ეკა ბესელია - მგონია, რომ ქვეტექსტით პატრიარქს ასწავლიან, რა უნდა თქვას...

2014.01.09 ავტორი: TS

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

„ვფიქრობ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საჯარო დისკუსიის დროს.

 

გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ გამიჩდა განცდა, რომ ჩვენ ვტკენთ გულს პატრიარქს დაუმსახურებლად... პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. მოვისმინე ისეთი კომენტარებიც კი, რომ თურმე პატრიარქი სიძულვილს ქადაგებს, არ უყვარს ეს ბავშვები, არ აღიარებს მათ, შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ.

 

პატრიარქმა ისაუბრა სუროგაციის მეთოდზე - ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ოჯახის ტრდაციებზე-ასევე ქრისტიანული სწავლების მიხედვით და ა.შ. მას არ უთქვამს, რომ შევლახოთ უფლებები ამ ბავშვების ან არ გვიყვარდეს, არ მივიღოთ ისინი და ხელი ვკრათ დაუმორჩილებელ ცოლებს...

 

პატრიარქი არ არის კანონმდებელი. იგი ეკლესიიის წინამძღოლია და ქრისტიანული დოგმებით და სჯულის კანონით საუბრობს. ვისაც ეს არ მოწონს, არ იღებს ამ წესს, ვინც იზიარებს, იღებს. თავს არ გვახვევს, მაგრამ გვინდა, რომ მას ავუკრძალოთ, რაც მართლმადიდებელი რელიგიით არის მიუღებელი ამაზე ისაუბროს?

 

ჩვენ კანონმდებლები ვართ და ჩვენ გადავწყვეტთ ყველაზე მაღალი სტანდარტით ადამიანის უფლებების კუთხით რა არის მისაღები.

 

მგონია, რომ ქვეტექსტით პატრიარქს ასწავლიან, რა უნდა თქვას... ზოგჯერ მისი გამოხატვის თავისუფლებასაც ეხებიან და შემდეგ ბნელსაც უწოდებენ ის ადამიანები, ვის სულში და თვალებში ნაკლებად ჩანს სინათლე... სიყვარული...

 

მომიტევეთ ამ გულახდილობისთვის, მაგრამ ჩემი გამოხატვის თავისუფლების და ხედვის სივრცეში ასე ჩანს ეს დებატები.

 

ნეტა, შევძლოთ ისეთი მიმტევებლობა, ისეთი სიყვარულით და სიკეთით ერთი დღე ცხოვრება, როგორც ეს პატრიარქმა შეძლო.

 

ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი გახდა და ტრეფიკინგის წყარო... თუმცა, ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს, მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი, როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები...

 

ბავშვი ბავშვია და ყველა გასაფრთხილებელია.

 

2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად იქნებ ყველამ ერთად გამოვაცხადოთ“, – წერს ეკა ბესელია.

 

მისივე თქმით, ბავშვთა უფლებების და მდგომარეობის კუთხით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. 77 000–ზე მეტი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 200 000–ზე მეტი სიღარიბის ზღვარზე, გარდაცვალების ფაქტებით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.

 

მისივე თქმით, ამ გარემოებების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ, საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვების დაბადების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ისინი პრობლემატურნი იქნებიან, რადგან „მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED