„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არ არის მათთვის, ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია“

2014.06.14 ავტორი: ელისო ჯანაშია

პროგრამამ – „აწარმოე საქართველოში“ - საქართველოს ბიზნესწრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მის პრეზენტაციას ჩვენ ბლოგი მივუძვენით. მოგვიანებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემოგვთავაზა პასუხების გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მეწარმეებთან გასაუბრების შემდეგ ბლოგში ჩამოვაყალიბეთ. გთავაზობთ, ინტერვიუს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქეთი ბოჭორიშვილთან.

- პრეზენტაციის შემდეგ მეწარმეებს ჰქონდათ კითხვები, რაზეც პასუხები ვერ მიიღეს. მაგალითად, აინტერესებდათ, არის თუ არა სახელმწიფოსგან 1 ლარად მიღებული ქონების საბაზრო ღირებულების ოთხმაგი და ექვსმაგი ინვესტიციის ჩადება აუცილებელი პირობა.1 მილიონიან ქონებაში აუცილებელია 4 ან 6 მილიონის ინვესტიციის დახარჯვა?



- ჩვენ ხომ სახელმწიფო ქონებას ვერ ვაჩუქებთ პიროვნებას, თუ არ მოხდა ამ ქონების გამართვა, იქ წარმოების აწყობა, დასაქმება და პროდუქტის გამოშვება. თუ მეწარმემ 1 მილიონიანი ქონება მიიღო და მასში 100 ათასი დახარჯა, გამართლებული იქნება? 100 ათასის ჩადება ვისაც სურს, ჩვენ მოვუძებნით შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს. ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში, ქონების შეფასება იწყება 15 ათასი ლარიდან და მთავრდება 2 მილიონი ლარის ფარგლებში. შესაბამისად, თითქმის ყველა პროექტის მორგება შესაძლებელია.



- მაგრამ თუ 2 მილიონადაც შეუძლია იგივე გააკეთოს?



- ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სხვა ქონება, მათ შორის, თბილისშიც, რომელიც იქნება მისი ბიზნესისთვის მისაღები, 2 მილიონიან ქონებაში თუ მოითხოვს 1 მილიონი ჩადოს, სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამართლებული ამ პირობით ქონების გადაცემა. ამას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება: რატომ ჩუქნის სახელმწიფო ვინმეს ქონებას ვალდებულების გარეშე? ეს იქნება სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი მართვა და ძალიან ბევრი მოქალაქის აღშფოთებას გამოიწვევს, რადგან ეს ქონება არის სახელმწიფო საკუთრება და შესამაბისად, ყველას გვეკუთვნის. ამიტომაც ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი გათვლები. პროექტი რომ იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ქონების ღირებულება იწყება 15 ათასი ლარიდან და არის 2 მილიონ ლარის ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ბიზნესები, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა არის 60 ათასი ლარიდან 12 მილიონის ფარგლებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამის მეორე კომპონენტი - წვდომა ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება), ხელმისაწვდომია ყველა ტიპის - მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმისთვის. ჩვენ გვაქვს გასასხვისებელი სახელმწიფო ქონება შერჩეული სწორედ ღირებულებებიდან გამომდინარე, რომ მოხდეს ყველას ინტერესის დაფარვა. ამასთან, მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, რომ თუკი ჩვენს ჩამონათვალში არ არის მოხვედრილი რომელიმე სახელმწიფო ქონება, მოგვმართოს წერილობით და მოითხოვოს მისთვის საინტერესო ობიექტის შეტანა პროგრამის ჩამონათვალში.



- იყო ასევე პრეტენზია აუდიტის მიერ ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. ერთმა მეწარმემ განაცხადა, რომ ქონების საბაზრო ღირებულება, რომლითაც ის აქამდე იყო დაინტერესებული, 700 ათას ლარს არ აღემატებოდა, ახლა კი აუდიტმა ის 1 მილიონად შეაფასა, რაც საინვესტიციო თანხას თითქმის 2 მილიონით უზრდის და შესაბამისად, მის ბიზნესს აზრს უკარგავს. აუდიტის მონიტორინგს ახორციელებთ?



- ეკონომიკის სამინისტროს ტენდერით შერჩეული ჰყავს აუდიტორული კომპანია, რომელიც პასუხობს საჭირო სტანდარტებსა და კვალიფიკაციას. ის იცვლება ყოველ 3 თვეში ერთხელ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი. აუდიტი აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ობიექტურად აფასებს ამ ქონებას, მაგრამ თუ მაინც გაუჩნდა ვინმეს რაიმე ეჭვი, შეუძლია გადაამოწმოს არსებული მეთოდოლოგიით. ამასთანავე, მას შეუძლია დამოუკიდებლად დაუკვეთოს აუდიტის ჩატარება ისეთ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ცნობს და მის დასკვნას შეფასების კრიტერიუმად იღებს.



- პროგრამაზე მუშაობისას თავად მეწარმეები თუ იყვნენ ჩართულები და იმ სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში ვერ მოხვდნენ, თუ იგეგმება რაიმე?



- ამ პროგრამის მთავარი მიზანი არ არის წინასაარჩევნო კამპანია, ეს არ არის აფერა. ესაა ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება. ეს პროგრამა შექმნის ჩვენს ქვეყანაში ახალ საწარმოებს, ახალ პროდუქციას და ახალ სამუშაო ადგილებს. ამიტომ მთავარი პირობაა, რომ პროექტები იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი და არ მოხდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც 1 წელიწადში დაიხურება. ჩვენ ამისათვის 300-მდე მეწარმე გამოვკითხეთ. შევისწავლეთ დარგის სირთულეები და გამოწვევები. სწორედ ამის საპასუხოდ შევიმუშავეთ შესაბამისი ინსტრუმენტები და მექანიზმები, რომლებიც ვფიქრობ, ჯერ კიდევ საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ეტაპი იმ დამხმარე მექანიზმებისა, რომლითაც სტიმულირება გვინდა გავუკეთოთ ახალ საწარმოებს და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. თუმცა, მომავალში ჩვენ კიდევ გვექნება სხვა მექანიზმები კიდევ სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. გვექნება არსებული კომპანიებისთვის სპეციალური პროგრამები, რომ იქ მოხდეს გადაიარაღება, პროდუქტიულობის გაზრდა, უნარების გაუმჯობესება, საექპორტო ბაზრებზე შეღწევადობის გაადვილება, სტანდარტების დანერგვა, ინოვაციების დანერგვისა და გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვგეგმავთ მთელ რიგ ცვლილებებს, რასაც უბრალოდ, ცოტა მეტი დრო სჭირდება, რათა გამყარდეს საკანონმდებლო რეგულაციების კუთხით.



- რა მოხდება 2 წლის შემდეგ, როცა სასესხო განაკვეთის 10 პროცენტის სახელმწიფოს მიერ გადახდის ვადა სრულდება?



- ჩვენი ინსტრუმენტები მეწარმეებს ეხმარება ინკუბაციის პერიოდში, ანუ პირველი ორი წლის მანძილზე. ამის შემდეგ ფინანსური თანადაფინანსების კუთხით, ჩვენ ვწყვეტთ ამ კომპანიებთან ურთიერთობას. ამის შემდეგ საქმეში საკონსულტაციო მომსახურება ერთვება და კომპანია თავად აგრძელებს გადახდას, ანუ ბანკი რჩება მეწარმესთან. ამ ორი წლის განმავლობაში მეწარმე გადახდისუნარიანი თუ არ იქნება, სახელმწიფო მაშინვე წყვეტს საპროცენტო თანადაფინანსებას, რადგან სახელმწიფო ბანკებს კი არ უხდის, არამედ - მეწარმეებს. ამიტომ ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაფინანსებლად სწორად შეარჩიონ სიცოცხლისუნარიანი და გადახდისუნარიანი ბიზნესები. ბანკები, ამ შემთხვევაში, არიან ის ინსტრუმენტები, რომელთაც შეუძლიათ სწორად და ზუსტად შეაფასონ პროექტის რისკები და სწორად შეარჩიონ დასაფინანსებელი პროექტები.



- აცხადებთ, რომ აფინანსებთ ახალ საწარმოებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის პროგრამის შინაარსთან. ახალი საწარმოს შემქმნელებს, რომლებსაც სასესხო უზრუნველყოფისთვის მოქმედი ბიზნესი, ან შესაბამისი ქონება არ გააჩნიათ, პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან? გამოდის, რომ ეს პროგრამა არ არის START UP-ებისთვის, ანუ დამწყებთათვის, რომლებსაც ახალი საწარმოს შექმნა სურთ.



- სავსებით ლეგიტიმური შეკითხვაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ამიტომაც შემოვიდა მეორე ინსტრუმენტით - სასესხო უზრუნველყოფის, ანუ იგივე გირაოს 30%-ის გარანტის სახით. ესეც საკმაოდ დიდი სტიმულია მეწარმისთვის. მესმის, რომ ზოგ მეწარმეს ის 70 %-ც არ აქვს, მაგრამ მეწარმემ რაღაც რისკი უნდა გაიღოს. ეს პროგრამა არის ახალი საწარმოსთვის. ახალი წარმოების დასაწყებად კი მეწარმისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს: 1. საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მისთვის არის საკმაოდ მაღალი და 2. გირაო, რომლის სრულად უზრუნველყოფა მეწარმეს არ შეუძლია. პირველ ნაწილში შევედით სესხის თანადაფინანსების 10 %-ით, სესხის დანარჩენ 2-3 %-ს (სასესხო განაკვეთის მაქსიმუმი არის 13%) პირველი 2 წლის განმავლობაში გადაიხდის მეწარმე, ხოლო გირაოში - 30%-იან უზრუნველყოფას ვაკეთებთ. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შეუძლია სახელმწიფოს.



- ერთ-ერთმა მეწარმემ განაცხადა, რომ მას აქვს 20-წლიანი ლიცენზია მარმარილოს მოპოვებაზე და ნაპოვნი აქვს ბაზრებიც, თუმცა, მას ბანკი სესხის უზრუნველყოფას სთხოვს ქონებით ან მოქმედი ბიზნესით. ბიზნესის მოქმედებაში მოსაყვანად სჭირდებოდა მას სწორედ იმ ტექნიკის შეძენა, რაშიც ბანკი გარანტიებს ითხოვს. ნედლეულს ბანკი ქონებად არ მიიჩნევს. ანუ ის პრაქტიკულად, START UP- ია. ამ კატეგორიის ბიზნესისთვის ეს პროგრამა ვერ იმუშავებს? მისი მოთხოვნა იყო, ქონებრივი უზრუნველყოფის დაახლოებით 70-80% რომ მიმართულიყო მსგავსი ბიზნესების თავდაპირველი ხელშეწყობისათვის.



- სახელმწიფოს აქვს გარკვეული რესურსი და შეუძლია, პროგრამაც მხოლოდ ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმოს. ამ კომპანიას ძალიან მარტივად შუძლია გაერთიანდეს სხვა კომპანიასთან, ან სხვა მეწარმეებთან, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყოფის წარმოჩენა და შესაძლებელია ერთიანი ძალებით განახორციელონ ეს პროექტი. როდესაც იდეა ჩნდება და რესურსების გადანაწილება ხდება, ხშირად ერთ მეწარმეს არ შეუძლია ამის განხორციელება და 2-3 მეწარმე ერთიანდება. თუ მას არ აქვს ვინმესთან თანამშრომლობის და დამატებითი რესურსის მოძიების სურვილი, ეს მისი საქმეა. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს აქვს რისკი. სახელმწიფომ რისკების ანალიზი რომ არ გააკეთოს და ფულის გადახდა დაიწყოს პირდაპირ, პირობების გარეშე, დამერწმუნეთ, იქნება სრული ქაოსი. სახელმწიფო რესურსი არ შეიძლება იყოს საჩუქრად დარიგებული. სახელმწიფოს რაც შეუძლია, იმ მინიმალური დოზით ეხმარება ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ არის მათთვის, ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია. ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია, მათთვის იქნება დამატებითი პროექტები და მექანიზმები, რომ იდეა განახორციელონ. პროგრამა, ბუნებრივია ყველასთვის ვერ იქნება. ეს პროგრამა მოიცავს ახალი საწამოების შექნას მცირე და საშუალო ბიზნესში. სამიზნე ჯგუფების ძალიან ბევრი ინტერესი არის, რომელიც ამ პროგრამაში არ ჯდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ სხვა ჯგუფებსაც გავუწიოთ დახმარება. ეს არის დასაწყისი. ჩვენ შემდგომ მუდმივად შემოვიტანთ დამატებით ინსტრუმენტებს, რომ ყველა შრეში შევიდეთ.



- თუ მეწარმემ აიღო გარკვეული ქონება, დახარჯა ოთხმაგი ან ექვსმაგი ოდენობის ინვესტიცია , მაგრამ მაინც ვერ განახორციელა ბიზნესი, რა ბედი ეწევა მის პროექტს?



- ყველა მეწარმისთვის განაცხადის გაკეთებამდე ხდება ცნობილი, პირობების დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ელის. მნიშვნელოვანია ის, რომ მეწარმემ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია და სწორედ ეს გარანტია არის იმის დასტური, რომ მას აქვს ინფორმაცია მის მიერ აღებული ყველა ვალდებულების შესახებ. თუ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კარგავს ამ საბანკო გარანტიას. შემდეგ მიდის მთელი რიგი პროცედურები, როგორ მოხდეს პროექტის შეჩერება, უფლება-მოვალეობის განაწილება და გაყოფა. აქაც ჩვენ ვართ საკმაოდ მკაცრები, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა მოვიდნენ ისეთი მეწარმეები, რომლებსაც უბრალოდ განაცხადის გაკეთება სურთ, ხოლო საჭირო ინვესტიციის განხორციელების უნარი არ შესწევთ და არ უნდათ ვალდებულების შესრულება. სახელმწიფოს მთავარი მიზანია, იქ შეიქმნას საწარმო და შეიქმნას პროდუქცია. ჩემთვის ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არის შედეგი, ეს არის პირველადი შედეგი. მთავარი შედეგი არის საწარმო და გამოშვებული პროდუქცია. რა თქმა უნდა, თუ ეს ასე არ მოხდა, მეწარმეს აუცილებლად დაეკისრება პირგასამტეხლო და გარკვეული სანქცია, რაც ჩადებული იქნება ხელშეკრულებაში. ეს აგვარიდებს იმ სუბიექტების ჩართვას, რომლებიც აპრიორში ვიცით, რომ ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს.



- რამდენად ხელმისაწვდომია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის?



- ამის გასაჯაროება არ შეგვიძლია ბანკებთან შეუთანხმებლად. მაგრამ ძირითადი დოკუმენტი არის ის, რომ თავის მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას პროექტის ჩვენს მიერ აღწერილ მიმართულებებზე, ასევე სესხის მოცულობაზე, რომლის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დავაწესეთ. ასევე, ბანკებმა აიღეს ვალდებულება საპროცენტო ზედა ზღვარზე. თუ სასესხო თანხა 150 ათასიდან 500 ათასამდეა, საპროცენტო ზედა ზღვარი შეადგენს 13 %-ს. ბანკს არ შეუძლია მოთხოვოს ამაზე მეტი პროცენტი. აქედან გამომდინარე, მეწარმეს მოუწევს მხოლოდ 3%-ის გადახდა. პროექტში ჩართულია 14 ბანკი. ძალიან მცირე განსხვავებებია მათ მიერ შემოთავაზებულ საბანკო პირობებში. მეწარმეს შუძლია რამდენიმე ბანკს მიმართოს და მისთვის ხელსაყრელი პირობა აირჩიოს. აქაც კონკურენციაა. შესაძლოა, რომელიმე ბანკმა მას 12 %-იანი სასესხო განაკვეთი შესთავაზოს და ის აირჩიოს. როცა მეწარმე 1 მილიონიდან 2 მილიონამდე სესხს იღებს, ასეთ შემთხვევაში, პროცენტის ზედა ზღვარი არის 11%. ყველა ბანკის სტიმულია მეტი პროექტის მოძიება და დაკრედიტება, რომ ის მეწარმე სხვა ბანკში არ წავიდეს.



- ინტერესი საკმაოდ მაღალია პროგრამის მიმართ. რა ვადებში შეეძლებათ რეციპიენტებს ყველა ამ პროცედურის გავლა და უკვე დამტკიცდა თუ არა რომელიმე პროექტი?



- ინტერესი საკმაოდ მაღალია. ორი პროექტის წარდგენა უკვე მოხდა. მეწარმეებმა წარმოადგინეს როგორც ინტერესის წერილი, ასევე საბანკო გარანტია. ეს პროექტები გავიდა მთავრობის სხდომაზე და დამტკიცდა. შემდეგი 1 თვის განმავლობაში მეწარმესთან გაფორმდება ხელშეკრულება. ერთი პროექტი არის კასპში პლასტიკატის წარმოება, მეორე - რუსთავში ფეხსაცმლისა და ტყავის წარმოება. ორივე მეწარმე აქამდე მხოლოდ იმპორტით იყო დაკავებული. ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ პროდუქცია ადგილზე აწარმოონ. ისინი გაერთიანდნენს სხვა მეწარმეებთან ერთად და რესურსების მობილიზება შეძლეს.



- თუ მეწარმეს უკვე აქვს ობიექტი და სურს მხოლოდ ტექნიკური გადაიარაღება, ან რაიმე სხვა ტიპის დახმარება და არა ქონება, ეს პროგრამის რომელ კომპონენტში ჯდება?



- ეს პროგრამა მეწარმეს არ ავალდებულებს სამივე კომპონენტის – ფინანსური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული (უძრავი ქონება) მხარდაჭერის და საკონსულტაციო მომსახურების გამოყენებას. თუ მას ქონება უკვე აქვს, პირდაპირ მიდის ბანკში და მისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება. მეწარმეს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ხოლო თუ უკვე ქონება აქვს და სჭირდება ფული, მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობა. ხოლო მესამე კომპონენტი მათთვისაა, ვისაც პირველი ორი სჭირდება.



- რა ხდება საგადასახადო კუთხით. ეს ქონება და სესხი ისახება თუ არა მეწარმის შემოსავალში და მოუწევს თუ არა მას სხვადასხვა ტიპის გადასახადების გადახდა.



- დიახ, სესხი აისახება შემოსავალში, მაგრამ საგადასახადო დაბეგვრის უკან ჩათვლა მოხდება პროდუქციის გამოშვების შემდეგ.



- რა ვადებში მტკიცდება პროექტები?



- პირველივე მთავრობის სხდომაზე. მთავარია, რომ ინფრასტრუქტურაზე შემოტანილ ინტერესის წერილს თან აუცილებლად ერთვოდეს საბანკო გარანტია. სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ამის შემდეგ წინადადება გადის მომდევნო მთავრობის სხდომაზე. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს მობილური და სწრაფი. ამ ყველაფერს, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ამდენივე დრო იქნება საჭირო ხელშეკრულების გაფორმებისთვის. უხეშად რომ ვთქვათ, 2-3 კვირის განმავლობაში კომპანიას უკვე ინტერესი უკმაყოფილდება.

 

http://eugeorgia.info/

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED