TI - ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში გაიცა

2014.07.22 ავტორი: TS

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში (346 თანამშრომელზე - 564 106.1 ლარი) გაიცა. შემდეგ მოდოს ზუგდიდის (170 თანამშრომელზე - 383584.5 ლარი), აბაშის (158 თანამშრომელზე - 344150 ლარი), სენაკისა (198 თანამშრომელზე - 247940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომელზე - 229990 ლარი) მუნიციპალიტეტები. ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს წელს პრემია არ აუღიათ.

 




„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში, პრემიის სახით, ჯამში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა.



„საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვარიდან მაისის ჩათვლით, პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად 7950/7950 ლარი.



ამავე პერიოდში ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამაც სამჯერ აიღო პრემია, ჯამში 7550 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ კი, ჯამში 8250 ლარი. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ.



აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმაც იანვრიდან მაისის ჩათვლით, პრემია სამჯერ აიღო, ჯამში 7950 ლარის მოცულობით. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ კი ორჯერ, ჯამში 5300 ლარი, ამავე ოდენობის პრემია მიიღო ყოფილმა გამგებელმა მამუკა დანელიამ.

 

ორგანიზაციის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა და გამოქვეყნებული კვლევებისა, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. გრძელდება ცუდი პრაქტიკა და პრემიები შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაიცემა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED