"მოქალაქის" მედიაშტურმი

2014.02.10 ავტორი: ელისო ჯანაშია

ოპოზიციაში ყოფნისას, მედიის მიერ ხელისუფლების ნაკლები კრიტიკის გამო პრეტენზიების მქონე ბიძინა ივანიშვილი, ახლა თავად ითხოვს - არ აკრიტიკონ ხელისუფლება. ხელისუფლებაში ყოფნისას სააკაშვილსაც იგივე მოთხოვნა ჰქონდა. როლები შეიცვალა, ხელისუფალთა მიდგომები კი იგივე დარჩა.

"მარტო კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები... იქ წესიერი ხალხია"..-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოეტ დავით მაღრაძის გადაცემაში, რომლებიც უნისონში იმეორებდნენ გადაცემის მსვლელობისას კრიტიკის არსის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს და თანხმდებოდნენ, რომ თითქოს დღეს "კრიტიკა მონოპოლიზებულია" და ცარიელი კრიტიკა არ ვარგა.

 

"კონტროლი არ ნიშნავს მარტო კრიტიკას. თუ გააკონტროლე და დაინახე რომ კარგია, უნდა თქვა, რომ ეს კარგია და კარგად გააკეთა. ცუდია? -ცუდია! აი, ეს არის კონტორლი და არა ცარიელი კრიტიკა..."- ასე განასხვავა ივანიშვილმა კრიტიკის ფორმები.

 

ხელისუფლებას მედია რომ უშლის საქმის კეთებას, მსგავსი სუბიექტური შეგრძნებები განსაკუთრებულად ტოტალიტარული ქვეყნების ავტორიტარ მმართველებს ახასიათებთ და აბეზარი ჟურნალისტებისაგან მათი თავდაცვითი ფორმა, მუდამ თავდასხმაა.

 

ერთი მხრივ,ივანიშვილი აცხადებს, რომ კრიტიკა საჭიროა, მეორე მხრივ, არც ერთ კონკრეტულ სამართლიან კრიტიკაზე, კონკრეტულად არასოდეს პასუხობს. "არ ვიცი", "ამას ჩავინიშნავ და მერე გიპასუხებთ","არ ვარ მომზადებული ამისათვის","ციფრები არ წამომიღია" ან პირდაპირ ეპაექრება მისთვის არასასურველი კითხვის დამსმელს ფაქტების არსებობის დროსაც კი, რაც კრიტიკის უსაფუძვლობასა და არაპროფესიონალიზმში დადანაშაულებაში გამოიხატება.

 

პრემიერობისას, მისი მთავრობის მიერ ჩადენილ რამდენიმე კანონდარღვევის ფაქტზე, რაზეც ჟურნალისტებმა საჯაროდ კითხეს, უპასუხა, რომ ეს მან შს მინისტრ ღარიბაშვილთან გადაამოწმა, ტყუილი აღმოჩნდა. მისი ამ პასუხიდან ჩანს, რომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებზე მეტად დამაჯერებელი, ღარიბაშვილის ან სხვა სანდო თანაგუნდელის "სეფე-სიტყვაა". ღარიბაშვილი რომ მისგან სრულად დაცული და კარტბლანშირებულია, მის მიერ თელიას ფაქტზე გაკეთებული განცხადებიდანაც დასტურდება, როცა ივანიშვილმა აღნიშნულ ფაქტს გადაცდომა უწოდა, მაგრამ ინციდენტში მონაწილე თელიას "მუნდირის დამცველად" მომხსენიებელ ღარიბაშვილზე, სიტყვა არ დაუძრავს. არადა, კრიტიკას ამ დროს სწორედ იმჟამინდელი შს მინისტრი ღარიბაშვილი იმსახურებდა.

 

ისევე როგორც სხვის გაკრიტიკებას, მის მიღებასაც, ალბათ სერიოზული კვალიფიკაცია სჭირდება, რაც ზოგადად ხელისუფლებებს ნაკლებად აქვთ. შევარდნაძის მთავრობა კრიტიკოს ჟურნალისტებს ნაციონალების მხარდაჭერას აბრალებდნენ. ნაციონალები "ოპოზიციონრობას", ან რუსეთის აგენტობას, ახლა კი არასასურველ ჟურნალისტთათვის "ნაციონალის" იარლიყი მზადაა, რაც მათზე ზეწოლის თუ ზემოქმედების ახლებურ ფორმადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.  

 

როგორც ექსპერტები ამბობენ, კრიტიკის მიღებისას, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსმენა და არა თავდაცვაზე გადასვლა. მათივე განმარტებით, არ უნდა ჩათვალო, რომ კრიტიკოსი მართალია, მაგრამ უნდა ეცადო გააანალიზო და მიიღო შენთვის ღირებული ინფორმაცია.

 

არავინ დავობს ალბათ დღეს საქართველოში, რომ მედია ხშირად სცოდავს და ამას ერთადერთი ახსნა აქვს - არაპროფესიონალიზმი. თუმცა, ეს მუდმივი საჯარო პრეტენზიებიც ისეთივე  მცდარია, როგორც ის მოსაზრება, რომ ყველა მედიასაშუალება ერთნაირად ტყუის.  

 

სააკაშვილის ხელისუფლება თავისუფალ მედიას ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდით უპირისპირდებოდა - ინფორმაციის დაბლოკვა, კომენტარზე უარი, ბიზნესისათვის პირდაპირი მითითება ან დაშინება, რომ მისთვის არასასურველ მედიაში რეკლამა არ დაეკვეთათ, პირდაპირი ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და ა.შ.

 

ივანიშვილის საჯარო განცხადებები სწორედ არსებულ ტენდენციის გაგრძელებას კარგ საფუძველს აძლევს და მისი განცხადებებით წახალისებული ჩინოვნიკები, ნამდვილ კრიტიკასაც "ჭორს" და "მოგონილს" უწოდებენ, რათა ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიცილონ.

 

თუ ხელისუფლებას საფუძვლიანად მიაჩნია, რომ რომელიმე მედია ცრუობს, ამ ცრუ ინფორმაციის გაბათილება, მას უამრავი მეთოდით შეუძლია. მედიის მიერ აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებში წერია, რომ "კრიტიკის ობიექტს უფლება აქვს, საზოგადოებას ამცნოს საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან", არსებობს ასევე სასამართლო, უფლებადამცველი ორგანიზაციები და ა.შ. რასაც ხელისუფლება თითქმის არასოდეს მიმართავს და ეს იგნორი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მას სინამდვილის დასაფარად აწყობს. ამით კი რეალური ზიანი სწორედ დამოუკიდებელ მედიას ადგება, ამიტომ ივანიშვილის განაცხადი, რომ ის ეხმარება თავისუფალ მედიას, რეალობას არ ასახავს.

 

ის რომ რეალურად მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნავდეს, მედიის მიმართ პრეტენზიების ქონასთან ერთად, აუცილებლად ექნებოდა პრეტენზია საკუთარ ხელისუფლებასთან და თვეში სამჯერპრემიამიღებულ და მაღალხელფასიანი ფიარსამსახურებთანაც, რომელთა პროფესიონალიზმის შემთხვევაში, ივანიშვილს და მის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული საქმეების ჩამონათვალის საზოგადოებისთვის მიწოდების დეფიციტის განცდა. მედიაში გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა და ნებისმიერი მსგავსი არსწორი ინფორმაციის გაბათილება, მათი ისეთივე მოვალეობაა, როგორც ჟურნალისტისთვის გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება.  

 

მედიამ კი სწორედაც ის კითხვები უნდა დასვას, და აჩვენოს ამჟამინდელი რეალობა, თუ:

 

* როგორ  ირღვევა ადამიანის უფლებები

*როგორი დახურულია მთავრობა

*როგორ ერევიან მაჟორიტარები ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში

*როგორ ვერ პოულობენ ადამიანები სამართალს და როგორი ხარვეზებია სამართალდამცავ სისტემაში

* როგორი არაპროპორციიულია მინისტრების ხელფასები და პრემიები ამჟამინდელ საარსებო მინიმუმთან, რომელიც მართალია წინა ხელისუფლებამ დააწესა, მაგრამ უკეთესობისკენ არ შეცვლილა

* როგორ ვერ იღებენ ადამიანები ხარისხიან და სრულფასოვან ჯანდაცვას და კვდებიან

* როგორ იქმნება  გაურკვეველი ფონდები, რომლითაც თქვენი მხარდაჭერით გატუტუცებული პოლიტიკოსები, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რასაც ნაციონალების დროსაც ვაკრიტიკებდით

* როგორ აფუძნებენ ასევე თქვენი მხარდაჭერით გატუტუცებული მაჟორიტარები უტიფრად დამოუკიდებელი მედიის კონკურენტ მედიასაშუალებებს და ეწევიან მათთვის არასასურველთა დისკრედიტაციას.

*როგორ ბლოკავენ ინფორმაციას და სჯიან ჟურნალისტებს არასასურველი კითხვების დასმის გამო

* როგორ აკავებენ დღესაც ადამიანებს შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი მეთოდებით

*როგორი ვერ იხვეწება ბევრი უსამართლო კანონი

*როგორ გარბიან დღესაც ლუკმა-პურის საშოვნელად უცხო ქვეყნებში

*როგორ საქმდებიან არაპროფესიონალი კადრები მხოლოდ ნეპოტიზმის ნიშნით

*როგორ იქმნიან მერე ხალხის ფულით ფუფუნებას და როგორ აღარ ადარდებთ ხალხის გასაჭირი

*როგორ იქმნებიან სახელისუფლებო კლანები და ა.შ. აღარ შევეხები იმ უტოპიურ წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც სამწუხაროდ ბევრმა დაიჯერა.

 

ამ ყველაფერს კი სწორედ ხელისუფლებაში მათი მომყვანის უპირობო მხარდაჭერის გამო ბედავენ და მოსახლეობასთან კი თავს ანგარიშვალდებულად სულაც არ გრძნობენ, რაც სულაც არაა, თუნდაც მატყუარა მედიის ბრალი. 

 

მედიის პირდაპირი მოვალეობა სწორედ ისეთი კითხვების დასმაა, რაც ხელისუფლებას არ მოწონს, მაგრამ საზოგადოებაში ჩნდება, თუნდაც ოპონენტების მოსაზრებას ემთხვეოდეს და მსგავსი დამთხვევა ხშირად არსებობს. მაგრამ მედიას ამისათვის არც ტუქსავენ, არც "სწორ" კითხვას მიუთითებენ, არც მსგავსი კითხვების დასმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, არც რადგან ოპონენტთა მხარდამჭერობით ამუნათებენ, უბრალოდ, პასუხობენ. ხელისუფლებაც ბოლოსდაბოლოს უნდა დარწმუნდეს, რომ "ნაციონალების" 9-წლიანი ბექგრაუნდი ახალი ხელისუფლების შეცდომებსა თუ კანონდარღვევებს არ აბათილებს.

  

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED