ბასილ კობახიძე - უკვე მრავალი წელია, საქართველოს ეკლესია, ადამიანებს გაუკუღმართებულ ქრისტიანობას ასწავლის

2014.01.07 ავტორი: TS

თეოლოგი ბასილ კობახიძე დედა პარასკევას მოწოდებით მამა გაბრიელის საფლავზე საქართველოს ყველა კუთხიდან მორწმუნეთა მიზღვავებას "რელიგიურ ისტერიას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საერთო არ აქვს ქრისტიანულ რწმენასთან. ის ამ ყველაფრის უკან მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ხედავს, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირებენ.

მისი განცხადებით, ამ ყველაფერს ახლავს ცინიზმი, რაც ჩანს თავად დედა პარასკევას მიერ რამდენჯერმე შეცვლილ განცხადებასა და თავად საპატრიარქოს მიმართვაში, სადაც ნათქვამია რომ „ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა“. ხოლო საპატრიარქოს განცხადება დიდი დღესასწაულებზე ეკლესიაში „მადლის ტრიალის“ შესახებ, საერთოდ არ შეესაბამება მართლმადიდებელ თეოლოგიას.

 

კობახიძის თქმით, რელიგიური ისტერიის ეს დიდი მასშტაბები აჩვენებს, თუ რამხელა ნეგატიური, ირაციონალური გავლენა აქვს ეკლესიას მოსახლეობაზე.

 

„ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი კაციც, ბერი გაბრიელი, დააყენონ საფლავში. შექმნეს მისგან კულტი და ახლა მისით მანიპულირებენ. აქ მარტო მამა გაბრიელი არ არის, უამრავი კულტი არსებობს საქართველოში და რუსეთში უფრო მეტია. საქართველოში ბევრი კულტია, მაგალითად, როგორიცაა: წმინდა კალმახები, წმინდა წყაროები, წმინდა ქვები, ღვთის რჩეული ქათამი, რომელმაც თავი მოიკლა, მაგრამ დატოვა ღვთაებრივი კვერცხი, წმინდა გიორგის შავი ხელი, რომელიც ხანდახან გამოჩნდებადა ურტყამს კბილებში ადამიანებს და ა.შ ასეთი სისულელეები,“- ამბობს ის TSpress-თან საუბარში.

 

"მცხეთის ისტერია", ბასილ კობახიძეს აგონებს, 2001 წელს, ქალბატონ გულნარას „გამოცხადებას“, რომლის მიხედვითაც მას ღვთისმშობელი გამოეცხადა მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა და საქართველოში უდიდესი განსაცდელის შესახებ აუწყა და მისი გამოცხადების ადგილას - მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა ბრძანა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მორწმუნეებს ეს დააჯერეს და მათ დაიწყეს მახათას მთაზე შეკრება, სასულიერო პირები მაშინვე სათავეში ჩაუდგნენ ამ მოძრაობას, შემოღობეს ტერიტორია და იქ ქალების შეშვება აკრძალეს. არ შეუშვეს თვით ქალბატონი გულნარა, რაც მან გააპროტესტა, რის შემდეგაც ეკლესიამ ის იქაურობას ჩამოაშორა. მანამდე კი ქალბატონი გულნარა დიდ პატივში იყო საპატრიარქოში, მისი ფოტო ხატების გვერდზე მუდმივად ედო მრავალ მორწმუნეს.

 

მისი თქმით, რამდენიმე მღვდელმა ამ ბოლო დღეების მცხეთის ამბები გააკრიტიკა, დასცინა მრევლს, რაც, მისი თქმით, არის უნამუსობა.

 

"თვითონ არიან ამის შემოქმედნი და მერე თავადვე დასცინიან ხალხს. თან ზოგიერთი მათგანი არის ცნობილი ექსტრემისტი რომლებიც მონაწილეობდნენ არმენოფობიურ გამოსვლებში, მოუწოდებდნენ სისხლისღვრისაკენ, ასევე მედიის საშუალებით ამართლებდნენ 17 მაისის დარბევას, მათგან ასეთი ქილიკი და დაცინვა, იმ ეკლესიის მიერ ასე გაწვალებული ადამიანებისა, რომლის სასულიერო პირებიც არიან, არის ცინიზმის გამოვლინება საპატრიარქოს მხრიდან"-აცხადებს ბასილ კობახიძე.

 

მისი თქმით, უკვე მრავალი წელია საქართველოს ეკლესია, ადამიანებს ასწავლის გაუკუღმართებულ ქრისტიანობას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სახარებასთან და თეოლოგიასთან. კობახიძეს მიაჩნია, რომ საპატრიარქომ შექმნა თავისი რელიგია, რომელიც ფსევდოქრისტიანულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.

 

"სამწუხაროდ, საპატრიარქოს წყალობით, რელიგიური სიბნელე ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილშია მოდებული მეტ-ნაკლები სიმძაფრით. აგრეთვე ადამიანებს აქვთ მერკნატილური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, რაც განპირობებულია პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა მიზეზებით. ჩემი აზრით, სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საპატრიარქოს დღეს საქართველოში ამხელა გავლენა აქვს. თვითონ ეკლესიას არ აქვს და არც ჰქონია არც იმის ინტელექუალური ან სხვა რაიმე რესურსი, რომ ასეთუ უზარმაზარი გავლენა მოეპოვებინა საზოგადოებაზე, მაგრამ ამაში მას სწორედ სააკაშვილი და მისი პოლიტიკამ დაეხმარა. ვერც ერთი პრორუსული ძალა ვერ გააკეთებდა დასავლური ღირებულებების მსგავს დისკრედიტაციას, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახერხეს, რითაც შეუქმნეს ნოყიერი ნიადაგი საპატრიარქოს ჰქონოდა ობსკურანტულის გავრცელების.“

 

კობახიძეს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის რელიგია გახდა ანტიქრისტიანობა, და როცა ხდება ამ ანტიქრისტიანობის კრიტიკა, მორწმუნეები ღიზიანდებიან და აცხადებენ, რომ კრიტიკოსები მათ რწმენას შეურაცხყოფას აყენებენ.

 

"ეს არის იმ თეოლოგიური უდაბნოს შედეგი, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და იმ რელიგიური უნამუსობისა, რომელიც არის ყოველი კონკრეტული მღვდლისათვის დამახასიათებელი დღეს"- ამბობს ის.

 

ბასილ კობახიძეს, სასულიერო პირთა მხრიდან უმაღლესი ცინიზმის გამოვლინებად, რამდენიმე დღის წინ, მიუსაფართა კარვებში მყოფთა მონათვლაც მიაჩნია.

 

"მღვდლები მივიდნენ და მონათლეს იქ მყოფი რამდენიმე მიუსაფარი და განაცხადეს: სახელმწიფო ეხმარება მათ მატერიალურად ხოლო ჩვენ სულიერადო. თვითონ ვერც ხვდებიან რამხელა ცინიზმი და უნამუსობაა. საპატრიარქოს გასდის ყველაფერი, ასეთი გაწვალება ხალხის მათ გაუვათ მომავალშიც, როგორც გაუვიდათ არასამთავრობოებებისთვის უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფრის გაკეთების აკრძალვა და, როგორც ვიცი, ორი მიუსაფარი ადამიანი კიდეც გაიყინა და გარდაიცვალა"- აცხადებს ის.

 

შეგახსნებთ, რომ მესამე დღეა, მცხეთაში შესასვლელ გზებთან პოლიციაა მობილიზებული. ისტორიულ ქალაქში მოსახლეობა თითქმის ყველა რეგიონიდან ჩადის და წმინდანის საფლავზე ლოცულობს. ხალხმრავლობა დედა პარასკევას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ვინც შობამდე წმინდანის საფლავზე მამა გაბრიელს ორ სურვილს შესთხოვს, ნატვრა აუსრულდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED