ფოთისა და ბათუმის ნავთობტერმინალებს "როსნეფტი" ყიდულობს?

2014.03.03 ავტორი: TS

TSpress-ის მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით, ფოთის ნავთობტერმინალ "ჩენელ ენერჯისა" და ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ამჟამად ყაზახური კომპანიის ხელშია, რუსული კომპანია "როსნეფტი" ყიდულობს. წყაროს ცნობით, ობიექტების ღირებულების 50 % კომპანიას უკვე გადახდილი აქვს, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდას სადავო საქმეების მოგვარების შემდეგ გეგმავს.

 

როგორც ცნობილია, "ჩენელ ენერჯის" ყოფილი მესაკუთრე თამაზ ნიჟარაძე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივის და კომპანიის დაბრუნებას ითხოვს. ნიჟარაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე TSpress-თან საუბარში აცხადებს, რომ "ჩენელ ენერჯის" "როსნეფტზე" გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათაც სმენიათ, მაგრამ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.

  

სააგენტო "პირველის" მიერ გამოაქვეყნებული სქემის მიხედვით, დავით კეზერაშვილს ახლაც აქვს კავშირი არა მარტო ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ, არამედ საქართველოში მოქმედ საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის, "ჩენელ ენერჯისთან".

 

სტატიაში აუდიტორული კომპანია “დელოიტის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია კეზერაშვილის მიერ ოფშორში, კერძოდ, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Future products company”-ის სოლიდურ შემოსავლებზე. კომპანიის კვლევის მიხედვით, საქართველოში “Future products company”-ის სხვა შვილობილი კომპანიებიც საქმიანობენ. შპს “ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ საქართველო” მრავალრიცხოვანი შვილობილი კომპანიებიდან ერთ-ერთია. 


"საერთაშორისო "გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ, რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2013 წლის არჩევნების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს „ჩენელ ენერჯი“ (ფოთი) (იმართება გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), დავით იაკობაშვილმა შეიძინა.

 

TSpress-ი შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ხელთ არსებულ ნომერზე არ პასუხობს.

 

ბათუმის „ნავთობტერმინალის" მფლობელი კი 2008 წლიდან, ყაზახეთის ნაციონალური კომპანია „KazMunayGas"-ის შვილობილი კომპანია სს „ყაზტრანსოილი".

 

როგორც ცნობილია, რუსული ნავთობ-კომპანია "როსნეფტი" შავი ზღვის შელფის ათვისებითაა დაინტერესებული, რაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირი მონაკვეთადაა მიჩნეული,სწორედ ამიტომ ექსპერტები ხშირად "როსნეფტის" პოლიტიკური ინტერესების დომინირებაზე საუბრობენ. 

  

2009 წლიდან, "როსნეფტი" აფხაზეთის აკვატორიაში გააქტიურდა და მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან საძიებო სამუშაოების დაწყების ნებართვაც მიიღო.

 

"როსნეფტის" ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციით, რესურსების მარაგის წინასწარი შეფასება დაახლოებით 270 მილიონი ტონაა. სხვადასხვა მონაცემებით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება, აქედან - 28-ის ბულგარეთის, 82-ის რუმინეთის, 20-ის თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

 

2 წლის წინ, "როსნეფტმა" იტალიურ კონცერნ Eni-სთან და ამერიკულ ExxonMobil–თან, ბარენცისა და შავი ზღვის ერთობლივი ათვისების შესახებ სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა. Eni-სთან ხელმოწერა მმართველობის ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით გაფორმდა, რაც ბარენცის ზღვის სამხრეთ და ცენტრალური მონაკვეთისა და შავი ზღვის დასავლეთის ნაწილში არსებული შელფების ათვისებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების გასაჯაროვებულ ნაწილში, საქართველოს მონაწილეობასა და ინტერესებზე არაფერია ნათქვამი. 

 

კომპანია "როსნეფტი" რუსული ნავთობმომპოვებელი დარგის ერთ-ერთი ლიდერია და რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიათა ნუსხაში შედის. კომპანიის მთავარი აქციონერი (75,16%-ის მფლობელი) 100%-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი "როსნეფტგაზია", მხოლოდ 15%-მდე აქციებია კერძო.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED