ფოთის საკრებულო მეოთხე ვიცე-მერის შემოღების საკითხს არ განიხილავს

2014.02.11 ავტორი: TS

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, ფოთის საკრებულო მეოთხე ვიცე-მერის შემოღების საკითხს არ განიხილავს. მისი თქმით, ფოთის მერიიდან იყო მსგავსი შინაარსის დადგენილების პროექტი შესული, რაზეც იმსჯელეს, მაგრამ მისი განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ბაბილუა მიიჩნევს, რომ მსგავსი შტატის დამატების საჭიროება არ დგას.

 

"მერიიდან იყო ინიციატივა ინფრასტრუქტურის საკითხებში მოადგილე დაგვემატებინა, მაგრამ მსჯელობისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საკრებულომ საკითხი აღარ განიხილოს, "- განაცხადა TSpress-თან საუბარში ბაბილუამ.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, მის ნაცვლად "ქართული ოცნების"ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას ფავორიტის, ირაკლი კაკულიას დანიშვნის შესახებ.

 

პროცედურულად, ის ჯერ მერის მოადგილედ უნდა დანიშნულიყო, რისი ორი გზა არსებობდა: ან ერთ-ერთ ვიცე-მერს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, ან დამატებოდა მეოთხე ვიცე-მერის შტატი, რის შემდეგაც ის მერის მოვალეობას შესრულებასაც შეუთავსებდა. რადგან მერის არც ერთ მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებია, რჩებოდა შტატის დამატება, რომლის განხილვაზე დღეს ფოთელმა თვითმმართველებმა უარი თქვეს. ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადების პროცედურები, მოახლოებული არჩევნების გამო, აზრს კარგავდა. ფოთის მერიაში ამჟამად მერის სამი მოადგილე საქმიანობს: დავით ხომერიკი, ლაშა კუპრეიშვილი და ვასილ თოდუა(მერის მოვალეობის შემსრულებელი).

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერად დავით სარსანია გასული წლის იანვარში, ასევე ბესელიას მხარდაჭერით დაინიშნა. მიმდინარე წლის 16 იანვარს, მან ოფიციალურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ გადაყვანის მიზეზით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. საკრებულომ მერს განცხადება 22 იანვარს დაუკმაყოფილა.

 

მერის გადადგომის რეალურ მიზეზად, მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირება დასახელდა. მერის მოვალეობას ამჟამად ვასილ თოდუა ასრულებს, რომელიც მანამდე მერის მოადგილე იყო.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერის "გადადგომის" რეალური მიზეზები


ფოთის საკრებულომ მერს გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა 

 

ფოთის მერის გადადგომის შესახებ განცხადების განხილვა "ნაციონალებმა" ჩაშალეს

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED