კიდევ ერთხელ მიჯირყვნილი მედია და მოქალაქე ივანიშვილი

2014.02.04 ავტორი: ელისო ჯანაშია

პასუხებს სცემდა როგორც პრემიერი და ჟურნალისტებიც კითხვებს უსვამდნენ, როგორც ხელისუფალს. ერთადერთი, რამაც ის განასხვავა პოლიტიკოსისგან იყო ეკლესიასთან დაკავშირებით გაცემული პასუხი. სხვა შემთხვევაში, არასამთავრობოელი ივანიშვილი, უწინდებურად საუბრობდა კონკრეტიკის გარეშე, აქებდა ხელისუფლებას, მადლობას უხდიდა ამჟამინდელ პრემიერს, აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, ხშირად მთავრობის ნაცვლად პირველ პირში საუბრობდა, პასუხისმგებლობას აკისრებდა საზოგადოებას და ჯირყვნიდა (თუ ჭირხვნიდა) მედიას, რაც აშკარად შორს იყო არასამთავრობოს ფუნქციისა და დანიშნულებისგან.

 

"თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ"... "კეთილი ინებეთ და კორექტული იყავით"..."არ მაშინებს თქვენი სიტყვები".... "სანამ გექნებათ შეცდომები, მანამდე გაგისწორებთ"... "არც ერთ თქვენგანს მსგავსი კითხვა არ აღგძვრიათ"... "თქვენ ჟურნალისტებს ნუ გგონიათ, რომ რასაც გინდათ გაისვრით და მე უნდა მოვძებნო თქვენი გასროლილი სად წავიდა. უფრო გასაგები უნდა იყოს კითხვა!".. "თქვენ გაქვთ ეკონომიკური ცოდნა? "...- მსგავსი მიმართვებით, საკმაოდ აღელვებული აწყვეტინებდა ის ჟურნალისტებს არასასურველ კითხვებს. დამატებით დასმულ მწვავე კითხვებს, მისი მხარდამჭერ ჟურნალისტთა (რომლებიც დარბაზში უხვად იყვნენ) რეპლიკებით ხსნიდა და კითხვის დამსმელთ ეთიკის დაცვისკენ მოუწოდებდა.

 

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ორგანიზაციის კონკრეტული მისია, ხედვები, მიზნები და ამოცანები საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. მან მისთვის დამახასიათებელი განზოგადებით, პრაქტიკულად მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე ისაუბრა: "ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა" - ასე დაიწყო მან პრეზენტაცია.

 

ანალიტიკოსების მომზადება, მედიის ობიექტურობის კვლევა და ეკონომიკა - ეს იყო ყველაზე კონკრეტული რამ, რაც მან უშუალოდ ორგანიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მან ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ახსენა ტრენინგები, სავარაუდოდ უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ხოლო ეკონომიკის პროექტებს, მისივე თქმით, თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებს. მას არ განუმარტავს, რატომ ვერ შეძლებდა ის ამ ყველაფრის გაკეთებას ხელისუფლებაში ყოფნისას და რა უპირატესობა აქვს მის ამჟამინდელ პოზიციას. 

 

„მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი პოლიტიკაში ყოფნის დროსაც და ახლაც ვაგრძელებთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები, რაც გადამზადებას მოითხოვს." რას აკეთებდა ან რას გააკეთებს უკვე არასამთავრობოელი ივანიშვილი, მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი სურვილია, საქართველოში არსებობდნენ "მაღალი პროფესიონალიზმის მქონე დასაქმებული ადამიანები."

 

მისი თქმით, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქე" საზოგადოებას დაეხმარება ხელისუფლების დაქირავნების უნარ-ჩვევების გაზრდასა და დაჩქარებაში" ("ქირავნება", "დაქირავნობა", "დაქირავნება" მან რამდენჯერმე ახსენა), რადგან მისი სურვილია საზოგადოებისთვის, მის მიერ ხელისუფლების დაქირავებისა და შემდგომი კონტროლის სწავლება.

 

მესამე სექტორელი ივანიშვილის განცხადებით, ის ითანამშრომლებს იმ ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამომავლოდ მათთან ერთაც კოალიციის შექმნის სურვილიც აქვს, რომლებიც "მიმართული იქნებიან ევროპული სივრცისკენ". რას ნიშნავს და რა ნიშნები აქვს "ევროპული სივრცისკენ მიმართულობას" მას არ დაუკონკრეტებია. მას ასევე არაფერი უთქვამს, მისი იდეებისა თუ სურვილების განხორციელების კონკრეტულ გზებსა და მექანიზმებზე, არც იმაზე, აკმაყოფილებენ თუ არა არსებული ენჯეოები მის კრიტერიუმებს "ევროპული სივრცისკენ მიმართულობასთან" დაკავშირებით და აპირებს თუ არა არსებულ არასამთავრობოებთან მომავალ თანამშრომლობას?

 

ივანიშვილს მოსწონს, როცა მის დანატოვარ მთავრობას კრიტიკის მიღება და შეცდომის აღიარება შეუძლია. მაგალითისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევასთან დაკავშირებული თემა მოყავს, რაზეც, მისი თქმით, პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო: "უსუფაშვილი გამოვიდა და საკუთარი თავი დამნაშავედ გამოაცხადა. სად გაგიგიათ, წინა ხელისუფლებისგან ასეთი რაღაც?!" ბორდის აურჩევლობის ერთადერთ მიზეზად, მან პროცესის მოკლე დროში დაუსრულებლობა და არაინფორმირებულობა დაასახელა.

 

ივანიშვილს პრინციპულად არ მიაჩნია საარჩევნო ბარიერის პროცენტები და კახა კუკავა ნაციონალებზე უკეთესი არ ჰგონია. მისი ოპონენტების კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არასათანადოდ დასაბუთებულად მიაჩნია და თვლის, რომ "ნაციონალები პოლემიკის და კრიტიკის ხარისხს სწევენ დაბლა". მისი თქმით, მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. "ამიტომ მეტი იუმორი გამოვიყენოთ და გვეყოლება მეტი ნათელაშვილი" - ამბობს ის. 

 

ყველაზე მკაფიოდ და კონკრეტულად მან პატრიარქთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის განცხადებაზე სუროგაციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ არ ეთანხმება: "ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია."

 

მისი თქმით, "პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს, მან შესაძლოა თქვას რაღაც, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ და ეს ნორმალურია". მხოლოდ ეს პასუხი არ გავდა ეკლესიის 94%-იანი რეიტინგით შეპყრობილი ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას.

 

მისი აზრით, ჰუდონჰესის მშენებლობისგან ტრაგედიის დახატვა არ ღირს და გაგებით მოკიდება უნდა. "რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა იძულებით გთხოვენ შენი საცხოვრებლის დატოვებას, თუმცა ბევრი გადასახლებული ცხოვრობს ბედნიერად ახალ ადგილებში და დიდ ტრაგედიასაც ნუ დავხატავთ. რთულია, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ" - განაცხადა მან.

 

ის საქართველოს "ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან" ერთად, სხვა გაერთიანებაში ყოფნასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს: "ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ!"

 

არასამთავრობოელ ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი პირველი დანიშნულებას, წესით, ხელისუფლების ჯანსაღი ოპონირება უნდა იყოს, ხელისუფლების კრიტიკა ვერც ძვირადღირებული ჯიპების თუ გასამმაგებული პრემიების, ვერც ლარის კურსის ვარდნისა თუ პროკურატურის არაქმედითობის, ტრაქტორების თუ ფარცხალაძის საქმეების შეხსენებით ვერ წამოაცდენინეს.

 

ის სიყმაწვილით ამართლებდა მის მიერ დანიშნულ პროკურორ კბილაშვილს და ახლა უკვე კოლეგას, ოფისს და პარტნიორებს უწონებდა: „არჩილ კბილაშვილს ჰყავს ძალიან კარგი გუნდი. მე გახლდით მასთან ოფისში და საოცრად ევროპულად მოწყობილი. ჰყავს საოცარი პარტნიორები“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის ჯიპების საკითხზე საზოგადოებას აქტიურობასა და თემის ატაცებას უწონებდა, მაგრამ თავად მთავრობის კრიტიკისგან მაინც თავს იკავებდა და ჯიუტად დებდა პირობას, ხელისუფლების მიმართ მომავალში კრიტიკული იქნებოდა.

 

ივანიშვილმა მის მიერ დანატოვარ მთავრობას "ევროპული ტიპის ხელისუფლება" უწოდა და პრემიერით აღტაცება არ დამალა: "ირაკლი შემიძლია შევაქო. ისე უძღვება მთავრობას, რომ მეც გამაოცა". ამ სიტყვებმა კი ალბათ საბოლოოდ დაუსვა წერტილი, თუკი ვინმეს რჩებოდა დარბაზში მოლოდინი, რომ ივანიშვილი ჭეშმარიტი არასამთავრობოელი გახდა და ორგანიზაციაც მთავრობის ოპონირებისთვის შექმნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED