C ჰეპატიტზე გამოკვლევების ფასი მეტისმეტად მაღალია

2014.03.25 ავტორი: მედეა გოგსაძე

საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირების რაოდენობა 6,7%–ს უტოლდება. ეს 7–8 წლის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებელია, ამდენად, ადვილად შესაძლებელია, რეალური სურათი უფრო მძიმეც კი იყოს.      

სახელმწიფოს ძალისხმევით მიღწეული შედეგი – მკურნალობის 60%–ით გაიაფება მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ ლაბორატორიული გამოკვლევების ფასზე საგრძნობი ზეგავლენა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.

 

სავარაუდოა, რომ ანალიზების სიძვირის გამო, მოქალაქეთა დიდი ნაწილი გამოკვლევას ვერ ჩაიტარებს და მიღწეული წარმატება, ფაქტობრივად, აზრს დაკარგავს. ეპიდემიის პირობებში მოსახლეობის საყოველთაო გამოკვლევა აუცილებელი პროცედურაა: დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია.

 

21 მარტს ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ საკონფერენციო დარბაზში ა/ო „ჰეპა+“-ის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის თემაზეც იმსჯელეს.

 

პარალელურად, ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ ფოიეში წარმოდგენილი იქნა „ჰეპა+“–ის  ბენეფიციართა და თანადამოკიდებულ ქალთა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: თექის ნაწარმი და ჭრა-კერვის კურსებზე შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიების მიზანი გახლდათ ჰეპატიტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ა/ო „ჰეპა+“-ის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნული ორგანიზაცია ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა პირველ სათემო გაერთიანებას წარმოადგენს.

     

 მკურნალობა მხოლოდ დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება


დიაგნოსტიკა–მკურნალობის მიუწვდომლობა  სხვა არაფერია, თუ არა კანონით აღიარებული სიცოცხლის უფლების ხელყოფა. პირველ ბარიერს კი ამ გზაზე სწორედ დიაგნოსტიკის დაბალი ხელმისაწვდომობა ქმნის. შეგახსენებთ: C ჰეპატიტზე სულ სამი ანალიზი კეთდება. პირველი ადგენს ინფექციის არსებობის ფაქტს და  15–20 ლარი ღირს. მეორე გამოავლენს ვირუსის აქტიურობის ფაქტს.

 

ეს „სიამოვნება“ 150–250 ლარი ჯდება. თავად ჰეპატიტის სახეობას ადგენს მესამე ანალიზი, რომლის ფასი 300–დან 500 ლარამდე მერყეობს. ამდენად, თუკი მოქალაქეს გაუმართლა და შედარებით „იაფ“ ლაბორატორიას მიაგნო, „სულ რაღაც“ 465 ლარის გადახდა მოუწვეს. შესაბამისად, ჰეპატიტის მკურნალობის, ჯერჯერობით, ისევ მაღალ ფასს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მხოლოდ დიაგნოსტიკაც კი ნაკლებად ხელმისაწვდომია.  

 

კოტე რუხაძე (/ჰეპა+“-ის ხელმძღვანელი):


– დიაგნოსტიკა–მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის  ბრძოლა ამჟამად ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია. დიაგნოსტიკის ფასი ისევ გაუმართლებლად გაბერილია. როგორც მკურნალობის შემთხვევაში აქაც ძალზე გამართლებული იქნება ტენდერის გამოცხადება, სადაც  გარანტად ისევ  სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი. სწორედ ასე მოიქცნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რის  შედეგადაც ფასმა ოთხჯერ დაიკლო და 250 ლარამდე დავიდა. აქვე ვაზუსტებ – ფიბროსკანირების, ანუ ღვიძლის მდგომარეობის დადგენის ფასის გარეშე, რაც ჩვენს ქვეყანაში ასე 110 ლარამდე ჯდება. ამდენად, სახელმწიფოს ჩარევა პრობლემის გადაწყვეტაში მთელი ქვეყნის მასშტაბითაც კეთილსმყოფელ შედეგს მოიტანს.

 

შემიძლია სავსებით დარწმუნებით ვუთხრა საზოგადოებას, რომ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია. კონკრეტული ადამიანის ჩართვაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის შესაბამისობაზე დადგენილ კრიტერიუმებთან.  დიაგნოსტიკა  პროგრამაში ჩართვის აუცილებელი საფეხურია. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესში თავი იჩინა გარკვეულმა პრობლემებმა. კერძოდ, როდესაც დოკუმენტაცია შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებს რიგ შემთხვევებში გაუკეთდათ  ბევრი ისეთი ანალიზი, რომელიც ამ კინკრეტულ შემთხვევაში სრულებითაც არ იყო საჭირო. მაგალითად, ღვიძლის ფუნქციური კვლევები. ეს ანალიზი მათ გაუკეთდებოდათ მხოლოდ მკურნალობის დაწყების წინ.

 

ამდენად, აღნიშნული ანალიზი გაკეთება მოქალაქეებს ხელმეორედ მოუწევთ. რატომ? მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ადრე მიღებული შედეგი სარწმუნო აღარ იქნება. ე.ი. რა გამოდის? თურმე პაციენტებს არ უწევენ სწორ კონსულტაციას და ორმაგ ხარჯს აწევინებენ. მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი – არაკვალიფიციურობა, თუ სხვა რამე – ცილს ვერავის დავწამებ. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „ახალი ვექტორს“ უკვე გვქონდა შეხვედრა ლაბორატორიების ხელმძღვანელობასთან. ვაპირებთ შევაფასოთ მდგომარეობა – რომელ ლაბორატორიაში რა სიტუაციაა, სად რა ფასებია და რა უნდა გაკეთდეს. შემდეგ შევიმუშავებთ გზამკვლევს და გამოვუშვებთ საინფორმაციო ბუკლეტს.

 

 

პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს რა სჭირდება და სად რა რამდენი დაუჯდება. გარდა ამისა,  ორგანიზებას გავუკეთებთ პაციენტთა სკოლას და ამოქმედდება ცხელი ხაზი. სწავლება, ცხადია, უფასო იქნება. სახელმწიფო ამ ინიციატივებს მხარს უჭერს, რამეთუ ადამიანი ინფორმირებული უნდა იყოს რასთან აქვს საქმე. ეს ეხება არა მარტო საკუთრივ დაავადებას, არამედ აგრეთვე მკურნალობის პროცესს.

 

                  სად მარხია ძაღლის თავი


ჩნდება კითხვა: რატომ ჯდება ასეთი ძვირი C ჰეპატიტზე  გამოკვლევა? თურმე ყველაფერი ძალზე მარტივია. როგორც ბატონმა კოტე რუხაძემ აგვიხსნა, ლაბორატორიები აღჭურვილია კომპანია „როშის“ აპარატურით, რომელიც  უსასყიდლოდ გადაეცათ. სამაგიეროდ, მათ აქვთ ვალდებულება ანალიზები გააკეთონ მხოლოდ იმავე კომპანიის ძალზე ძვირი ტესტ–სისტემებით. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი: ფასები ამის გარეშეც 4–5–ჯერ გაბერილია.

 

ეს განსაკუთრებით მკაფიოდ მაშინ გამოვლინდა, როდესაც აჭარაში ლაბორატორულ გამოკვლევებზე ტენდერი ჩაატარეს და ფასი სწორედ 4–5–ჯერ დაეცა. ანალიზების სიძვირის უკან დგას არა მარტო „როშის“ მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, არამედ, აგრეთვე, ადგილობრივი ლაბორატორიების წრესგადასული სიხარბე.  ყელში საკუთარი თვისტომიც გვიჭერს, რაც განუზომლად უფრო გულსატკენია.

 

სახელმწიფო პროგრამის დაწყებამ გარკვეული გავლენა გამოკვლევების ფასებზეც მოახდინა. მიმართვიანობა გაიზარდა და ლაბორატორიებმა ფასი გარკვეულად შეამცირეს. პროგრამის დაწყებამდე პაკეტი თუ  1500 ლარამდე ღირდა, ახლა ფასი 800 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.   სამომავლოდ გეგმება, რომ დაახლოებით ორ წელიწადში მოქალაქეთა დიაგნოსტიკა–მკურნალობისთვის საჭირო თანხების დიდ ნაწილს სახელმწიფო დაფარავს.  

 

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა“ ფარგლებში. შემსრულებლები: არასამთავრობო ორგანიზაციები „ჰეპა +“ და „ახალი ვექტორი“. დამფინანსებელი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED