საქართველო C ჰეპატიტის წინააღმდეგ გაბედულ ნაბიჯებს დგამს

2014.03.05 ავტორი: მედეა გოგსაძე

საქართველოში, ჰეპატიტ C-ს ვირუსის  გავრცელება 90–იან წლებიდან დაიწყო. მაშინ  სისხლის გადასხმის სადგურებში ჯერ კიდევ არ იყო უსაფრთხოების  სტანდარტი დანერგილი, ამდენად გადასხმები  ჯეროვანი შემოწმების გარეშე ხორციელდებოდა. სწორედ ამ პერიოდში, დაინფიცირდა უამრავი მოქალაქე. უკანასკნელი ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც საკმაოდ მოძველებულია, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6,7% (ანუ, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი)  C ჰეპატიტის ვირუსითაა ინფიცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰეპატიტ C-ს „ჩუმი მკვლელი“უწოდა, ვინაიდან  წლების განმავლობაში დაავადება გამოკვეთილი სიმპტომების გარეშე ვითარდება. კლინიკურად კი თავს დაინფიცირების მომენტიდან 10–15 წელიწადში იჩენს. ამ დროისათვის ღვიძლი, როგორც იტყვიან,  უკვე „დანგრეულია“. საქმე, შესაძლოა, ციროზამდე, ან ღვიძლის კიბომდე მივიდეს.

 

      რეალობას ვერ გავექცევით, ის უნდა შევცვალოთ!


არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე: – პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი 5–6–ჯერ მაღალია.  2013 წელს საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით C ჰეპატიტის პროგრამა შემუშავება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მასობრივი სკრინინგი ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ პატიმართა დაახლოებით 30-35% ამ ვირუსითაა დაინფიცირებული.

 

სწორედ ამიტომ  2013 წელს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტად ჰეპატიტი C-ს წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა.  შეიქმნა ჯგუფი მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და საუკეთესო სპეციალისტების შემადგენლობით. გასული წლის გაზაფხულში შემუშავებული იქნა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველჰყოფს ჰეპატიტი С-ს დიაგნოსტიკა–მკურნალობა–პრევენციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პატიმრისთვის.

 

პროგრამა ფარავს წელიწადში 12 ათასი ადამიანის გამოკვლევას ვირუსზე, ხუთი ათასი ადამიანის ვაქცინაციას ჰეპატიტ B-ზე, სამი ათასი ადამიანის გამოკვლევას სრული პაკეტით და წელიწადში ხუთასი ადამიანის მკურნალობას. პროგრამამ, რომელიც  მართლაც კარგად აწყობილი და სწორ გათვლებზე დაფუძნებული გამოვიდა, მიიღო სერიოზული  მხარდაჭერა და ზაფხულშივე იქნა დამტკიცებული. ცხადია, შესაბამისი თანხებიც გამოიყო. ეს იყო მართლაც ისტორიული მომენტი: საერთაშორისო სამართლის მიერ ციხეში ჰეპატიტის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის შეზღუდვა წამებას იქნა გატოლებული.  

 

ჰეპატიტით დაავადებულმა რამდენიმე პატიმარმა ევროსასამართლოში იჩივლა და პროცესი მოიგო. მკურნალობის უფლების მოსაპოვებლად მათ რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესი დასჭირდათ. ამდენად, ეს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ადამიანთა უფლების პრობლემაცაა.  სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობას მიიღებს ყველა ის პაციენტი, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმებით სჭირდებათ მკურნალობა. ხოლო სპეციალური კრიტერიუმები გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა სპეციალურად ჩაიდინოს დანაშაული, რათა მოხვდეს სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩაჯდეს პროგრამაში.

 

გადაწყვეტილებას პატიმრების პროგრამაში ჩასმის შესახებ იღებს კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენი უწყების  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით, რომელიც აგრეთვე ექიმებითაც არის დაკომპლექტებული.

 

მკურნალობის ხელმისაწვდომობის შვება სამოქალაქო სექტორს როდისღა შეეხება? იურიდიულად თუ არა, თვისობრივად მაინც მკურნალობის მიუწვდომლობა აქაც წამებაა..


– მკურნალობის ხელმისაწვდომობის სამოქალაქო სექტორზე განსავრცობად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.  სასჯელაღსრულების სისტემისთვის გათვალისწინებული პროგრამის დამტკიცება ამ მიმართულებითაც სერიოზული ბიძგი გახდა.  შარშან ერთ ფლაკონ ინტერფერონში მოქალაქეს დაახლოებით 260 დოლარი უნდა გადაეხადა. ერთი კურსისთვის საჭიროა მინიმუმ – 24, მაქსიმუმ კი  – 48 ფლაკონი. სწორედ ეს განაპირობებდა მკურნალობის მაღალ ფასს.

 

ჩვენ დავიწყეთ პრინციპული მოლაპარაკება გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებთან „მერკთან“ და „როშთან“, რომ  ისინი ფასების მნიშვნელოვად დაწევაზე დაგვეყოლიებინა. ამ პროცესში ჩართული იყო ოთხი მინისტრი: ბატონი სერგეენკო,ბატონი სუბარი, ბატონი ხადური და ბატონი კვირიკაშვილი. გადამწყვეტი როლი პრემიერ–მინისტრებმა, ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა ითამაშეს. ჩვენ ასევე ზურგს გვიმაგრებდა სამოქალაქო სექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია: ეს კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ინტერფერონს სხვადასხვა ფასად ყიდდნენ. აგრეთვე გვქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტები: საქართველო არის ბევრად უფრო მოკრძალებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ვიდრე, მაგალითად, ბრაზილია, ან ეგვიპტე, სადაც პრეპარატი უფრო იაფად იყიდება.  თუკი შესაძლებელი გაიაფება მსოფლიოს სხვა წერტილში, რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? მაღალი ფასი ხომ  ადამიანს  გადარჩენის შანსის გარეშე ტოვებს!

 

თავად კომპანიები რაზე დაყრდნობით ადებენ ფასს პრეპარატს?


– მათ თქვეს, რომ ფასი სხვადასხვა ქვეყანაში დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე; ანუ თუ საქართველოში იქნებოდა, ვთქვათ, ათი, ან ოცი ათასი პაციენტი, მაშინ სულ სხვა ფასზე წავიდოდა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი არგუმენტი  აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მთავრობა იწყებდა ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შექმნას და დაფინანსებას. ორ წელიწადში მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში ათასი პაციენტის მკურნალობა დაიგეგმა.  

 

სამოქალაქო სექტორში მკურნალობას საჭიროებს ათასობით  პაციენტი, რომელიც აქამდე მაღალი ფასის გამო ვერ ყიდულობდა  წამალს. ამ მოლაპარაკების შედეგად მთავრობამ გამოაცხადა კონკურენტული ტენდერი, რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო 60%-იანი ფასდაკლება მედიკამენტზე და ერთი ფლაკონი პეგილირებული ინტერფერონის ფასი 260$-დან 93$-მდე შემცირდა. თამამად შემიძლია ვთქვა: ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული პროცესი, რომლითაც ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორმა საქართველოს მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოუტანეს.

 

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ სატენდერო პირობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჩადო:  სასჯელაღსრულების სისტემისთვის მიღებული ფასი უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო სექტორის 10 ათას პაციენტზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში; ინტერფერონზე სახელმწიფო შესყიდვის ფასს  სამოქალაქო სექტორში ფასის ვარდნაზე გავლენა არასოდეს მოუხდენია. ბატონმა სერგეენკომ ერთ–ერთ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ რეფორმით საქართველომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთა. წარმოიდგინეთ, ათი ათას მოქალაქეს რომ პრეპარატი ძველი ფასით შეეძინა, სწორედ ამდენით მეტი უნდა გადაეხადა.

 

რამდენად გასწვდება ათი ათასი ადამიანის მკურნალობის პროგრამა ყველა სავარაუდო პაციენტს?


– ბოლო 5–7 წლის განმავლობაში საქართველოში ჰეპატიტის წინააღმდეგ წელიწადში მხოლოდ 300- 400 პაციენტი ახერხებდა თვითდაფინანსებით მკურნალობას. დღეს კი, როდესაც მოქალაქეებისათვის  60%–იან ფასდაკლებას მივაღწიეთ, მკურნალობის საშუალება წელიწადში 5 ათას მოქალაქეს გაუჩნდა.

 

– წინა წლებში დაბალი მომართვიანობა შემოწმებისა და მკურნალობის მაღალი ფასებით იყო განპირობებული. თანაც ბოლო ეპიდემიოლოგიური კვლევა 7–8 წლის წინ ჩატარდა, ამდენად, რეალური სტატისტიკა, შესაძლოა, უფრო მწვავეც იყოს. არსებობს თუ არა რაიმე სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი სამოქალაქო სექტორში მსურველი დაგეგმილზე მეტი აღმოჩნდა?


– დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში 10 ათასიანი ქვოტა სავსებით საკმარისი იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ციფრები. პირველი თებერვლიდან დაიწყო სამოქალაქო პაციენტების რეგისტრაცია. ამ ეტაპზე 60%-იანი ფასდაკლება ნიშნავს რომ მთავრობამ მართებული კურსი აირჩია. უპრეცედენტო ფასდაკლებამ აქ ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. პირველივე კვირაში 60%–იანი ფასდაკლების მოთხოვნაზე ოთხასი განცხადება დარეგისტრირდა.

 

ექვსასამდე ადამიანმა სამინისტროს ცხელ ხაზს მიმართა და ამ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა. მომართვიანობის დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველ წელს ხუთი ათასიანი ქვოტა საკმარისი იქნება. თუკი რეგისტრირებულ პაციენტთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა, მთავრობა  შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.  ცხადია,  იმის გამო, რომ პრობლემა გაცილებით დიდი მასშტაბისაა,  სახელმწიფო პროგრამის ინიცირებას აქ მეტი დრო და დაფინანსება დასჭირდება.

 

 

*პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა“ ფარგლებში. შემსრულებლები: არასამთავრობო ორგანიზაციები „ჰეპა +“ და „ახალი ვექტორი“. დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED