესებულთა უდიდესი ნაწილი ამ კითხვაზე პასუხს ეძებს ყველგან, გარდა ოფიციალური წყაროებისა. 

 

ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, კაზანტიპი არის რესპუბლიკა - საკუთარი კონსტიტუციით, მინისტრთა კაბინეტით, “შემოქმედებითი ინტელიგენციით”, საკუთარი რელიგიით და, რა თქმა უნდა, მანტრებით, რომელთაგან ერთი ადიდებს “ცხოვრებას ტრუსების გარეშე”, მეორე - კაზანტიპელების სურვილებს, მესამე კი სადღაც შორს აგზავნის იმათ, ვინც დროებითი რესპუბლიკის მიწას შეეცილება.

 

რაც შეეხება ყველაზე “სენსიტიურ” თემას - “სექსი პლაჟზე”...


კაზანტიპის კონსტიტუციაში გაწერილია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, კანონის ფარგლებში არეგულირებენ სექსუალურ ურთიერთობებს.


“რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიესალმებიან სიყვარულს მის ყველანაირ გამოვლინებაში, გარდა უკანონო სექსისა, რომლის კანონიერ ჩარჩოებში მოსაქცევად, მოქმედებს სწრაფი ქორწინების ინსტიტუტი. ქორწინებათა რაოდენობა არ იზღუდება.”


ასევე, კაზანტიპის სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია - “რესპუბლიკაში არ მიესალმებიან აღვირახსნილ სექსუალურ კავშირებს ადგილებში, რომლებიც ამ დანიშნულებით არ არის გამოყოფილი. უმკაცრესად ისჯება კაზანტიპის მოქალაქე ქალების მიმართ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით გახორციელებული შეურაცხმყოფელი ქმედებები, იმის მიუხედავად, რამდენად იოლად ხელმისაწვდომიც არ უნდა ჩანდნენ ისინი.

 

“ზნეობის პოლიცია” მკაცრად აკონტროლებს წესრიგს კაზანტიპის მთელ ტერიტორიაზე. ნებისმიერი დარღვევა ისჯება უმაღლესი და ერთადერთი სასჯელით - დეპორტაციით კაზანტიპის რესპუბლიკიდან!

 

ამ კოდექსიდან კიდევ ერთმა მუხლმა მიიპყრო ჩემი ყურადღება:


“ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება და შოვინისტური განწყობების დათესვა კაზანტიპის მულტინაციონალურ რესპუბლიკაში ითვლება ერთერთ უმძიმეს დანაშაულად კაზანტიპის იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია: კაზანტიპის ტერიტორიაზე შეკრიბოს ყველაზე ნათელი, მხიარული და კეთილი ადამიანები მთელი პლანეტიდან!”

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED