ომბუდსმენის სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეკომენდაცია

2014.01.04 ავტორი: TS

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ფოთის მერს, დავით სარსანიას მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. მას მიაჩნია, რომ ფოთის მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის, რატი კვანტრიშვილის გათავისუფლებით დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და მერს დარღვეული უფლების აღსადგენად, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართავს.

საქმე ეხება შპს "ინფრასტრუქტურა 2008"-ს დირექტორის რატი კვანტრიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დანიშნულმა მერმა გასული წლის 18 თებერვალს დანიშნა და 29 აგვისტოს საკუთარი ბრძანებით გაანთავისუფლა.

 

ბრძანება კვანტრიშვილმა უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გასული წლის 12 დეკემბერს, სასამართლომ კვანტრიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ფოთის მერის # 503 ბრძანება რატი კვანტრიშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, კანონიერია.

 

გათავისუფლების მიზეზად, ფოთის მერმა კვანტრიშვილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. მისი თქმით, ქალაქის მასშტაბით ვერ ხდებოდა ნაგვის დროულად გატანა, მოხეტიალე პირუტყვის იზოლირება და ა.შ მერის განცხადებით, კითხვები ფირმის ფინანსურ საკითხებშიც იყო. 

 

რატი კვანტრიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სამსახურში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომელმაც რიგი ფინანსური დარღვევები გამოავლინა. დარღვევები წინასწარ აღებულ ხელფასებსა და გახარჯულ საწვავს ეხება. როგორც აღმოჩნდა, შპს-ს ყოფილ დირექტორს საწარმოს მიმართ 11 290 ლარის 50 თეთრის დავალიანება გააჩნია. აქედან 2400 ლარით, სამსახურს გარკვეული ნივთები უნდა ქონდეს შეძენილი, რაც არ მოინახა.

 

ომბუდსმენი კი მიიჩნევს, რომ სამსახურის მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება თავად თვითმმართველობამ გამოიწვია.

 

"მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მიჩნეული იქნა ის ფაქტი, რომ 2013 წლის 1 ივლისს 13:40-14:30 საათზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ იყო გატანილი სარსანიასა და ელადას ქუჩებიდან. ასევე, 4 ივლისს 12:30 საათზე ქალაქის ნაგავსაყრელზე არ მუშაობდა ტრაქტორი და არ ხდებოდა ნარჩენების გაუვნებელყოფა.

 

რატი კვანტრიშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაგავმზიდი მანქანები გამოსული იყო მწყობრიდან და საჭიროებდა შეკეთებას, რის თაობაზეც მან არაერთხელ მიმართა მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ 2013 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ივნისში და ივლისში „ინფრასტრუქტურა 2008“-ის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და გაუვნებელყოფის მომსახურების ხარისხი და საბოლოო შედეგი მისაღები იყო თვითმმართველი ქალაქ ფოთისათვის"- წერია ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ რეკომანდაციაში.

 

მერის მტკიცებით კი, "ინფრასტრუქტურა-2008" მომგებიანი შპს-ა და შემოსავლების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვის შემთხვევაში. მას ბიუჯეტიდან დამატებითი სუსიდირება არ უნდა დასჭირვებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ სარსანიასა და კვანტრიშვილის ურთიერთბრალდებებს წინ უძღოდა მაჟორიტარს, ეკა ბესელისა და ფოთის მერს შორის არსებული დაპირისპირება.

 

კვანტრიშვილმა მერის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, როგორც ის განმარტავდა, მერი მას თანამდებობის დატოვებას ზეწოლის გზით აიძულებდა. სარსანია კი აცხადებდა, რომ მერია კანონის თანახმად, მის მიერ დაფუძნებული ფირმის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს.

 

მოგვიანებით, შსს ანტიკორუფციული დეპარტამენტის ფოთის განყოფილებამ, ქალაქის 113 ერთეული განთების ბოძის (28 ტონა)  ქურდობის ფაქტზე კვანტრიშვილი მოწმის სტატუსით დაკითხა, რაზეც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ რატი კვანტრიშვილი ეკა ბესელიას კადრია. ის ფოთში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოვიდა და ბესელიას საარჩევნო შტაბში მუშაობდა.

 

მის დანიშვნამდე, "ინფრასტრუქტურა 2008"-ის დირექტორის ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა. თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მან საკუთარი ბრძანების საფუძველზე, ორი თვის მანძილზე, ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა.

 

ოპონენტების კრიტიკის, ფაქტის გასაჯაროვებისა და გუნდის წევრებისგან მიღებული შენიშვნის შემდეგ, მან ხელფასი საწყის ოდენობამდე  შეიმცირა. 

 

გაზრდილ ხელფასთან ერთად, ფოთის მერის, დავით სარსანიას გადაწყვეტილებით, რატი კვანტრიშვილს ძვირადღირებული Volkswagen Jetta- ს მარკის ავტომანქანაც გადაეცა, თუმცა თავდაპირველად მანქანის გადაცემის რაიმე იურიდიული საფუძველი დოკუმენტურად არ არსებობდა.  დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით კვანტრიშვილს მანქანა ჩამოართვა.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს ფინანსურ დარღვევას ედავებიან

 

ბესელიას პროტეჟეების ურთიერთბრალდებები

 

ბესელიას გუნდის წევრების დაპირისპირების გამო დაზარალებული მოსახლეობა [ Photo]

 

განათების გამქრალ ბოძებზე გამოძიება დაიწყო

 

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

 

პრეზიდენტი ბესელიას გუნდის წევრის კრიმინალზე საუბრობს [Video]

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED