ფოთის მერი გადადგომას მაჟორიტართან დაპირისპირებას უკავშირებს

2014.01.20 ავტორი: TS

დღეს, საკრებულოს სხდომაზე, ფოთის მერის, დავით სარსანიას მიერ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება განიხილება. "ქართული ოცნების" ხელსიუფლებაში მოსვლის შემდეგ, დანიშნულმა ფოთის მერმა განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა. 

თუ საკრებულო განცხადებას დააკმაყოფილებს, მას ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადებამდე, დროებით მოვალეობის შემსრულებლის დასახელებაც მოუწევს.

 

"თუ გადაყენება უნდოდათ, ამ ერთი წლის წინ რაღაზე დაგვანიშნინეს? მე ხელს არ ავუწევ ამ გადაწყვეტილებას, თუკი აიღეს პასუხისმგებლობა, ბოლომდე მიიყვანონ" - აცხადებს საკრებულოს "ნაციონალი" წევრი დარეჯან ცხვიტარია. საკრებულოში ამჟამად ნაციონალების 5-წევრიანი ფრაქციაა. 

 

თავად მერი გადადგომის მიზეზად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ გადაყვანის შეთავაზებას ასახელებს. თუმცა, ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი გადადგომა ფოთის მაჟორიტართან დაპირისპირებას უკავშირდება, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე საუბრობს.

 

მერზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტი, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღიადაც განხორციელდა:"შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!.."- ამ სიტყვებითა და თითის ქნევით მიმართა ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ - ქალაქის მერს. 

 

შეგახსენებთ, რომ დავით სარსანია მერის პოსტზე, გასული წლის იანვარში დაინიშნა. ის მაჟორიტარ ეკა ბესელიას შტაბის წევრი და მასთან დაახლოებული პირი იყო. რამდენიმე თვეში, მათ შორის ღია დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც მაჟორიტარი საკუთარი "არჩევანით" უკმაყოფილებას არ მალავდა და მისი მხრიდან მერის მისამართით მუდმივად გაისმოდა სხვადასხვა ბრალდებები. მერი კი მაჟორიტარს თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა.

 

დაპირისპირება ბოლოს მერის მიერ გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადებით დასრულდა.

 

დავით სარსანია "ეროვნული ფორუმის" წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომა ამ ეტაპზე მას საკუთარი პარტიის ლიდერებმაც ურჩიეს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED