სოზარ სუბარი - გასულ წელს სამი ბინა არ შემიძენია

2014.01.04 ავტორი: TS

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ინტერნეტგამოცემა "გურიანიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "შეცდომას" უწოდებს და აცხადებს, რომ გასულ წელს, ბანკის კრედიტითა და დანაზოგით შეიძინა მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა, რაც მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია.

ინტერნეტგამოცემის მიერ მინისტრის განმარტების გარეშე გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მინისტრმა 2013 წელს შეიძინა სამი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა: ამხანაგობა "ისნის სავანის" ბინაში გადაიხადა 12 468.00 დოლარი; მეორე საცხოვრებელი ბინა შეიძინა სესხით 140 000.00 დოლარად, ხოლო მესამე - 190 000.00 დოლარად. 

 

სუბარი განმარტავს, რომ გასულ წელს, მან 190 ათას დოლარად მართლაც შეიძინა 187,9 კვ.მ. ბინა სულხან ცინცაძის #49-ში, რისთვისაც 140 ათასი დოლარი სესხის სახით "ქართუ ბანკიდან" აიღო. დარჩენილი თანხა კი საკუთარი დანაზოგითა და ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით დაფარა.

 

მინისტრის განმარტებით, 2005 წელს, სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში, დადო ხელშეკრულება ამხანაგობა "ისნის სავანესთან" და 124 კვ.მ ბინას დოდაშვილის #18-ში იშენებდა. სტატიაში მითითებული შენატანიც (12 468.00 დოლარი) ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წელიწადში გადაიხადა. აღნიშნული მშენებარე ბინის შესახებ, 2006-დან 2013 წლის ჩათვლით, სუბარის ყველა  დეკლარაციაში მითითებულია. 

 

მისი განცხადებით, "ისნის სავანის" ბინის მშენებლობა წლებია შეჩერებულია და მხოლოდ ახლახან განახლდა. სუბარი აღნიშნული ბინის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხით, ახალი ბინის საფასურის ნაწილს დაფარვას გეგმავს.

 

"მანამდე მე და ჩემი ძმა ერთ ბინაში ვხოვრობდით, რომელიც დავუტოვე ძმას და მე გადავედი ახალ ბინაში"- აცხადებს მინისტრი TSpress-თან საუბარში. ბინის გაჩუქება ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია.

  

მინისტრის ინფორმაციით, მის ქონებრივ დეკლარაციაში შეცდომითაა მითითებული გასულ წელს მხოლოდ 11 389 ლარის შემოსავლის მიღების შესახებ. მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 6 300 ლარს შეადგენს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED