პაატა ზაქარეიშვილი - „ბი-ბი-სი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილის კი არ ვეთანხმები, დავცინი

2014.01.04 ავტორი: TS

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ბი-ბი-სის“ რუსული რედაქციისთვის მიცემული ინტერვიუთი კმაყოფილია, რადგან წინასწარ ჰქონდა გათვლილი, რომ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს უშუალოდ აფხაზებს, ოსებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ესაუბრებოდა.

„მკაფიოდ და ცალსახად მინდოდა მეთქვა ის, რაც ითქვა და რამაც ასეთი კარგი, დადებითი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში, მათ შორის, საექსპერტო საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც შეეცვალა სახელი ჩემს სამინისტროს, ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტის საშუალება და პირობები და ეს იყო, გარკვეულწილად, პირველი გადადგმული ნაბიჯი. მე მართლა მინდა, გულწრფელად მინდა, აფხაზი და ოსი საზოგადოება დავინახო მხარეებად და ხალხად, ვისაც უნდა, საკუთარი ბედი გადაწყვიტოს ყოველგვარი რუსეთის ჩართულობის გარეშე. ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელია,“- განაცხადა ზაქარეიშვილმა „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემაში.

 

მინისტრის თქმით, „ბი-ბი-სი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილის კი არ ეთანხმება, დასცინის და ნათქვამით მის კრიტიკას განაგრძობს.

 

„დამერწმუნეთ, კარგად ვიცი, რა ხდება აფხაზ და ოს საზოგადოებებში, თვალყურს ვადევნებ „ფეისბუქზე“ მათ გვერდებს და ნამდვილად ვიცი, რომ ცოცხალი ინტერესი გამოიწვია ამ ინტერვიუმ. იმიტომ, რომ მკაფიოდ ვაგრძნობინეთ მათ, რომ ან ისინი ერთვებიან თავიანთი ბედის გადაწყვეტაში, ან - ვხედავთ, რომ მათ არ შესწევთ უნარი, დაინახონ ის შანსები, რასაც აძლევთ საქართველო ევროპის კონტექსტიდან გამომდინარე,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პაატა ზაქარეიშვილმა „ბი-ბი-სის“ რუსულ რედაქციასთან საუბრისას აფხაზებსა და ოსებთან დაკავშირებით განაცხადა:

 

„როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ მათთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს, რომ ისინი არ არიან მხარე და მხოლოდ რუსეთის მარიონეტები არიან, ეს მათ გაბრაზებას იწვევდა. ახლა, როდესაც ჩვენ ურთიერთობებს ვთავაზობთ, ისინი წინაპირობებს გვიყენებენ. იცით, მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. მე ეს არ მინდა, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტენ და მოლაპარაკებები პირდაპირ მოსკოვთან მოგვიწევს. ეს ის შედეგი არ არის, რომლის მიღწევაც გვინდა."

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED