დარღვევები ზუგდიდსა და ფოთში

2014.06.15 ავტორი: TS

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს 35 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება ზუგდიდსა და ფოთში. “საუნჯე” ერთადერთი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ამ ოლქებში აკვირდება არჩევნებს.

ყველა საარჩევნო  უბანზე დაწყებულია ხმის მიცემა და მიმდინარეობს კენჭისყრა. უბნის გახსნის პროცედურებში დაფიქსირდა რამდენიმე მცირე დარღვევა, რომელთა უმრავლესობა კომისიის თავმჯდომარესთან და საოლქო კომისიასთან გასაუბრების შედეგად მოგვარდა.

 

ამ დროისთვის დაფიქსირებულია შემდეგი სახის დარღვევები:

 

კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა/ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა


დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე ზუგდიდის თემის #32 უბანზე (ანაკლია) ერთ-ერთმა ამომრჩეველმა გამოიწვია არეულობა და დაამტვრია საარჩევნო ყუთი, რის გამოც საარჩევნო უბანზე ჩაიშალა არჩევნები. აღნიშნული შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების პროცესის ჩაშლა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

დამკვირვებლებისთვის/წარმომადგენლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა


ფოთის #4 და #16 საარჩევნო უბნებზე პრობლემური იყო დამკვირვებლების მიერ უბნის გახსნის პროცედურაზე დასწრება, რამდენადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა მათ შესვლის საშუალებას. ერთ შემთხვევაში მათი დამკვირვებელთა სიაში არ ყოფნის გამო, მეორე შემთხვევაში კი დაგვიანების მიზეზით. ორივე შემთხვევაში პრობლემა მოგვარდა ოლქში დარეკვის შემდეგ.

 

უზუსტობები წილისყრის პროცედურაში


ზუგდიდის თემის #76 უბანზე წილისყრის პროცედურა არ ჩატარდა სათანადოდ ან ფუნქციები გადანაწილდა თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

 

სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე


ქალაქ ზუგდიდის #15, #16 და #26 უბნებზე და ზუგდიდის თემის #33, #35, #53, #94 და #35 უბნებზე იმყოფებოდა ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი-ორი წარმომადგენელი (“ქართული ოცნება”, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)). საუბნო კომისიის თავმჯდომარისთვის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ #94-ე უბანზე დამკვირვებლის მითითებას კომისიის წევრები, სუბიექტის წარმომადგენლები (ქართული ოცნება) და კომისიის თავმჯდომარე აგრესიით შეხვდნენ, აცხადებდნენ რომ კოალიციას ჰქონდა უფლება თითოეული პარტიის წარმომადგენელი ჰყავდეს უბანზე. პრობლემა აღმოიფხვრა საოლქო კომისიის თავმდჯომარის ჩარევის შედეგად, თუმცა ამან გამოიწვია აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება დამკვირვებლის მისამართით.

 

უზუსტობები სადემონსტრაციო ოქმში


ქალაქ ზუგდიდის #16 უბანზე ფანქრით შეიყვანეს შესაბამისი მონაცემები, #10 უბანზე კი სათანადოდ არ იყო შევსებული სადემონსტრაციო ოქმი. მიუხედავად მითითებისა, #16 უბანზე აგრძელებენ ოქმის ფაქრით შევსებას.

 

მარკირების პროცედურის დარღვევა

ქალაქ ზუგდიდის #10 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების ფანარს ანათებდა ამომრევლებს მხოლოდ მარჯვენა ხელზე, ხოლო ამავე კომისიაში რეგისტრატორი მარკირებას ახდენდა მარცხენა ხელზე. თავმჯდომარის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა პრობლემა.

 

ამომრჩევლებს მოვუწოდებთ დაიცვან კანონმდებლობა და პატივი სცენ თანამოქალაქეების საარჩევვნო უფლებას, თავი შეიკავონ საარჩევნო უბანზე აგრესიისაგან და არ შეუშალონ ხელი მიმდინარე პროცესს.

 

რაც შეეხება საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო პროცედურების დარღვევებს, თითქმის ყველა შემთხვევა მოგვარდა დამკვირვებლების მხრიდან მითითების მიცემის შედეგად და, იშვიათ შემთხვევაში, საოლქო კომისიის ჩარევითაც. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები გამოწვეულია არასაკმარისი კვალიფიკაციის და პროცედურების არცოდნით.

 

“საუნჯე” პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, ასევე გამოაქვეყნებს ინდივიდუალურ ფაქტებს საარჩევნო პროცედურების დარღვევის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ინფორმაცია ასევე განთავსდება ქსელ სინერგიის ფეისბუქ გვერდზე.

 

საკონტაქტო პირი: იაგო ფასანძე, აღმასრულებელი დირექტორი

ტელეფონი: 555 199 798; ელ-ფოსტა: ngo.saunje@yahoo.com

 

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED