ციხის მაყურებელთა გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა - ინტერვიუ სოზარ სუბართან

2014.01.09 ავტორი: ელისო ჯანაშია

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი 14 თვეა, რაც ამ თანამდებობაზეა. მას მიაჩნია, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო და ბევრსაც გეგმავს. მისი განცხადებით, 24 500 პატიმრიდან, მისი მინისტრობის პერიოდში, 10 ათასამდე ჩამოვიდა. ის მიღწევებზეც და ხარვეზებზეც საუბრობს. მინისტრი ამ დროისათვის კვლავ მოუგვარებელ პრობლემად ციხეების ინფრასტრუქტურას ასახელებს, თუმცა, მისივე თქმით, ზოგან ევროპული სტანდარტის შესაბამისად რემონტდება, ზოგან კი შენდება. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, "ჭორს" უწოდებს.  TSpress-ი გთავაზობთ ინტერვიუს სოზარ სუბართან:

- როგორ შეაფასებთ მინისტრობის პერიოდს?

 

- როცა ეს სფერო ჩავიბარე, არაფერი არსებობდა და კორუფცია იყო  გამჯდარი ნებისმიერი თანამშრომლის დონეზე. იყო დაბალი ხელფასები, აბსოლუტურად მოშლილი და კატასტროფული ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა ნულზე დაბლა, წლების მანძილზე, უმკურნალებელი, ნაწამები და სტრესში მყოფი ადამიანები... ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, ამიტომ ეს ერთი წელი მოვანდომეთ ამ დაგროვილი პრობლემების ოდნავ მაინც განეიტრალებას. ჩემი ერთი თანამშრომელი აქაურობას ბრძოლის შემდგომ სიტუაციას ადარებდა: გვეგონა მოვედით რეფორმების საკეთებლად და აღმოვჩნდით ბრძოლის ველზე, რომელიც სავსეა დაჭრილებით და დახოცილებით და ეს დრო მათი გაყვანას დასჭირდაო. მიუხედავად ამისა, მაინც სერიოზული რეფორმა გავატარეთ. ამნისტიის და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის ამოქმედების გამო, პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა, რამაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა ინფრასტრუქტურის კუთხით. ევროპული სტანდარტით 1500 კაცზე განსაზღვრულ ციხეში, 4 ათასამდე პატიმარი იყო, ჩადგმული ქონდათ 3-4 სართულიანი იმდენი საწოლი, რამდენიც დაეტია. ამ პრობლემის ნაწილი ამნისტიამ მოგვიგვარა, განთავისუფლდა 8 ათასი ადამიანი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ - 2,5 ათასი. ჩვენამდე შექმნილმა ამ კომისიამ კი 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ 800-მდე პატიმარი გაანთავისუფლა.

 

-უკან მობრუნებულების რიცხვი რამდენია, ხშირადაა პრეტენზია ამ ადამიანების მიერ ხელახლა ჩადენილ დანაშაულზე.

 

- ევროპასა და ამერიკაში, სტატისტიკით ციხეში მოხვედრილთა 60% ერთი და იგივე ადამიანია. გათავისუფლებულთა 40-დან 70%-მდე, 1-დან 3 წელიწადში, ისევ ციხეში ბრუნდება. ჩვენთან ამ მხრივ სტატისტიკა არის კარგი. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების დროებითი კომისიისა და ამნისტიით გათავისუფლებულების დაახლოებით 5-5 %, ხოლო პრეზიდენტის მიერ ამავე დროს შეწყალებული პატიმრების 10% არის შებრუნებული.

 

- ხშირად არის კრიტიკა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებისა და კომისიების მისამართით, რომ ისინი არაობიექტური კრიტერიუმებით იღებენ გადაწყვეტილებებს.

 

-  ჩვენ შევცვალეთ ბალანსი და მსგავს საბჭოებისა და კომისიების უმრავლესობაში არასამთავრობოების წარმომადგენელია. აქ არიან სრულიად თავისუფალი და ერთმანეთთან შეუთამაშებელი ადამიანები, ასე რომ, ეს კრიტიკა სრულიად არაადექვატურია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარეთ ასეთი ექსპერიმენტი: ერთ-ერთ სემინარზე, დაახლოებით 30 ჟურნალისტს ვთხოვეთ დაყოფილიყვნენ 5-კაციან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივეცით 6-6 საქმე, საიდანაც 3 კომისიის მიერ უკვე გათავისუფლებული იყო. ჟურნალისტებს უნდა განეხილათ მათი საქმეები და პირობითად მიეღოთ გადაწყვეტილებები შეწყალების შესახებ. შედეგი იყო ასეთი: მათ არც ერთი მათგანი არ "გაათავისუფლეს", რომელთა გათავისუფლებაზე კომისიას უარი ჰქონდა ნათქვამი და, უფრო მეტიც, კომისიის მიერ განთავისუფლებულთაგან, რამდენიმეს განთავისუფლებაზეც უარი თქვეს.

 

- ხშირად არის პრეტენზია იმაზეც, რომ კანონით პატიმარს ეკუთვნის განთავისუფლება და არ ანთავისუფლებენ.

 

- ყოველი პატიმრის განთავისუფლებისას, გასათვალისწინებელია დაზარალებული, საზოგადოება და მათი ინტერესები... რადგან ფორმალურად კანონით ეხება, ეს არ ნიშნავს იმავე დღეს განთავისუფლებას. ხშირად მიწევს არასამთავრობოებთან და ადვოკატებთან ამის ახსნა, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კანონი გვაძლევს გარკვეული ვადის მერე გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით განთავისუფლების უფლებას, მაგრამ კომისიამ უნდა გაითვალისწინოს -საფრთხეს წარმოადგენს თუ არა ის, ყავს თუ არა დაზარალებული, როგორ იქცეოდა და ა.შ. გეტყვით გერმანიის მაგალითს: სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ციხის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მიმართავს სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა ამ კანონზე და ეს პრაქტიკა დაუწუნა გერმანიას, რის შემდეგაც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა რეკომენდაცია და დაავალა ციხეებს, რომ მსგავსი პატიმრებისთვის უკეთესი პირობები შეექმნათ და საუბარიც არ ყოფილა განთავისუფლებაზე. თუმცა, არავის უთქვამს, რომ გერმანიაში დემოკრატია არაა.

 

- როგორც ცნობილია, აქტირების კომისია, რომელსაც ხანდაზმულ და ავადმყოფ პატიმართა საქმეების განხილვა ევალება, წინა წლებში, პრაქტიკულად არ მუშაობდა, რამდენად ეფექტურად მუშაობს ახლა?


- ეს არის ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტორების ერთობლივი კომისია. ეს კომისია იყო აბსოლუტურად უფუნქციო. კომისიამ ჩვენამდე სამი წლის განმავლობაში, არც ერთ ავადმყოფი პატიმარი არ გაანთავისუფლა, მხოლოდ 14 ადამიანი გაანთავისუფლა ხანდაზმულობის გამო. ჩვენს პერიოდში, ამ კომისიამ 104 მსგავსი პატიმარი გაანთავისუფლა. ამასთან, დავამატეთ კრიტერიუმები, მაგალითად, თუ ადამიანს არ აქვს ერთი რომელიმე მძიმე დაავადება, მაგრამ აქვს დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც ჯამში არის მძიმე, ახალი დებულებით, მას ეხება განთავისუფლება.

 

- გასულ წელს რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო: კორტავას, ძველაიას, ასევე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პატიმრის, რომელიც სამინისტრომ ექიმების შეცდომით ახსნა... ზოგიერთები ციხეებში წამების შემთხვევებისა თუ მაყურებლების შესახებაც საუბრობენ. ომბუდსმენსაც აქვს გარკვეული რეკომენდაციები მსგავს საკითხებზე.

 

- პირდაპირ ვიტყვი - არც ერთი წამება არ ყოფილა! ბოლო ფაქტიდან დავიწყებ. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი კვდება ექიმის შეცდომის გამო. ამას ვერავინ გამორიცხავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქირურგმა დასვა დიაგნოზი, რომ არსებობდა მწვავე მუცელი და საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევას, მერე მისი სამუშაო საათი დასრულდა და ვინც მოვიდა, იმან ყურადღება არ მიაქცია ან ვერ მიხვდა რა სჭირდა. ამ საქმეში, ოთხი ადამიანის დისციპლინური თუ სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება და ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს. ამით ვაღიარებ, რომ არის ხარვეზი, მაგრამ ეს არაა პოლიტიკა, რაც ადრე იყო, არამედ შეცდომა, რაც სამოქალაქო საავადმყოფოებშიც შესაძლოა მოხდეს. ჩვენი პოლიტიკა - მსგავსი დანაშაულის მკაცრად დასჯაა. კორტავას შემთხვევაში, ის ავტორიტეტები თუ მაყურებლები, ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი ჩვენს დროს დაჭერილები არ არიან. სამწუხაროა, რომ ინციდენტის აცილება ვერ მოხდა. მაგრამ კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცა ყველა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობდა ამაში. თავიდან ციხის ადმინისტრაციიდან ჩვენი შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რისთვისაც დოკუმეტების გაყალბების გამო, ისინიც დაისაჯნენ. არასრულწლოვან ძველაიას შემთხვევაში, ექსპერტიზამ ცალსახად გამოავლინა სუიციდის შემთხვევა, მაგრამ თუკი ოჯახს ისევ ეეჭვება რაიმე, თანახმა ვარ, მსოფლიოს ნებისმიერი ექსპერტიზაზე გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება.

 

- გამოდის მაყურებლები ისევ არიან? ამბობენ, რომ დღესაც მათით იმართება ციხეები.

 

- მაყურებლები მსოფლიოს ყველა ციხეში არიან. ჩვენ არ გვითქვამს ნაციონალების მსგავსად და თვალებში ნაცარი არ გვიყრია, რომ ისინი არ არიან. ვამბობთ: არიან, მაგრამ ვებრძვით! თუმცა, მათი გავლენა ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩვენ რომ ძველი სისტემით ვმართავდეთ, ამდენი პატიმარი კანონის რომელიღაც მუხლის გაუქმების მოთხოვნით, შიმშილობას ვერ გამოაცხადებდა. ვეტყოდით, რომ გაეუქმებინათ და ეგრეც იქნებოდა. მაგრამ მათი ძალაუფლება და გავლენები იფუშება იმიტომ, რომ მათ ადმინისტრაციასთან კავშირი არ აქვთ, როგორც ეს იყო უწინ. უფრო მეტიც, ავტორიტეტებს ჩვენ ავუკრძალეთ ასევე ე.წ "აბსლუგის"(მომსახურე პატიმრები) თანხის მიღებაც და ეს მკაცრად კონტროლდება. ამ ფულის ნახევარი ავტორიტეტების შემოსავალი იყო. ე.წ. "აბსლუგის" ბრიგადირებს, ზოგჯერ 8-10 ათასი ლარი ქონდათ თვეში შემოსავალი, რომელიც უგროვდებოდათ პატიმრების მიერ დალაგებაში, საჭმლის დარიგებაში, მაღაზიაში გაგზავნასა და ა.შ. გადახდილი თანხებით. დღეს ეს ე.წ. "აბსლუგა" ხელფასს იღებს, რისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 1,5 მილიონი ლარი, რომლის გაღებაც ღირს, ამ მანკიერ სისტემასთან საბრძოლველად. პარლამენტარმა უმცირესობიდან, აკო მინაშვილმა ერთხელ დაასახელა ე.წ. მაყურებლების გვარები, რომლებიც თითქოს ციხეებს მართავენ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს გვარები, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ არსებობდა, ერთ-ერთი მათგანი ამ განცხადების მერე პრეზიდენტმა შეიწყალა, ხოლო რამდენიმე მათგანი უკვე დასჯილი და ცალკე გადაყვანილი იყო.

 

-ზოგჯერ პატიმრების მიერ დროული ან ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების შესახებაც გაისმის პრეტენზია.

 

- ამას წინათ, მედიამაც გააშუქა პატიმრის  და მისი ოჯახის პრეტენზია იყო, რომ მას არ ვუტარებდით ტუბერკულოზის მძიმე ფორმის მკურნალობას და ოპერაციას. როცა პატიმარმა აგაიგო, რომ მას არ დაუდგინდა ტუბერკულოზი და არ საჭიროებდა არანაირ ოპერაცია, რათა დარჩენილიყო საავადმყოფოში, გადაყლაპა "მპ-3 პლეერი". სტატისტიკით, გასულ წელს, 5650 პატიმარი გადავიყვანეთ სამკურნალოდ, მოსვლის დღიდან დღემდე კი, ჯამში, 8 ათასამდე პატიმარი. წინა წლებში, 22-24 ათასი პატიმრის არსებობის პირობებში, ეს ციფრი 420-დან 1280-მდე მერყეობდა. თუ სხვადასხვა წლებში, ყოველ 10 ათას კაცზე კვდებოდა 100-ზე მეტი ადამიანი, შარშან ეს ციფრი აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ჩამოვიდა 25-მდე, პროცენტულ მაჩვენებლებში კი ეს ციფი კიდევ უფრო დაბალი - 22 ადამიანია.

 

უწინ, გამოყოფილი თანხები პატიმრების ჯანმრთელობას არ ხმარდებოდა. წლის ბოლოს, როცა ერთ-ერთ კლინიკას პატიმრების მკურნალობის საკმაოდ სოლიდური თანხა გადავურიცხეთ, ვერ იჯერებდნენ, რომ "ატკატს" არ ვთხოვდით. ნაციონალების დროს, სპეციალურად აგროვებდნენო დიდ დავალიანებებს, რის შემდეგაც ან აღარ გვირიცხავდნენ, ან თანხის 10-დან 20 %-მდე "ატკატი" იყოო, მაგალითად, მილიონიდან 150-200 ათასი უკან უნდა მიებრუნებინათ. ეს გამორიცხულია დღეს. ხშირად არის ხოლმე, პატიმრები ითხოვენ რაღაც წამლებს. იქნებ ასეთ დროს, ჟურნალისტმა უბრალოდ გადაამოწმოს რას ითხოვს, ექიმის დანიშნულება ნახოს და მიხვდება, რომ ამ წამლებს თუ მივცემთ: მოვკლავთ თუ ვაცოცხლებთ?! ხშირად პატიმრები ფსიქოტროპულ საშუალებებს ითხოვენ, ხან ტატუს მოცილებას, რაშიც თანხები გათვალსიწინებული არაა და როცა მსგავს რამეზე, ომბუდსმენის ოფისიდან მომდის რეკომენდაციები, რომ მსგავს ადამიანებს შევუსრულოთ მოთხოვნა, ეს არაპროფესიონალიზმის ნიშანია.

 

- ბევრი თქმულა და დაწერილა ნაციონალების დროს ციხეებში უვარგისი კვების შესახებ. მოხერხდა თუ არა ამ პრობლემის გამოსწორება?

 

-  წლიური კვება პატიმრების ჯდებოდა 26 მლნ ლარი, მაგრამ ნებისმიერ პატიმარს კითხეთ, რას ჭამდა? დღეს იგივე ფასი ჯდება კვება, მაგრამ ყველა ჭამს ხარისხიანს და საჭმელიც მოცულობითად მეტია და ხარისხიანია. ვერ გამოვრიცხავ, რომ მას ერთი სოსისი არ დააკლეს, რადგან ეს ქვედა დონეზე ყოველთვისაა, რაც ვერ მოისპობა, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ. კორუფცია მაშინ არაა საშიში, როცა ის ადმინისტრაციამდე არ მიდის და ებრძვი. ჩვენამდე პატიმრების კვების თანხიდან ნახევარი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. ეს ერთი ბიზნესი იყო - ციხეებში გახსნილი ქონდა მაღაზიები ისევ იმას, ვისაც კვება ეხებოდა, და ამ მაღაზიებში ყველაფერი 2-3 ჯერ ძვირი იყო. ის მშიერი ადამიანი, იძულებული იყო იქ ეყიდა. წარმოგიდგენიათ, რომ მარტო ახალ წელს, ვაჭრობა 4-5 მილიონზე ადიოდა. ხოლო ის საკვები, რომელსაც პატიმრები ვერ ჭამდნენ, ისევ ციხის დირექტორებს მიქონდათ საკუთარი ფერმებისთვის. ამდენდონიანი კორუფცია იყო მარტო ერთი კვებიდან. 2 წლის წინ რომ პატიმრებისთვის გიორგობაზე ქათმის ბარკალი შეუტანიათ, დღემდე ახსოვთო - თანამშრომელმა მითხრა ახალი დანიშნული ვიყავი. დღეს, ციხეებში კვირაში 5-ჯერ არის ხორცი და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

 

- რეფორმა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებთ.

 

- წელიწადია ვმუშაობთ "ც" ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე, როგორც ციხეებში, ასევე სამოქალაქო სექტორში, რასაც მალე შეიტყობთ. თუკი მანამდე "ც" ჰეპატიტზე მიდიოდნენ სტრასბურგში და მოგების შემთხვევაში, ნაცვლად მკურნალობისა, უშვებდნენ და მერე ეს ადამიანები გარეთ იღუპებოდნენ. ამიერიდან სახელმწიფო აიღებს მკურნალობაზე ვალდებულებას. ასევე, სიუციდის სერიოზულ პრობლემაზე ავამუშავეთ და კვლავ გავაგრძელებთ პრევენციის პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან ფსიქოლოგები და ექსპერტები. შარშან 80-მდე ადამიანი გადავარჩინეთ, დროულად მისწრებით, მაგრამ მოხდა თვითმკვლელობის 5 შემთხვევა, რაც შემცირებული სიკვდილიანობის ფონზე მაღალ მაჩვენებლად გამოჩნდა.

 

ასევე, საკანონმდებლო პაკეტი უკვე შესულია პარლამენტში, რომელიც პატიმრების კლასიფიკაციას საფრთხის მიხედვით და შესაბამისად, დაწესებულებათა კლასიფიკაციას ითვალისწინებს. მაღალი რისკის დაწესებულებებში მოხვდებიან მაღალი რისკის პატიმრები. მაყურებლებად და ავტორიტეტებად ცნობილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იქნებიან დახურულ მკაცრ რეჟიმში. დაბალი რისკის დაწესებულებაში კი იქნება სამუშაო ადგილები, პროფესიული სასწავლებლები და ეს რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ადამიანებს ექნებათ შანსი წელიწადში 9-ჯერ ქონდეთ ოჯახთან 24-საათიანი პაემანი, 6-ჯერ კანონით გათვალისწინებული, ხოლო 3-ჯერ ციხის ადმინისტრაცია წაახალისებს კარგი ქცევის შემთხვევაში. მაღალი რისკის პატიმრებისთვის კი იქნება მოკლევადიანი პაემნები მხოლოდ ტელეფონით და პირობები ბევრად უფრო მკაცრი. ამავე კანონით, საკნის ფართი გაუტოლდება ევროპულ სტანდარტს. ასევე კანონში შეგვაქვს, თუ რა სპეციალური საშუალებების გამოყენება შეიძლება პატიმრებთან მიმართებაში, რაც დღემდე არ არსებობდა. ეს არის უახლოესი გეგმების არასრული ჩამონათვალი.

 

 

* TSpress-ი მომავალში ინტერვიუებს სხვა მინისტრებთანაც გეგმავს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED