ფოთის მერმა მაჟორიტარის ბიუროს მერიაში განთავსებული ფართის დატოვება მოთხოვა

2014.01.06 ავტორი: TS

ფოთის მერმა, დავით სარსანიამ, მაჟორტარ ეკა ბესელიას ბიუროს ოფისის დაბრუნების მოთხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილში ნათქვამია, რომ ბიურომ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართის მოძიება და დააბრუნოს თვითმმართველი ქ. ფოთის საკუთრებაში არსებული ფართი, რომლითაც სარგებლობის ვადა გასული წლის 4 დეკემბერს ამოიწურა.

 

როგორც წერილის მიხედვით ირკვევა, ბიურო ფოთის მერიის მე-4 სართულზე განთავსებული 91 კვ. მ.(3 ოთახი) ფართით უსასყიდლოდ სარგებლობდა. აქედან ერთ-ერთს პირადად მაჟორიტარი მოსახლეობასთან და საკუთარ პარტიულ აქტივთან შეხვედრების გასამართად იყენებდა.

 

ფოთის მერი აღნიშნულს "სივიწროვით" ხსნის და მაჟორიტარის ბიუროს ფართით უზრუნველყოფას ვალდებულებად არ მიიჩნევს. მისი თქმით, მაჟორიტარის საპარლამენტო დაფინანსება, სრულიად საკმარისია ოფისის დასაქირავებლად. 

 

როგორც ბესელიას ბიუროს უფროსი ზურა ჩაჩუა აცხადებს, მათ ვადის გაგრძელების საკითხზე საკრებულოს მიმართეს, რის შემდეგაც საკრებულოსტან შეთანხმება შედგა და ამჟამად, გადაწყვეტილებაზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერას ელოდებიან.

 

შეტანხმებას უარყოფს საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია და აცხადებს, რომ ბიუროს მომართვის განხილვა ჯერ არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, საკრებულო ვადის გაგრძელების წინაააღმდეგია. "ხომ აქვთ დაფინანსება და იქირავონ ალტერნატიული ფართი. რატომ უნდა იყვნენ მერიაში?"- აცხადებს ცხვიტარია.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერსა და მაჟორიტარს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მერისა და მაჟორიტარის ურთიერთბრალდებები არ წყდება. მანამდე კი სარსანია მაჟორიტარის ფავორიტად ითვლებოდა და მის მერად დანიშვნას სწორედ ბესელიამ შეუწყო ხელი.

 

დაპირისპირება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერმა ბესელიას ბიუროს ავტომანქანის თვითმმართველობისთვის დაბრუნება მოთხოვა. ბესელიას თანაშემწე ზურა ჩაჩუას თვითმმართველობის კუთვნილი TOYOTA-PRADO სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული. აღნიშნული 80 ათას ლარად შეძენილი ავტომანქანა თვითმმართველობამ კუდ-ის გაუქმების შემდეგ დაიბრუნა. ბიურომ ავტომანქანით სარგებლობის ვადის გაგრძელება ითხოვა, რაზეც საკრებულომ უარი განუცხადა.

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარ ქონებას ადგილობრივი თვითმმართველობა განკარგავს. საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ არეგულირებს თვითმმართველობის ქონების განკარგვის წესებს. ამ კანონის მუხლი 19-ე მუხლის მიხედვით:

 

თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

 

თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

 

პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. 

 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს აღნიშნული ორგანოს გადასაწყვეტია და მას კანონი მაჟორიტარის ბიუროსთვის რაიმე ხარჯების გაწევას არ ავალდებულებს.

 

 

ამავე თემაზე:

 

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეულიToyota - Prado მერის "ბავშვობის მეგობარ" მოადგილეს გადაეცა

 

ფოთის ხელისუფლება სხვადასხვა უწყებებიდან დაბრუნებულ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ასხვისებს

 

საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED